სიყვარულია ერთადერთი ამ სამყაროში, რომელიც მიღმიერი სამყაროდანაა შემოსული და რომელზეც ენტროპიის, ანუ განადგურების, გაციების კანონი ვერ მოქმედებს.

ის ყოველთვის მზარდია, განვითარებადია იმიტომ, რომ ის არის ღმერთიდან მომავალი უშუალოდ, ღმერთის ენერგიაა. ის სამოთხის დასაწყისია დედამიწაზე და სამოთხე კი მარადიულია.

სიყვარული ღმერთიდან მომდინარეა, იცით ეს რას ნიშნავს?

ადამიანებს შორის სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, არის არა ამ ადამიანებს შორის არსებული სუბიექტური განცდა, ესეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამ ადამიანებს გარეთ არსებული ცოცხალი არსება.

ვთქვათ, ბიჭს გოგო უყვარს. ქორწინდებიან, ოჯახს ქმნიან. დავუშვათ, ნამდვილი სიყვარულია. მაშინ მათ უნდა გაიაზრონ, რომ თუ ნამდვილი სიყვარულია, ამ სიყვარულის წყარო არის მათ გარეთ, ეს არის ცოცხალი ღმერთი. ამიტომაც ამბობს თომას ელიოტი, რომ სიყვარული იქ კი არ არის, სადაც ორი ერთმანეთს უყურებს, არამედ სიყვარული არის იქ, სადაც ორი მესამეს, ანუ ღმერთს უყურებს.

ქრისტიანულადაც ასეა. წარმოვიდგინოთ წრე, ცენტრში ღმერთია და ორი ადამიანი – გოგო და ბიჭი, ვთქვათ, ისინი წრეხაზის რომელიმე წერტილები არიან. ისინი თუ ღმერთისაკენ ისწრაფვიან, ერთმანეთსაც უახლოვდებიან. აქ საუბარი არ არის ფიზიკურ სიახლოვეზე, აქ საუბარია მათ სულიერ, სიღრმისეულ დაახლოვებაზე – რაც უფრო მეტად მიდიან ღმერთისკენ, უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს სულიერად და ბოლოს ხდება მათი შერწყმა, ანუ ცოლ-ქმრობა.

ცოლ-ქმრობა, ანუ ერთ არსებად ყოფნა, თავისი თავის რეალიზებას ახდენს მხოლოდ ქრისტეთი იმიტომ, რომ როცა ცოლი და ქმარი ღმერთისკენ ისწრაფვის, ხდება მათი არა მარტო ფსიქოსომატური დაახლოება, ანუ ფსიქოლოგიური და ხორციელი ერთობა, არამედ, ამასთან ერთად, ხდება ყველაზე მთავარის, მათი არსების ყველაზე სიღრმისეული ნაწილის სულიერი ერთობა, პიროვნული ერთობა. ოღონდ ეს შეუძლებელია, ღმერთისაკენ სწრაფვის გარეშე.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

850 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი