სკოლა არ გვასწავლის, რომ შეცდომის დაშვება შეიძლება და აუცილებელიცაა, რადგან მხოლოდ ასე შეგიძლია, ისწავლო.

კონფერენციის – „Завтра по имени“ – თერთმეტი წლის მონაწილე გვიყვება, რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა.

  • მასწავლებელი
    სკოლაში მისვლისთანავე ცდილობენ შიში შთაგაგონონ. ერთ – ერთი შიში მასწავლებლის შიშია.
  • შეფასების შიში
    პირველი შიშის შემდეგ შეფასების შიში ვითარდება, ხოლო შემდეგ, დედისგან, სკოლის დირექტორისგან სასჯელის მიღების შიში. სკოლაში არ ითვალისწინებენ ვინ ხარ შენ. სკოლაში მიღებული შეფასებების მიხედვით გაფასებენ.
  • შეცდომის დაშვების შიში
    კიდევ ერთი შიში შეცდომის დაშვების შიშია. სკოლა არ გვასწავლის, რომ შეცდომის დაშვება შეიძლება და აუცილებელიცაა, რადგან მხოლოდ ასე შეგიძლია, ისწავლო.
  • დაცინვა
    კიდევ ერთი მიზეზი თანაკლასელების დამცინავი დამოკიდებულებაა და, ხშირ შემთხვევაში, ამას მასწავლებელი უწყობს ხელს, რადგან მოსწავლეების თანდასწრებით, ერთმანეთს ადარებს მათ მიღწევებს. მათთვის შეფასება მოსწავლეზე მნიშვნელოვანია. მე ბავშვებისთვის განკუთვნილ ხელოვნების წრეში დავდიოდი, ბისერებით სამაჯურების აწყობა, თიხით ძერწვა, ტყავის სამაჯურების კეთება და ბევრი სხვა რამ ვისწავლე. როდესაც აღმზრდელი სკოლაში მასტერკლასის შესათავაზებლად მივიდა და ჩემს მიღწევებზე ესაუბრა მასწავლებელს, მან თქვა: „ტიმოთის გულისხმობთ? შეუძლებელია.“
  • უაზრო ტესტები
    ტესტები, რომლის დახმარებითაც აფასებენ მოსწავლეებს დაუჯერებლად უაზროა, რადგან ისინი საკუთარი პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ გაძლევს. ბავშვი დადებითი შეფასების მიღების მიზნით, ცდილობს პასუხი შემოთავაზებული ვარიანტებიდან აარჩიოს, თუმცა, ხომ შეიძლება, მას თავისი ვერსია ჰქონდეს? არა მგონია, ისეთი დრო მოვიდეს, როდესაც ყველას ემახსოვრება ყველა ქვეყნის დედაქალაქი, ყველაფერი, რაც ტარას შევჩენკომ დაწერა ან რას უდრის კვადრატული ფესვი ხუთიდან. მგონია, რომ კონკრეტული საკითხით დაინტერესებული ადამიანი იმაზე მეტს გაიგებს საინტერესო საკითხზე, ვიდრე ბავშვი ათი წლის მანძილზე სკოლაში. ხოლო, თუ მას სხვა სფეროებიდან დასჭირდება ცოდნა, ის ცოდნის გამდიდრებას მარტივად შეძლებს.
  • საშინაო დავალებების მოცულობა
    ვკითხულობდი, რომ ბავშვის აკადემიური მოსწრებისა და წიგნიერების გაუმჯობესება საშინაო დავალებებზე დამოკიდებული არაა. ერთხელ ინგლისურ ენაში იმდენი დავალება მომცეს, სამი საათის მანძილზე წერის შემდეგ, კისრის შემოტრიალება ვერ შევძელი. მომავალი ერთი კვირის მანძილზე კისრის საყელოთი დავდიოდი.
  • უნიკალობის აკრძალვა
    სკოლაში არ უყვართ, როდესაც ვინმე სხვებისგან განსხვავდება. ეს მიდგომა მასწავლებლისგან გამომდინარეობს, აისახება მოსწავლეზე და მთელი ცხოვრების მანძილზე გავლენას ახდენს მასზე.
  • სკოლა არ გასწავლის ბედნიერებას
    წავიკითხე ამბავი The Beatles – ის წევრ ჯონ ლენონზე, რომელსაც ხუთი წლის ასაკში დედამ უთხრა, რომ მთავარი ბედნიერებაა. სკოლაში მისვლის შემდეგ, მას ჰკითხეს: „ვინ გინდა, გამოხვიდე?“ მან უპასუხა: „მინდა, ბედნიერი ვიყო.“ მას უთხრეს: „შენ ვერ გაიგე დავალება,“ რაზეც მან უპასუხა: „თქვენ არ გესმით, რა არის ცხოვრება.“
  • სკოლა არ გასწავლის ინფორმაციასთან მუშაობას
    მაგალითად, მე ვუყურებდი არხს YouTube – ზე, სადაც ფიზიკის მასწავლებელი მსუბუქად და წარმტაცად ხსნიდა მასალას. ასეთი რესურსების ყურება და კითხვა თავისუფლად შეცვლის ათობით მოსაწყენ გაკვეთილს.
  • სკოლა არ ამზადებს ადამიანებს ზრდასრულის ცხოვრებისთვის
    სკოლა ზრდასრული ცხოვრებისთვის მზადებაა. თუმცა, ის არც იმას გვასწავლის, როგორ შეინარჩუნო ან გაზარდო შემოსავალი, არც იმას, როგორ მიიღო ის და არც იმას, როგორ გამოიმუშავო. ვთვლი, რომ მთავარი საგანი, რომელიც სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, ისეთი საგანია, რომელიც ერთმანეთის გაგებაში დაგვეხმარებოდა. ურთიერთობის ცოდნა ხომ ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.

სტატია ვებსაიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.

წყარო: https://bit.ly/2vyWgi

250 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი