აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც დეპრესიისგან იტანჯებიან, ხშირად სულაც არ გამოიყურებიან ისე სევდიანად, როგორც მოლოდინი გვაქვს, რომ უნდა გამოიყურებოდნენ. ამის შესახებ გამოცემა Slate.fr-ი წერს.

ტერმინი “ღიმილიანი დეპრესია” სწორედ გამოხატავს ისეთ ადამიანს, რომელსაც დეპრესია სჭირს, მაგრამ გარეგნულად ამის შემჩნევა თითქმის შეუძლებელია, რადგან ის მუდმივად იღიმის. გამოცემის ცნობით, დეპრესიის შესახებ სტატიები Google-ში ერთ-ერთი ყველაზე ძიებადი თემაა, რომელზე მოთხოვნაც ბოლო წელში გაიზარდა.

როგორც სტატიაში სპეციალისტებზე დაყრდნობით წერია, სრულად შესაძლებელია, რომ ადამიანმა შენიღბოს მისი დეპრესია და არ დაანახოს სხვებს. ასეთი დეპრესიის კიდევ ერთი სახელწოდება “არატიპური დეპრესიაა“.

“ღიმილიანი დეპრესიის” მქონე ადამიანების აღმოჩენა არც ისე ადვილი საქმეა, რადგან ისინი მუდმივად იღიმებიან და ისე აჩვენებენ ირგვლივ მყოფებს თავს, თითქოს პრობლემები არ აქვთ. “მათ აქვთ სამსახური, სახლი, შეიძლება შვილები და პარტნიორიც კი ჰყავდეთ. ისინი იღიმებიან როცა ესალმებით, და შეიძლება სასიამოვნოც კი იყოს მათთან ურთიერთობა. მოკლედ რომ ითქვას, რეალურ ცხოვრებაში ისინი ინიღბებიან და ეწევიან ნორმალურ, აქტიურ ცხოვრებასაც კი”, – წერია სტატიაში.

ცხოვრების ასეთი სტილისა და იმიჯის მიღმა კი ეს ადამიანები შეიძლება ძლიერი შინაგანი დეპრესიით იტანჯებოდნენ. ისინი ზოგჯერ იმასაც კი ფიქრობენ, რომ “ამ ყველაფერს წერტილი დაუსვან”.

სტატიის თანახმად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იმ ძალის მიუხედავად, რომელსაც ისინი ყოველდღიური ცხოვრების გასაგრძელებლად იყენებენ, სუიციდის მიმართ მაინც ძალიან მოწყვლადები არიან.

“ღიმილიანი დეპრესიის” ნიშნებს შორის სპეციალისტები ასახელებენ საკვების ჭარბი რაოდენობით მიღებას, ხელებსა და ფეხებში სიმძიმის შეგრძნების გაჩენას, ისინი განსაკუთრებით განიცდიან კრიტიკას ან მცირე მარცხსაც კი.

ასეთი დეპრესიის მქონე ადამიანებს ხასიათი განსაკუთრებით საღამოს საათებში უფუჭდებათ და მათ დიდხანს ძილი სჭირდებათ. სპეციალისტების თქმით, “ღიმილიანი დეპრესიის” გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, ის სხვადასხვა ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, მაგალითად სამუშაო ადგილზე პრობლემებზე ან ურთიერთობების დასრულებაზე. შეიძლება ეს დეპრესია გამოიწვიოს ფიქრმა იმის შესახებ, რომ ცხოვრებამ მნიშვნელობა დაკარგა.

რეკომენდაციად სპეციალისტების ფიზიკური აქტივობით დაკავებას ასახელებენ. მათი თქმით, ადამიანები, რომლებიც კვირის განმავლობაში სპორტით ან მედიტაციის ორჯერ მაინც არიან დაკავებულები, დეპრესიის რისკი 40%-ით შეუმცირდათ.

714 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი