როცა ადამიანი გადაწყვეტს, ისწავლოს იესოს ლოცვა, მისთვის სიმშვიდე დასრულებულია.

ამ დროს იწყება შინაგანი ჭიდილი ყოველ დღე, არ მოგწონს შენი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, უფალი განუგეშებს, პერიოდულად სიხარულსაც განიჭებს, მაგრამ ძირითადად არის სულ ბრძოლა.

შენთვის არ არის წესიერად ძილი, დასვენება, გართობა, ჭამა, ღვინის დალევა იმიტომ, რომ სულ გაქვს ის ხინჯი, რომ არ გამოდის, რაღაცას ისე ვერ აკეთებ, სულ ღალატობ უფალს, გინდა, რომ გული გაუხსნა ქრისტეს და ვერ უხსნი; დრო გარბის, ბერდები, გარდაცვალება ახლოვდება…

მხოლოდ ის შეძლებს ამ დისკომფორტის ტარებას საკუთარ თავში,
მხოლოდ ის შეძლებს უარი თქვას პირუტყვობაზე და ლუარსაბის რელიგიურობაზე,
მხოლოდ ის შეძლებს უარი თქვას იმ ნელთბილობაზე, რომელზეც უფალი ამბობს, ამოგანთხევო ჩემი პირიდან, ანუ კომფორტულ ქრისტიანობაზე, ვინც ხვდება, რომ ქრისტე უნდა უყვარდეს.
მხოლოდ სიყვარულია ის ძალა ამ ყველაფერს რომ გადაგვატანინებს, რადგან სიყვარულს შეუძლია, იცხოვრო თავგანწირულად და იყო ბედნიერი.
სიყვარულს შეუძლია, გაგაწირინოს თავი და თან იყო ბედნიერი.

ამიტომ ჩვენ, დიახაც, ბედნიერები ვართ, მაგრამ ეს ამ სოფელს არ ესმის და სულელებად გვთვლის.
დიახაც, ჩვენ სულელნი ვართ ქრისტესათვის, მაგრამ ჩვენი ძალაც ამაშია სწორედ.
და თუ ჩვენ ამას ჩვენში გავაცოცხლებთ გავხდებით არა მარტო ნათელნი ამა სოფლისანი, არამედ მარილნიც, რომელიც გადაარჩენს მთელ ქვეყნიერებას.
ეს არის გზა იესო ქრისტესი.
ეს არის ჩვენი მხედრული, მეომრული სულით ცხოვრება.
ეს არის ის, რა აღთქმაც დავდეთ ნათლობისას: შევუდგებით ქრისტესა, და შევაფურთხებთ ბოროტს და მის ყველა გამოვლინებას.
ეს არის ჩვენი ღირსება, რომელიც განკაცებულმა ღმერთმა მოგვანიჭა და ჩვენ ამიტომ გვქვია სწორედ დიდი სახელი ქრისტიანისა.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

837 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი