პირველად ეს სიტყვა მაშინ მითხრეს, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი და მთელ დღეს ეზოში ვატარებდი. საერთოდ ჩემი ცხოვრების საკუთესო წლები ბენდელიანის ქუჩის ხუთი კორპუსის გარშემო გაშენებულ, გამწვანებულ, არაჩვეულებრივ ეზოს უკავშირდება. ,,კაზაკი რაზბოინკი“, რეზინობანა და წრეში ბურთი, არანაირი ,,აიფადი“, ,,პოდი“ და ,,ტაბი“. ჩემს უბნელ ბიჭებს ე.წ. ,,კრუტოი ტიპების“ სტატუსი ჰქონდათ გასაყოფი დოლიძის ქუჩის ბიჭებთან. ,,დოლიძელეები“ (მათ ასე ვეძახდით) ველოსიპედებით (დესნადვა) ეშვებოდნენ და იმართებოდა ე.წ. ,,რაზბორკა“. როგრც მახსოვს, ,,დოლიძელეები“ უფრო ,,კრუტოი“ ტიპები იყვნენ და სწორედ ამ წოდების შენარჩუნებას ეძღვნებოდა ზემოხსენებული ,,რაზბორკებიც“ რომელთაც სისტემატური ხაიათი ჰქონდა. ჩემი მეგობარი ნატო, ერთ-ერთი დოლიძელის კლასელი, შემდეგ შეყვარებული და ახლა კიდევ ცოლია. ნატოს ,,პონტში“ ,,კრუტოი“ ტიპები ჩვენც გავიცანით, მაგრამ საქმე მხოლოდ გაცნობით არ დასრულებულა. ერთ-ერთმა ყველაზე ,,კრუტოიმ“, ერთ დღესაც ,,გარაჟების“ (ავტოფარეხი რომ ქვია ვიცი, უბრალოდ გარეჟები იმდროინდელი ტერმინია) სახურავზე ამიყვანა და ასე მითხრა: მოკლედ, მიყვარხარ…დაბნეულობისგან ისე გავწითლდი, როგორც არასდროს მანამდე და მარტივად ვუპასუხე: ვიცოდი…

რაც მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, იყო ის, თუ რა რთულია როდესაც ,,მიყვარხარ“-ს პირველი ამბობ. შეგრძნება, როდესაც მუცელში პეპლები იწყებენ ფრენას და პარალელურ რეჟიმში ლიფტი იწყებს უწყვეტ ასვლა-ჩასვლას. თითქოს მხოლოდ ერთი სიტყვაა, მაგრამ ყველაზე რთული და ამოსათქმელად ყველაზე მძიმე. ჩემი აზრით, ზოგადად ურთიერთობა, პირობითად ორ ეტაპად იყოფა: ,,მიყვარხარ“-მდე და ,,მიყვარხარ“-ს მერე. ,,მდე“, ყველაზე ლაღია, გაზაფხულია, ფრინავენ პეპლები, ათასფერ ფერებად, თუ გაგიფრინდება დღეს ერთი ხვალ ათი დაბრუნდება… პეპლების ფარფატს სწორედ ის განაპირობებს, რომ ჯერ არაფერი გავალდებულებს. ძალიან პრაგმატულად რომ შევხედოთ, სწორედ ასეა. ამ დროს ერთი ელოდება მეორეს და მეორე? მეორე ღელავს, ვერ ვიტყი, რომ უმიზეზოდ, იმიტომ რომ თუ გიყვარვარ, მაშინ… რაღაც ეტაპის მერე, მხოლოდ პეპელების ფრენა აღარ გაკმაყოფილებს და სტაბილურობის განცდა გჭირდება. გჭირდება ,,დამადასტურებელი დოკუმენტი“ იმისა, რომ პეპლები მხოლოდ შენთვის და შენ გარშემო ფრენენ. მდე-დან მერე-ზე გადასვლა ყველაზე რთულია ალბათ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს წმინდა ქართული, ეროვნული შიშია, ,,თუ გიყვარვარ მაშინ“-ის შიში. რა თქმა უნდა, ქერი და ,,მისტერ ბიგი” გამახსენდა. აი ის სერია, გაბრაზებული ქერი, გაბრაზებული იმიტომ, რომ რომ არ იცის, იმიტომ რომ არ უთხრეს ,,მიყვარხარ“, თავის ძველ ნაცნობთან ერთად მაგრად გამოტყვრება. დილით მისტერ ბიგი, მისთვის არადამახასიათებლად და საკმაოდ ბანალურად იქცევა, ურეკავს და ეუბნება: ,,YES, I FUCKING LOVE YOU…“ ბევრი ქართველი მამაკაცისგანაც მომისმენია ქართველი ქალის კრიტიკა ამის გამო, მათი ყველაზე აუტანლი თვისება სწორედ ეს არისო: როგროც კი ეტყვი მიყვარხარ, ის  ჯერ ვირტუალურად გადმოდის შენს სახლში, მიგითეთებს იატაკზე დაყრილ წინდებზე,  ჩაის ფერით გაყვითლებულ მაგიდაზე, შენს ,,ზალაში დგამს სტენკას“ და დღეში მილიონსამასიათასჯერ გეკითხება: სად ხარ? ძალიან გულწრფელად, ასე არასოდეს მოვქცეულვარ. ზოგადად, თვითმიზანი სადმე დამედგა ,,სტენკა“, ან თუნდაც დესაუ, არასოდეს მქონია, მაგრამ ყოველთვის, როდესაც მიყვარდა და იმდენჯერ, რამდენჯერაც მიყვარდა, ვფიქრობდი და ვოცნებობდი, იმ ადგილებზე, სადაც ,,მასთან“ ერთად წავიდოდი, იმ დღეებზე, რომელთაც ,,მასთან“ ერთად გავატარებდი, ემოციებზე და შეგრძნებებზე, რომლებიც იქნებოდა ,,ჩვენი“ და არა მხოლოდ ,,ჩემი“. არ ვიცი, სად გადის ზღვარი ,,სტენკასა“ და სიყვარულს შორის.

ყოველთვის როდესაც ბლოგს ვწერ, არ ვფანტაზიორობ, რეალური ადამიანების რეალურ ურთიერთობებზე ვწერ. ძალიან რეალური ლამაზი გოგო და ასევე რეალური, ცოტა მოწყენილი ბიჭი პეპლებიანი რომანის მონაწილეები გახდნენ. ჰქონდათ ურთიერთობა ,,მიყვარხარ“-მდე და ,,მიხვარხარ“-ს მერეც, ის ვარდისფერი კვადრატი, სადაც შეყვარებულები შეიყუჟებიან ხოლმე გარესამოყაროსგან მოწყვეტილები. ბევრი იფრინეს მათმა პეპლება თუ ცოტა იფრინეს, მივიდნენ აქამდე – მიყვარხარ, მაგრამ… ისევ ქერი და მისტერ ბიგი გამახსენდა. მათი ურთიერთობა ალბათ ძალიან ბევრი წყვილის ურთიერთობას ჰგავს. ადამიანები ხვდებიან ერთამენთს, თავდავიწყებით უყარდებათ ერთმანეთი, ჩხუბობენ, ლეწავენ თეფშებს, სამზარეულოს მაგიდაზე აქვთ გიჟური სექსი, სეირნობენ ფოთოლცვენაშიც და წვიმაშიც, თეთრ თოვლზე ხატავენ ანგელოზებს, უსმენოდ მღერიან საყვარელ სიმღერებს, კოცნაობენ მანქანის უკანა სკამზე, პოულობენ ბედნიერების ვარდისფერ კვადრატს და უცებ ერთ-ერთს, როგორც წესი მეორესთვის სრულიად მოულოდნელ დროსა და ადგილას წამოცდება: ,,მიყვარხარ, მაგრამ. . .“. ბუნებრივია, მე არ ვიცი და არც შეიძლება ვიცოდე, ყველა ასეთი ურთიერთობის დეტალი, ყველა რეალური ურთიერთობის დეტალი, მაგრამ თუ ქერისა და მისტერ ბიგის მაგალითს განვაზოგადებ, ვფიქრობ, მისტერ ბიგს არ ჰქონდა, მართლა არ ჰქონდა მიზეზი – ,,მაგრამ“. ეს არის თავისუფლების დაკარგვის უსაფუძვლო შიში, იმიტომ რომ რეალურად, ,,თქვენი“ თავისუფლება ,,ჩვენ“ არაფერში გვჭირდება. ნამდვილად გვჭირდება დრო – გატარებული ერთად, ნამდვილად გვჭირდება სიურპრიზები და სისულელები, ზოგჯერ ,,ჟელიბონები“ და ზოგჯერ ბრილიანტის ბეჭდებიც, მაგრამ თავისუფლება, არა. ალბათ არსებობს კიდევ  სხვა, უაღრესად მნიშვნელოვანი მიზეზები რომლებიც იწვევენ ,,მიყვარხარ, მაგრამ“-ს. მისტერ ბიგმა ცოლად მაღალი და სწორთმიანი ნატაშა მოიყვანა. დაბალი და ხუჭუჭა ქერი არ შეიძლება ყოფილიყო მისი ცოლი? არც ეს არის წმინდა ქართული ფენომენი. ,,ჩემი რძალი ექიმი უნდა იყოს, ან იურისტი“. წინასწარ განსაზღვრული, შესასრულებლად სავალდებულო კრიტერიუმები. ე.წ. ,,სწორი“ გადაწყვეტილებები, ,,შესაფერისი არჩევანი“. ,,შესაფერისი არჩევანი“, რომელიც უნდა გიყვარდეს და მე გიყვარვარ, მაგრამ… თავისუფლების დაკარგვის შიში, რაციონალური გადაწყვეტილება და ყველა სხვა მიზეზი მე უსუსური მგონია, თუ გიყვარვარ. ამიტომაც არ მესმის და არც მინდა გავიგო, რას ნიშნავს ,,მიყვარხარ, მაგრამ“. თუ გიყვარვარ, მაშინ ,,მაგრამ“–ის ადგილი უბრალოდ არ არის, არ უნდა იყოს, თუ გიყვარვარ! ესეც ძალიან ბანალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანები იბადებიან და ცხოვრების უმეტესი ნაწილი მეორე ნახევრის ძიებაში არიან. ზოგი ადრე პოულობს, ზოგიც გვიან, ზოგი რამდენიმეს პოულობს და ზოგიც ვერასოდეს პოულობს.  ექსპერტი ამ სფეროშიც არ ვარ, უბრალოდ, ასეთ დროს ყოველთვის ვფიქრობ მათზე, ვინც ვერასოდეს პოულობს, მერე მახსენდებიან ისინი, ვინც ერთმანეთი იპოვა და ,,მიყვარხარ, მაგრამ“-ს გამო დაკარგა.

არ ვიცი ლამაზი გოგოს და მოწყენილი ბიჭის სიყვარული რამდენად ძლიერია, უფრო სწორად, სიყვარული უფრო ძლიერია, თუ ,,მაგრამ“. ყოველთვის მგონია, რომ სიტყვები მიაქვს ქარს და ნაწერს აღიქვამს თვალი, გადასცემს, გონებას, მერე გულს, ან პირიქით, არ ვიცი. ეს ბლოგი თითქოს წერილია ოკეანეში გადაგდებულ ბოთლში და თუ ის ,,შენთან“ მოცურდება, მისი მორალი ასეთია: მე არ დავდგამ ,,სტენკას“, შენ თუ არ მეტყვი ,,მიყვარხარ მაგრამ..“-ს.

1, 464 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი