ბნელოდა; სექტემბერში ყოველთვის უეცრად, მზის ჩასვლისთანავე ბნელდება. დაკრილულ ფიცრებზე მიყრდნობილი მოხუცი იწვა და მთელი ძალით ცდილობდა დასვენებას. ცაზე გამოჩნდა პირველი ვარსკვლავები. მოხუცმა არ იცოდა რიგელის ვარსკვლავის სახელი, მაგრამ როცა ის დაინახა, მიხვდა, რომ დანარჩენი ვარსკვლავებიც მალე გამოჩნდებოდნენ და მაშინ ეს შორეული მეგობრები კვლავ მასთან იქნებოდნენ.

_ თევზიც ჩემი მეგობარია, _ თქვა მან, – არასდროს არ მინახავს ასეთი თევზი; არც გამიგონია, რომ ასეთი თევზები არსებობდნენ, მაგრამ უნდა მოვკლა კია. რა კარგია, რომ ვარსკვლავების მოკვლა არა გვჭირდება!

«აბა, წარმოიდგინე: კაცი ყოველდღე ცდილობდეს მთვარის მოკვლას! მთვარე კი გაურბოდეს მას. ანდა, რა იქნებოდა, რომ კაცი ყოველდღე მზეს დასდევდეს მოსაკლავად? არა, რაც გინდათ, თქვით, ჩვენ – ადამიანებს _ მაინც იღბალი გვაქვს», _ გაიფიქრა მან.

მერე მოხუცს შეებრალა დიდი თევზი, რომელსაც საჭმელი არაფერი ჰქონდა, მაგრამ ეს სიბრალული ოდნავადაც არ უშლიდა ხელს მის

გადაწყვეტილებას _ მოეკლა იგი. რამდენ ადამიანს გააძღებს ეს თევზი? მაგრამ განა ღირსნი არიან ადამიანები, რომ ამ თევზით იკვებონ? რასაკვირველია, არა. ქვეყანაზე არავინ არის იმის ღირსი, რომ ეს თევზი ჭამოს: ერთი შეხედეთ, რა დიდებული კეთილშობილებაა მის ქცევაში.

«მე ბევრი არაფერი მესმის, _ გაიფიქრა მან, _ მაგრამ, რა კარგია, რომ მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს არ დავსდევთ მოსაკლავად! ისიც კმარა, რომ საჭმელს ვტაცებთ ზღვას და ჩვენსავე ძმებს ვკლავთ.

1, 962 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი