საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავყრილობებზე და ხალხმრავალ ადგილებზე წასვლისგან თავი შეიკავონ.

ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების ფონზე, დაბადების დღეს არ აღნიშნავს და მოსახლეობას მისგან მაგალითის აღებისკენ მოუწოდებს.

“უნდა შევიგნოთ, რომ არც დაბადების დღის, არც სამწუხაროდ, ქელეხისა და ქორწილის გადახდის დრო არ არის. ეს ყველაფერი ცოტა ხნით უნდა გადავდოთ და შემდეგ უფრო ბევრად სხვაგვარად გადავიხდით ყველაფერს. დღეს არა! დღეს არც მეგობრებთან არ უნდა შევიკრიბოთ! ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი მეგობრების მიმართ, რათა მათ არ შევუქმნათ საფრთხე, რადგან დღეს ნებისმიერი ჩვენგანი, ისე რომ შეიძლება არც ვიცოდეთ, ვიყოთ ვირუსის გადამტანი, ასე რომ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ახლობლებს, ოჯახს, მეზობლებსა და ჩვენი ქვეყნის ყველა მკვიდრს, ჩვენ ყველაზე ვართ პასუხისმგებელნი – მე, პირველ რიგში და თქვენ, ჩემთან ერთად! მინდა ყველას, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ, გაგამხნევოთ, ეს მხოლოდ დროებითია, მაგრამ ის დრო რაც გასავლელია, ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ ძლიერები გამოვალთ იმ განსაცდელისგან, თუკი ამ საკითხს, როგორც ინდივიდუალური და ისე, კოლექტიური პასუხისმგებლობით მივუდგებით. ხვალინდელ დღეზე პასუხისმგებლობა კი ყველას ეკისრება, ეს უნდა შევიგნოთ და ეს ტვირთი ყველამ ერთად უნდა ვატაროთ! ძნელია, მომავალ დღეებში კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ საბოლოო გამარჯვება ჩვენი იქნება, თუ ერთად შევძლებთ მოვიქცეთ, როგორც ცივილიზებული ქვეყანა, უაღრესად ცივილური და პასუხისმგებლიანი ერი! მე ეს მჯერა, მჯერა თქვენი და საკუთარი თავის! ერთად ჩვენ შევძლებთ”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა.

361 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი