​ქორწილის გადახდას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სანამ ეპიდსიტუაცია არ მოგვცემს ამის საშუალებას, მანამდე დიდი ქორწილების გადახდისგან თავი უნდა შევიკავოთ.

„კორონავირუსმა კარგად გვასწავლა ხელების დაბანა, ხომ? მთელი ქვეყანა სადაც შედის ძალიან ხშირად სპირტიანი დეზინფექტორებით იმუშავებენ ხელებს. ამასაც გვასწავლის, რომ ხანდახან ზღვარგადასული ბევრი ჩვენი კარგი ტრადიცია შევამსუბუქოთ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 723 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 495 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია – 3614, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

270 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი