დაბადების წამიდან ყოველი რთულად აგებული ცოცხალი არსება გამოხატავს ემოციას, ემოცია შინაგანი ბიოლოგიური პროცესის შემდეგ უკვე გარეგან რეაქციას წარმოადგენს, ადამიანი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. არსება რაც უფრო რთულია, მით უფრო უამრავი პროცესი უძღვის წინ ემოციის გამოხატვას.
ალბათ ყველას აინტერესებს რა დანიშნულება აქვს  ემოციებს.

პირველ რიგში ვიტყვი თუ რა არის ემოცია:
ემოცია არის ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა  გარესინამდვილესა და თავისი თავისადმი ინდივიდის დამოკიდებულების განცდა. ეს არის ინდივიდის მდგომარეობა. ის უფრო სუბიექტურია, ვიდრე სხვა ფსიქიკური პროცესები.  ემოციებს გააჩნიათ ობიექტი. ისინი ამ ობიექტისადმი ჩვენს დამოკიდებულებას ასახავენ.

ემოციის თვისება:

1.ემოციების ერთ-ერთ ძირითად განსაკუთრებით შემეცნებითი პროცესებისაგან განმასხვავებელ თავისებურებას მათი სუბიექტურობა შეადგენს. იგი თვით სუბიქტის შინაგან მდგომარეობას გამოხატავს.

2.ემოცია სუბიექტურია სხვა მნიშვნელობითაც  მისი შინაარსი დამოკიდებულია სუბიექტის პიროვნების მდგომარეობაზე.

3.ემოციების სპეციფიკურ თვისებას მათი პოლარული ხასიათი შადგენს, ყოველი გრძნობა დადებითია ან უარყოფითი,  სიამოვნების ან უსიამოვნების ელფერს ატარებს. ყველა ემოციას ინტენსივობის რაღაც ხარისხი გააჩნია. ემოციები დიდად განსხვავდებიან ხანიერებით, ზოგი ემოცია ძაალიან სწრაფმავალია, ხოლო ზოგი მათგანი წლების განმავლობაში გრძელდება. ემოციის ექსტენსივობა ეწოდება მის გავრცელებულობას სუბიექტში. ზოგი ემოცია განსაკუთრებით დიდი ექსტენსივობით ხასიათდება. იგი მოიცავს მთელს პიროვნებას. ემოცია და გრძნობა –  კლასიკურ ფსიქოლოგიაში ანსხვავებენ ამ ორ მცნებას. ემოციაში იგულისხმება სუბიექტის მთლიანობითი განცდა, შიში, მწუხარება, სიხარული და ა. შ. ანსხვავებენ მარტივ და რთულ გრძნობებს. მარტივს უწოდებენ გრძნობებს, რომლებსაც  იწვევს საგნის სენსორული თვისება, სილამაზე, საზიზღარი გემო, უსიამოვნო ხმა. რთული გრძნობებია, რომლებიც უფრო შინაარსეული მოვლენითაა გამოწვეული, სურათის აღქმით, საინტერესო ინფორმაციით.

ანსხვავებენ 4 სახის გრძნობას : 1. ესთეტიკური გრძნობები სილამაზის განცდას გულისხმობს ხელოვნებაში, ბუნებაში.  2. ინტელექტუალური  ის გრძნობებია, რომლებიც შემეცნებით პროცესთანაა დაკავშირებული მაგ: გაკვირვება, ცნობისმოყვარეიბა, ეჭვი, ის უნიკალური განცდაა, რომელლიც ეუფლება მეცნიერს, ძნელი პრობლემის გადაჭრის მომენტში. 3. მორალური გრძნობები აღმოცენდება საზოგადოებრივი ურთიერთობის პროცესში, ქცევა შეიძლება შეფასდეს, როგორც ამორალური, ან პირიქით ზნეობრივი და  განიცდება, როგორც სირცხვილის ან სიამაყის გრძნობა.  4. პრაქსილური გრძნობები (სიტყვა პრაქტიკიდან) წარმოადგენენ  მოქმედებაში მიღწეული წარმატების ან წარუმატებლობის უშუალო განცდას.

ემოციები და სხეულის ენა.
გავიმეორებ იმ ფაქტს და ხაზს გავუსვამ, რომ ემოციები ნამდვილად გამოიხატება ჩვენს სხეულზე.
მაგალითად: უკმაყოფილება არის ერთ-ერთი იმ ემოციათაგან, რომელსაც უნდა ერიდო. უკმაყოფილება გამოიხატება ტუჩის ცალი მხრის მაღლა აწევთ. იგი შეიძლება იყოს, როგორც მარჯვენა ისე მარცხენა მხარეს და იგი ტოვებს ირიბი ღიმილის შთაბეჭდილებას. ემოცია წამოიჭრება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ ამ ადამიანს დაუსვამთ კითხვას ან ეტყვით ისეთ რამეს, რაც მასში იწვევს უკმაყოფილებას, არამედ ეს ემოცია შეიძლება ნიშნავდეს უკმაყოფილებას საკუთარი თავს შესახებ, მაგალითად, თუ მას გაახსენდება ისეთი რამ, რაც მასში მსგავს ემოციას იწვევს.

სიხარული არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ემოცია და მისი მახასიათებელია ღიმილი. ღიმილი იყოფა ორ ნაწილად: პირველი მათგანი წარმოადგენს ტუჩის უბრალო მოძრაობას, რომლის დროსაც მისი კუთხეები ზევითკენ იწევა, რაც მარტივი საკონტროლებელია და მარტივად შეიძლება იგი ცრუ იყოს, ხოლო ეს რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა, დავაკვირდეთ ლოყებსა და თვალის გარშემო ადგილს. თუ ლოყები ზევით აიწია და თვალების გარშემო ადგილები დანაოჭდა, მაშინ ეს ღიმილი ნამდვილია, მაგრამ ცრუ ღიმილიც არ ნიშნავს ტყუილს და იგი უბრალოდ ზრდილობიან ჟესტად შეიძლება ჩავთვალოთ.

ზიზღი არის ძალიან ცუდი ემოცია, შეიძლება ითქვას ყველაზე ცუდიც კი რომელიც შეიძლება იმ ადამიანის სახეზე დაინახვო ვისთანაც გაქვს კონტაქტი. ზიზღს ახასიათებს ის, რომ ამ ემოციისას ყველაფერი მიემართება წარბებს შორს წერტილისკენ, ესენია  – ცხვირი, წარბები და ტუჩი, მაგრამ ფარულ ზიზღს შეიძლება არ ახასიათებდეს ყველა ეს მოძრაობა ერთდროულად და შეიძლება გამოვლინდეს უბრალოდ ტუჩის ზევით აწევა ან წარბების ერთმანეთთან მიახლოება – ესაა ფარული ზიზღი. ზიზღის დანახვა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თქვენ მიმართ განიცდის ამ ემოციას. ზიზღი შეიძლება მიმართული იყოს ცუდი მოგონებებისკენ ან შეიძლება იყოს გარემო ფაქტორების ბრალი, შესაბამისად, ეს ემოცია შეიძლება შეამჩნიოთ იმ შემთხვევაშიც თუ მოსაუბრესთან ახსენებთ მისთვის რაიმე არასასურველს.

გაოცება არის ემოცია, რომელსაც ახასიათებს ერთი განსაკუთრებული რამ – მისი ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ერთ წამზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ხელოვნურადაა გამოხატული. გაოცებისას წარბები იწევა მაღლა, რასაც შეიძლება ასევე მოჰყვეს პირის გაღებაც, მაგრამ, ძირითად შემთხვევაში, ეს ემოცია მხოლოდ წარბების ზევით აწევით შემოიფარგლება. ასევე წარბების აწევა იწვევს თვალის გარშემო სივრცის გაფართოებას, რაც ასევე გაკვირვებას ახასიათებს.

ამ ემოციის გამოხატვისას მთავარი ყურადღება უნდა მივაქციოთ ტუჩების კუთხეებს, ნებისმიერ შემთხვევაში კუთხეების დახრა მოწყენას გამოხატავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სევდას განიცდის. ამ ემოციას ასევე ახასიათებს ქუთუთოების მოდუნება, რომლის დროსაც თვალის არე არის შევიწროვებული. ასევე, მოწყენის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფაქტორია ირიბი წარბები, რომელიც შეიძლება ძნელი შესამჩნევი იყოს.

ბრაზის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა შეკრული წარბები, როდესაც წარბები ერთმანეთთანაა მიახლოებული და ქვევითკენაა მიმართული. ბრაზის დროს ადვილი შესამჩნევია ქვედა ტუჩი, რომელიც წინ არის წამოწეული და მკვეთრადაა გამოკვეთილი.

სირცხვილის ემოციის გამოხატვის რამოდენიმე სახე არსებობს, მაგრამ ძირითადად იგი ხელის ან ხელების სახეზე აფარებით გამოიხატება, რაც ნიშნავს ადამიანის ნერვიულობასა და სირცხვილს.

ემოციათა აშლილობები აარონ ბეკის თეორიის მიხედვით. (ამერიკელი ფსიქიატრი)
„ადამიანის ემოციური რეაქციის თუ ემოციური დარღვევის ბუნება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი მოვლენებს, როგორც საფრთხის შემცველს, ახლის მომტანს, ხელმყოფს და ა.შ.“

ემოციური აშლილობიდან გამოარჩევენ რამდენიმეს: დეპრესია,შფოთვითი ნევროზი,პარანოიდული მდგომარეობა, აკვიატებული აზრები და მოქმედებები, ფსიქოზები და ისტერიული რეაქციები.

დეპრესია – დეპრესიის განვითარება იწყება პაციენტის მიერ დანაკარგის განცდით. დანაკარგი შეიძლება იყოს რეალური ან ჰიპოთეტური; ნებისმიერ შემთხვევაში, დანაკარგი განიცდება ზედმეტად მძაფრად, რაც აისახება ინდივიდის უნარებსა და შესაძლებლობებზე. ეს ყველაფერი ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის მე–კონცეფციაზე, ის საკუთარ თავს უიღბლოდ და არაფრის მაქნისად მიიჩნევს. საკუთარი თავის სხვა ადამიანებთან შედარება კიდევ უფრო დაბლა წევს მის თვითშეფასებას.

შფოთვა– ეს არის ემოცია, რომელიც წარმოიშობა შიშის დროს. შფოთვითი ნევროზის მქონე პაციენტებისთვის დამახასიათებელია შიში, რომ დაკარგავენ კონტროლს, რის შედეგადაც ჩნდება დამცირებულობის, შებოჭილობის, სევდის გრძნობები. ხშირად გვხვდება შიშები: კონტროლის დაკარგვა საკუთარ ორგანიზმზე, მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევის შეუძლებლობაზე, გარშემო მყოფებისათვის ზიანის მიყენებაზე.პაციენტს ამგვარი შიში სრულიად საფუძვლიანად მიაჩნია. მას არ შეუძლია ობიექტურად შეაფასოს შემაშინებელი აზრები.

პარანოიდული მდგომარეობა – პარანოიდული მდგომარეობა ხასიათდება უსაზღვრო ეჭვიანობით, უნდობლობით. ასეთი პაციენტები ყოველთვის არიან ფრთხილად.ყოველთვის ვარაუდობენ, რომ შესაძლოა სხვებმა მათ ზიანი მიაყენონ, ყველგან ხედავენ მტრებს. მათი აზროვნების ძირითადი თემაა: „მე მართალი ვარ, ისინი ცდებიან“. ისინი მიდრეკილები არიან საკუთარი თავი მიიჩნიონ მსხვერპლად სხვების ხელში და ვარაუდობენ, რომ ყოველთვის არიან მართლები.

აკვიატებული აზრები და მოქმედებები – აკვიატებული ეწოდება აზრებს მოქმედებების შესახებ, რომლებიც პაციენტების აზრით, აუცილებლად უნდა შესრულდეს ან პირიქით, არ უნდა შესრულდეს. რათა აკვიატებული აზრებისგან წარმოშობილი შფოთვა შემცირდეს პაციენტები ცდილობენ თავიანთი აკვიატებული ეჭვები მოქმედებაში მოიყვანონ, განახორცილეონ. პაციენტებს არ შეუძლიათ გაექცნენ ამ აზრებს.

ფსიქოზები – ფსიქოტურ რეაქციებში მოიაზრება ჰალუცინაციები, ილუზიები, უცნაური ქცევები, რეალობასთან კონტაქტის დაკარგვა. ფსიქოტური პაციენტების აზროვნებითი პროცესები ხასიათდება შემდეგი სპეციფიკით: იდეაცია; უცნაური გროტესკული, ექსტრემალური აზრები; პერსევერაციები; არარეალური აზროვნება; მოვლენების ობიექტურად შეფასების უუნარობა.
ისტერიული რეაქციები – ისტერია წარმოადგენს ფიზიკურ დისფუნქციას აშკარა ორგანული დაავადების ან ფიზიკური არასრულფასოვნების არ არსებობისას. ისტერიული პიროვნება დარწმუნებულია, რომ აქვს ფიზიკური დარღვევები და მას განიცდის კიდეც, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის შეხედულებებს საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობაზე.

 

მასალა მოამზადა: ხათო მაჭარაშვილმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

1, 594 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი