სოფია კვინიკაძე სამხრეთ კორეაში, ჩონბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საფეხურზე, კორეული ენის ფილოლოგიას სწავლობს.

როგორც თავად ამბობს, კორეული ენა და კულტურა ადრეული ასაკიდანვე შეუყვარდა. მას შემდეგ კორეაში სწავლა მიზნად დაისახა და დღეს იქ ერთ-ერთი წარმატებული ქართველი სტუდენტია.

სწავლის პარალელურად სოფია სოციალურ ქსელში აქტიურად აწარმოებს ვიდეო ბლოგს, საიდანაც საზოგადოებას სამხრეთ კორეაში ცხოვრების გამოცდილებას უზიარებს.

image: https://scontent.ftbs4-1.fna.fbcdn.net/v/t1.15752-9/76605230_3175952305858148_8528436888023859200_n.jpg?_nc_cat=101&_nc_oc=AQlhB-06T__-hFrcTU4bBwuhhJDoXHh0qZh3rGQSYXffyHzbUxa_-LavMcRSjW42ams&_nc_ht=scontent.ftbs4-1.fna&oh=5824c55b2e72abaec65164b04ac9c0b8&oe=5E5F0BB7

სოფია ქუთაისში დაიბადა, დაამთავრა ფიზიკა–მათემატიკური სკოლა. ის 24 წლისაა, კორეული ასაკით კი 25–ის. როგორც გაგვიმხილა, კორეაში ბავშვი დაბადებისას უკვე 1 წლის არის, რადგან მუცლადყოფნის პერიოდს თვლიან. ვინც კორეაში ჩადის, 1 წელი ყველას ავტომატურად ემატება. როგორ მოხვდა კორეაში, რა გზა გაიარა, როგორია იქაური ცხოვრება, ამ და სხვა საკითხებზე  სოფია „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

– სოფია, როგორ მოხვდი კორეაში?
– დაახლოებით მე–5 კლასიდან მულტიპლიკაციურ სერიალს „ნარუტოს“ ვუყურებდი, რომელიც ძალიან მიყვარდა. იმდენად გაგიჟებული ვიყავი იაპონური ანიმეებით, ინტერნეტში ნარუტოს გმირების რეალურ ანალოგებს ვეძებდი და შემთხვევით კორეულ სერიალს გადავაწყდი. ვუყურე და კორეაზე და კორეელებზე დამოკიდებული გავხდი.

ერთადერთი უნივერსიტეტი, სადაც კორეული ენა ისწავლებოდა, იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. ჩავაბარე და დავიწყე კორეული ენის შესწავლა. ერთხელაც, კორეიდან ჩამოვიდა ქალბატონი, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი გალხდათ. ის კორეული ენის სპეციალისტი და პროფესორი იყო. უნივერსიტეტში სულ 3 გოგონა ვეუფლებოდით კორეულ ენას და ამ ქალბატონთან ძალიან დავმეგობრდით. ერთად დავდიოდით საყიდლებზე, საჭმელად, სამოგზაუროდაც კი. ამასობაში კორეული ენაც გავტეხე. საქართველოს მასშტაბით კორეულ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსი ჩატარდა, სადაც გამარჯვება მოვიპოვე. მაშინ მე–2 კურსზე ვიყავი. მომავალ წელს კი კავკასიის მასშტაბით ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებულები მონაწილეობდნენ. აქაც გავიმარჯვე და სრული დაფინანსებით კორეაში ჩონბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე ჩავირიცხე. ვფიქრობ, როცა რაღაც ძალიან გინდა, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო და იყო ბედნიერი.

image: https://scontent.ftbs4-1.fna.fbcdn.net/v/t1.15752-9/73423420_2674024219360683_3320068625284464640_n.jpg?_nc_cat=109&_nc_oc=AQnLqQ6tuvId7cjCqOFlMAOcrMkEp3TuSv9i5-Geaat-zGSJ57XYwCHvP7siiYOp1UI&_nc_ht=scontent.ftbs4-1.fna&oh=be21b93a651d452f9beb0c395fa4a8be&oe=5E4F38D3

– რა გიტაცებს, რა არის შენი ინტერესის სფერო?
– ძალიან მიყვარს ვარჯიში. მიუხედავად იმისა, რომ, არ ვარ გამხდარი და სავსე ფორმები მაქვს, არანაირ დისკომფორტს არ განვიცდი. არც არასდროს დავკომლექსებულვარ. სწორედ ვარჯიში დამეხმარა იმაში, რომ თავდაჯერებული ვყოფილიყავი. ასევე ძალიან მიყვარს უცხო ენების შესწავლა. ქართული ენის გარდა რუსულს, ინგლისურს და კორეულს თავისუფლად ვფლობ. ახლახან ესპანურის სწავლა დავიწყე, დიდი სურვილი მაქვს კარგად შევისწავლო. ასევე ძალიან მომწონს ჩინური ენა, მაგრამ იმდენად რთულია, არამგონია ამ ენას შევეჭიდო.

– როგორ დასძლიე ენის ბარიერი?
– კორეაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა კორეული ენის სრულფასოვნად ცოდნას. ამ მხრივ პრობლემა არ მქონია და ყველაფერს კარგად გავართვი თავი. ძალიან იშვიათია, უცხოეთიდან ჩამოსული სტუდენტი კორეულად გამართულად საუბრობდეს. როცა ვსაუბრობ, ყველა გაოცებული მისმენს, უკვირთ, აქცენტიც რომ არ მაქვს.

– ამ ეტაპზე რას საქმიანობ?
– თავიდან უნივერსიტეტის შიდა ოფისში ვმუშაობდი, სადაც ღონისძიებების ორგანიზება და თარჯიმნობა მევალებოდა. უნივერსიტეტს 2 თვით აფრიკიდან საზაფხულო პროგრამაში ბავშვები ყავდათ ჩამოყვანილი. ჯგუფის ლიდერი ვიყავი და მათი დაბინავება, კვება, მოკლედ, ზედამხედველობა მევალებოდა. ასევე თარჯიმნობასაც ვითავსებდი. ამჟამად, როდესაც ღონისძიებები იგეგმება და სინქრონში თარგმანი სჭირდებათ (ინგლისურ–კორეული ან ინგლისურ–რუსული), ყოველთვის მეძახიან და კარგი ანაზღაურებაც არის.

image: https://scontent.ftbs4-1.fna.fbcdn.net/v/t1.15752-9/77208888_419990338666401_1693385513232236544_n.jpg?_nc_cat=102&_nc_oc=AQkRH3fdQvvwrSkspd_1PCY4EeyuauYKkVhUpk8Ag7bMSoGBUD-nD0BKCgP6WKhsPns&_nc_ht=scontent.ftbs4-1.fna&oh=47f4f3997125228c45ab0e07f1959bf0&oe=5E42199A

პარალელურად ბაღში და სკოლაში ინგლისურ ენას ვასწავლი. ასევე, ვმუშაობ ტელევიზიაში, სადაც  „რეალითი შოუს“ ერთ–ერთი მთავარი პერსონაჟი ვარ. ფაქტიურად, დასვენების დრო საერთოდ არ მაქვს.

– რითი განსხვავდებიან კორეელები ქართველებისგან ?
– ყველაზე მეტად, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია არის ის, რომ  სამსახურის დროს კორეელები ზედმეტად მკაცრები არიან. ყველაფერში უზომო წესრიგს იცავენ და აკადემიურად მოწესრიგებულები არიან. თუ ცოლ–ქმარი სამსახურში ერთად მუშაობს, ცოლი ქმარს აუცილებლად „ბატონო ლოდერო–თი მიმართავს. სახელით მიმართვა არ შეიძლება. ასევე, სამსახურში შეიძლება ისე საზიზღრად მოგექცნენ, რომ გაოცდე. სამსახურს გარეთ კი, ძალიან თბილები და საყვარლები არიან.

– როგორი დამოკიდებულება აქვთ უცხოელ გოგონებთან ? პირადად შენთან?
– ტრაბახი და მეტიჩრობა კი გამომივა, მაგრამ ყველას ძალიან ვუყვარვარ  და ამიტომაც მიყვარს აქაურობა. ძალიან ბევრს გეფერებიან, თუ კორეულად გამართულად საუბრობ, ძალიან გაფასებენ. როგორც ჩვენთან, უცხოელი რომ ქართულად საუბრობს და ეს გვსიამოვნებს, ზუსტად იგივე დამოკიდებულებაა აქაც. არ ახასიათებთ გაბრაზება, ყვირილი. ამ მხრივ ზედმეტად გაწონასწორებულები არიან, თუმცა ყველაფერს პირში გეტყვიან, ოღონდ ღიმილით.

– ბიჭების ყურადღებას თუ იპყრობ?
– წესით ამ დროს თავმდაბალი უნდა ვიყო და არა უნდა ვთქვა, მაგრამ მგონი კი (იცინის).  ძალიან მოსწონთ დიდი თვალები, თეთრი კანის ფერი… გიჟდებიან თვალის გამოყვანილ ჭრილზე. მოსწონთ დიდი ტანის ფორმები. აქ არასოდეს მიგრძვნია თავი „პუტკუნად“ ან მსუქნად. ქუჩაშიც მზერას ყოველთვის ვგრძნობ. როცა უცხოელი ხარ, განსაკუთრებით გაკვირდებიან „ნახე რამხელა და რა ლამაზი თვალები აქვს“ – მსგავსი ფრაზებით. უმეტესობა იმ აზრზეა, რომ კორეელ ბიჭს არ უნდა გავყვე ცოლად, საქართველოში უნდა ჩამოვიდე და ქართული გენი გავაგრძელო. თუმცა დედ–მამა მეუბნება, რომ ვინც მე შემიყვარდება იმას შეიყვარებენ.

image: https://scontent.ftbs4-1.fna.fbcdn.net/v/t1.15752-9/76893621_735803346937144_8063719296292880384_n.jpg?_nc_cat=111&_nc_oc=AQld8G9dk8EoS4A8RXsD9giavgvSIfukUeVLbAF-B2Y5DgptRXE5Jc8QqZOKZOn2DhY&_nc_ht=scontent.ftbs4-1.fna&oh=61095ac54c416e7957d11bb6c78f304a&oe=5E42F847

– რომელია კორეაში შენი საყვარელი ადგილი, რომელსაც ხშირად სტუმრობ?
– ძალიან მიყვარს აქაური კაფეები და ხშირად დავდივარ. სწავლა იქნება, შეხვედრა თუ ა.შ. ყველაფერი კაფეებში ხდება. არის ძვირიანი კაფეები, სადაც მეგობრებთან ერთად გასართობად მიდიხარ და შეგიძლია დიდი ხნით გაჩერდე. არის ისეთებიც,  სადაც ხმის ამოღება არ შეიძლება და მხოლოდ უნდა იმეცადინო. ყველგან სასწაული ნამცხვრები და ტკბილეულები აქვთ.

– როდის და რატომ გადაწყვიტე ვიდეო ბლოგერობა?
– გაგიკვირდებათ და, ბლოგის გახსნაც კორეას უკაშირდება. როცა კორეაზე ბევრი რამ მაინტერესებდა, ენის ბარიერის გამო უამრავ საჭირო ინფორმაციაზე ხელი არ მიმიწვდებოდა. საკუთარ თავს დავპირდი, რომ ჩავალ, ყველაფერს გამოვაქვეყნებ, ბევრ ფოტოს გადავიღებ და ვისაც კი კორეაზე რამის ცოდნა და გაგება მოუნდება, დავეხმარები–მეთქი. რეალურად, რომ ჩამოვედი, ბევრმა მიპოვა პირად გვერდზე და სხვადასხვა კითხვებით მომმართავდნენ. დატვირთული გრაფიკის გამო  ცალ-ცალკე პასუხი ძალიან მიჭირდა. გადავწყვიტე საერთო ვიდეო ჩამეწერა და კორეული კულტურის გულშემატკივრებისთვის ამეტვირთა. როცა ვიდეო განვათავსე, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, გაოცებული დავრჩი. დღემდე აქტიურად ვაგრძელებ ვიდეობის ჩაწერას.

– როგორია მშობლების დამოკიდებულება, როცა ათასობით მომხმარებელი უყურებს შენს ვიდეოებს?
– ძალიან უხარიათ როცა ჩემდამი ხალხის სიყვარულს გრძნობენ. დედა და ბებია აბსოლუტურად ყველა კომენტარს კითხულობენ. ბებო ჩემი წყალობით ფეისბუქზე დამოკიდებული გახდა. გვერდს 124 ათასზე მეტი მომხმარებელი ყავს და მაყურებლების უმეტესობა ემიგრანტია,რაც ძალიან მახარებს. სანაცნობო წრიდან და ოჯახის წევრებისგანაც გამიგია, რომ საქართველოშიც ძალიან ბევრი ადევნებს თვალს ჩემს გვერდს. როცა ჩამოვალ, ქუჩაში რომ მიცნონ და გამაჩერონ, შეიძლება გავგიჟდე სიხარულისგან (იცინის).

– როგორია შეყვარებული სოფია?
– შეყვარებული ერთადერთხელ ვიყავი. საქართველოში მყავდა შეყვარებული, რომელთანაც ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მქონდა. ამ ადამიანთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჩემი კორეაში წასვლის გამო ერთმანეთს დავშორდით. ჩვენს დაოჯახებაზეც იყო საუბარი და დაშორებას ნამდვილად არ ვგეგმავდით. იცოდა, რომ კორეაში მივდიოდი და შეთანხმება გვქონდა, რომ თვითონაც უნდა ჩამოსულიყო. წელიწადზე მეტი ველოდე, ამის გამო ურთიერთობა არავისთან დამიწყია, მაგრამ ვერ ჩამოვიდა და რამდენიმე თვის წინ ურთიერთობა ძალიან ცივილურად დავასრულეთ. ძალიან გამიჭირდა და რთულად გადავიტანე ის პერიოდი. სახლში ჩავიკეტე და ცუდად ვიყავი. ჩემი სისტემატიური ვიდეოების გადაღების ერთ–ერთი მიზეზიც ეს იყო. მინდოდა რამით გადამეტანა ყურადღება და ხალხთან უფრო მეტი ურთიერთობა მქონოდა.

– როგორი გეგმები გაქვს, აპირებ საქართველოში დაბრუნებას?
– შეიძლება კორეაში დიდი ხნით მომიწიოს დარჩენა, მაგრამ საბოლოოდ ალბათ მაინც ჩემს ქვეყანას დავუბრუნდები. ძალიან მინდა თბილისში საკუთარი უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი გავხსნა, ასევე ბინის შეძენას ვგეგმავ. ვნახოთ რა იქნება…

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი

primetime.ge
1, 075 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი