სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის მამა ვარაუდობს, რომ მოზარდი სახლიდან გაქცევისთვის რამდენიმე კვირით ადრე ემზადებოდა. დავით ფილფანის თქმით, ოჯახში მათ ცხოვრებისეული კონფლიქტებიც ჰქონდათ.

“იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა რამდენიმე კვირით ადრე. აგროვებდა ფულს და იყო ისეთი დეტალები, რაც ამას მაფიქრებინებს.

დედამისი შორსაა, ჩვენ ზამთარში ჩამოვედით და პანდემიის გამო მოგვიწია აქ დარჩენა. გარდატეხის ასაკი აქვს, არ ჰყავს აქ მეგობრები, ვერ საუბრობს ქართულად და არ ჰყოფნიდა ზრუნვა და ყურადღება.

გვქონდა პატარა ცხოვრებისეული, თუმცა არა დიდი და სერიოზული კონფლიქტები. წინა დღეს, სანამ გავიდოდა  სახლიდან, რაღაცაზე ცოტათი ვიკამათეთ. უკვე ამ დროს, ვფიქრობ, გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა. თან ტანსაცმელი ან რამე არ წაუღია. 18-ში, როგორც კი სახლიდან გავიდა, მაშინვე მოვიკითხე და რომ გავიგე, სახლიდან გავიდა, მაშინვე გავყევი, თუმცა ვერ მივაგენი ვერსად”,-ამბობს დავით ფილფანი “ფორმულასთან” საუბარში.

მისი თქმით, მოზარდი ქართულ ენაში მეცადინეობდა და იმ დღეებში კამათის მიზეზი სწორედ დავალებების შეუსრულებლობა გახდა.

ბავშვის მამა ვარაუდობს, რომ მოზარდი, შესაძლოა, ზღვაზეც იყოს და თბილისშიც. მისი თქმით, ის იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ველოსიპედის კვალი ნახა, თუმცა მეორე დღეს როდესაც იმ ადგილზე იმყოფებოდა მეორე კვალი გაჩნდა.

“ვიყავი ერთ ადგილზე სადაც ველოსიპედის კვალი ვნახე. ხიდზე გადასული იყო როგორც ჩანს და ტყისკენ წავიდა. ვერ ვიპოვე იქ.

მერე ჩამოვედი და სხვაგან გავაგრძელე ძებნა. როცა მეზობლებიც ჩაერთნენ, ისევ იმ ადგილზე ავედით, სადაც კვალი ვნახეთ და აქ უკვე მეორე კვალიც გაჩნდა.

როგორც ჩანს უკან გამობრუნდა. მერე უკვე პოლიცია ჩაერთო. ვფიქრობთ, რომ ყველგან შეიძლება იყოს  – ზღვაზეც, აქაც, თბილისშიც.  ვეძებთ და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით.

უბრალოდ მინდა ვთქვა ერთი რამ – პოლიცია აქტიურად მუშაობს, მაგრამ ნუ მომაცდენენ ხშირად და ნუ მიძახებენ გამოკითხვაზე დღეში რამდენჯერ. ჩემთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია და მირჩევნია ჩემი შვილის ძებნით ვიყო დაკავებული”, – ამბობს ილია ფილფანი.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, მათ შორის, ანაკლიაში.

361 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი