,,ამ წუთს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მოხდა ფილტვების გასუფთავება სისხლისგან. ჩაიდგა ორთვიანი ეკმო აპარატი. გაკერვა ჯერ არ დასრულებულა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ანიტა ფაცაციას ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

,,იმედი გვაქვს, შეგვეძლება მეტი დეტალი გითხრათ მალე. უღრმესი მადლობა, რომ არ გვტოვებთ… გთხოვთ, განაგრძეთ თქვენი სასწაულმოქმედი ლოცვა. ნათლობის სახელი – ანიტა”, – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.

2 წლის ანიტას ფაცაციას დილით კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა, რადგან ,,ეკმოს” აპარატი, რომელიც გუშინ ჩაუდგეს, ორგანიზმმა ვერ მიიღო.

ანიტას მდგომარეობა ორი დღის წინ დამძიმდა. მას პნევმონია განუვითარდა. პაციენტი რენიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, 2 წლის ანიტა სამკურნალოდ ავსტრიიდან ინდოეთში ჩაფრინდა.პაციენტი ქვეყანაში სპეციალური რეანო-თვითმფრინავით ჩაიყვანეს. ანიტა ქალაქ ჩენაის კლინიკაში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს.

ანიტას თვითმფრინავის გადაადგილებას ინტერნეტში ასეულობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.

2 წლის ანიტა ფაცაცია, დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძვის. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება, რაც სხვადასხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანიტა სამკურნალოდ ავსტრიაში იმყოფებოდა, თუმცა გულის გადანერგივს ოპერაცია ადგილზე ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ოპერაციაზე თანხმობა მხოლოდ ინდოეთმა განაცხადა, თუმცა ოჯახი ამ დრომდე ელოდება დონორის გამოჩენას.

პროცესში ჩართულია საქართველოს ელჩი ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილი. 17 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების კონფერენციაზე თქვა, რომ 2 წლის ანიტა ფაცაციას მიღებაზე ინდოეთში მდებარე კლინიკამ თანხმობა განაცხადა. მინისტრმა საქართველოს ელჩს ინდოეთში ტრიბუნიდან საჯაროდ მოუწოდა, არ დარჩენილიყო აღნიშნულ კონფერენციაზე და დაუყონებლივ გამგზავრებულიყო ინდოეთში, რათა 2 წლის პაციენტის საკითხი პირად კონტროლზე აეყვანა.

ანიტას მკურნალობას ინდოელი ბიზნესმენი აფინანსებს.

830 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი