ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი (იტალ. Niccolò di Bernardo dei Machiavelli; დ. 3 მაისი 1469, ფლორენცია — გ. 21 ივნისი 1527, ფლორენცია) — რენესანსის დროინდელი იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნე, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰუმანისტი. გაღარიბებული დიდგვაროვანი ოჯახიდან. ითვლება პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად. მაკიაველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფლორენციაში, იმ დროს, როდესაც იტალია დაქუცმაცებული იყო რამდენიმე მეტოქე ქალაქ–სახელმწიფოდ, რომლებსაც ახასიათებდათ არასტაბილურობა და რელიგიური კონფლიქტები. 1498 წელს ფლორენციის რესპუბლიკის „ათთა კოლეგის“ მდივანი. 1512 წელს, მედიჩების ტირანიის აღდგენის შემდეგ, მაკიაველი გადაიყვანეს თანამდებობიდან და გადაასახლეს საშ–კაშინოს მახლობლად მისსავე მამულში, სადაც ცხორობდა სიკვდილის ბოლომდე. მაკიაველის უმნიშვნელოვანესი თხზულებებია: „მსჯელობა ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის გამო“, „მთავარი“, „ფლორენციის ისტორია“. 1559 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ მაკიაველის თხზულებები „აკრძალული წიგნების სიაში“ შეიყვანა.

 

ჩვენ ვერ ვხედავთ მოქალაქეთა შორის ვერც თანხმობას და ვერც ერთსულოვნებას, ანდა თუ ვხედავთ, მხოლოდ მათ შორის, რომლებიც ერთიანდებიან სახელმწიფოსა თუ კერძო პირთა მიმართ რაიმე ბოროტმოქმედების ჩასადენად. აღარც სარწმუნოება არსებობს და აღარც ღვთის შიში. ფიცსა და აღთქმას მხოლოდ მანამდე ასრულებენ, სანამდის ამას მოითხოვს მათი ანგარება. დიახ, ფიცს მხოლოდ იმისთვის დებენ, რომ გატეხონ და დაარღვიონ:ის სხვა არა არის რა, თუ არა სხვისი მოტყუების საშუალება და რაც უფრო თავალთმაქცურადაა შენიღბული ეს ტყუილი, მით უფრო მეტ პატივს იმსახურებს ხალხის თვალში. ყველაფერი რაც შეიძლებოდა გახრწნილიყო, უკვე გაიხრწნა… კანონებს არ შესწევთ იმის ძალა, რომ ბოლო მოუღონ ამ საყოველთაო გახრწნილობას, ვინაიდან მათ რყვნის და ბღალავს ზნეჩვეულებების უკეთურება. აქედან იღებს დასაბამს სიხარბე, სწრაფვა არა ჭეშმარიტი დიდებისკენ, არამედ სამარცხვინო პატივის მიმართ, რაც, თავის მხრივ, ბადებს სიძულვილს, დევნას წამებას, სიკეთის დათრგუნვას და ბოროტების აღზევებას. საკუთარი სიქველის მოიმედე მოქალაქენი, უკეთურთა მსგავსად, გარს არ იკრებენ თავიანთ მომხრეებს, რომლებიც შეძლებენ მათ დაცვას და ამიტომ ბოროტმოქმედებთან უთანასწორო ბრძოლაში იღუპებიან. ყოველივე ეს აიძულებს ადამიანებს ამა თუ იმ პარტიას დაუკავშირონ თავიანთი ბედი. უკეთურნი ანგარებისა და პატივმოყვარეობის გამო ემხრობიან ამ პარტიებს, კეთილშობილნი კი აუცილებლობის ძალით. მაგრამ უარესია მაინც ისაა, რომ ამ პარტიათა ბელადები და თავკაცები ოსტატურად ნიღბავენ თავიანთ ნამდვილ მიზნებსა და  მისწრაფებებს. და თუმცა ყველანი ჭეშმარიტი თავისუფლების მტრები არიან, მიუხედავად ამისა, სწორედ თავისუფლების დაცვის საბაბით, ძირს უთხრიან რესპუბლიკურ წყობილებას… ხოლო თუ გამარჯვებას მიაღწიეს, მათი ჯილდოა არა იმის შეგნება, რომ თავიანთი მცდელობებით განამტკიცეს თავისუფლება, არამედ ბილწი სიხარულით ტკბობა: ისინი ყველაზე მეტად კმაყოფილნი არიან იმით, რომ სძლიეს მტრებს და ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. და რაკი ხელისუფლების სათავეში მოექცევიან, არანაირი საშუალების წინაშე აღარ იხევენ უკან, რაგინდ სასტიკი, რაგინდ ამორალური და უსამართლოც არ უნდა იყოს იგი. აი, რატომაა, რომ გამარჯვებული პარტიის მიერ გამოცემული კანონები საყოველთაო სიკეთეს კი არ ისახავს მიზნად, არამედ ამ პარტიის ბელადთა პირად გამორჩენას. აი რატომ ომობენ და დებენ ხელშეკრულებებს: არა იმიტომ რომ განადიდონ მამული, არამედ იმიტომ, რომ დაიკმაყოფილონ მცირერიცხოვან თავკაცთა პატივმოყვარეობა.

ნიკოლო მაკიაველი (1469-1527)

1, 354 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი