ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა გურგულიანი ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადება.
26 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისში ვერის კალათბურთის სასახლეში ლაშა 69 კგ წონით კატეგორიაში თავისი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დასაცავად მექსიკელ ედგარ ორტეგას დაუპირისპირდება.

ლათინური ამერიკის მექსიკელი ყოფილი ჩემპიონი WBO ვერსიით ძალიან სერიოზული მეტოქეა, თუმცა ლაშა სრული დატვირთვით ემზადება ბრძოლისთვის და არაფრის დათმობას არ აპირებს.
ჩვენი გვერდი მზადების პროცესის შესახებ ლაშას გაესაუბრა.

„2 თვეა ინტენსიურად ვემზადები უშუალოდ ამ ბრძოლისთვის. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. გავიარე ფიზიკური ვარჯიშების ციკლი და სპარინგები წყვილებში. ვიმუშავე ტომარასთან, სისწრაფისა და გამძლეობის გაუმჯობესებაზე და ყველანაირად კარგად ვგრძნობ თავს. ახლა ფიზიკურად უკვე ნაკლებად ვიტვირთები, რომ არ გადავიღალო. 26 იანვარს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ფორმის პიკში უნდა შევხვდე ბრძოლას.

მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი მოკრივეა. უყვარს შეტევა და კარგი გამძლეობაც აქვს. ვნახე და მწვრთნელებთან განვიხილე მეტოქის ბრძოლები, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები შევისწავლე და მინდა შეგპირდეთ რომ ძალიან სანახაობრივ და საინტერესო ბრძოლას შემოგთავაზებთ 26 იანვარს! მეტოქეს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ბრძოლაში ვერ დავინდობ და ჩვენი ჩემპიონის ქამრის საქართველოში დატოვებას ვაპირებ!

რა თქმა უნდა ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში ქომაგის მხარდაჭერის იმედი მაქვს. დიდი ხანია ასეთი დონის ბრძოლა საქართველოში არ გამართულა და დარწმუნებული ვარ დარბაზში სრული ანშლაგი იქნება. ეს კი მე დიდ ძალასა და მოტივაციას მაძლევს. ყველას ვპირდები რომ მათ იმედებს არ გავუცრუებ, ბოლომდე დავიხარჯები და ღირსეულად დავიცავ მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს !

პ.ს ლაშა გურგულიანმა 2019 წლის 25  მაისს მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, გამარჯვება კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს  მიუძღვნა. წარმატებებს ვუსურვებთ მას ამ ბრძოლაში!

ქართული კრივის ქომაგებს კი მოგიწოდებთ აქტიურად უგულშემატკივროთ ქართველ ჩემპიონს !

წყარო :www.Boxing Group Prmation

სპეციალურად საიტისთვის: ნინი ბაბლუანი

www.ReadTime.ge

595 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი