„მოვითხოვთ სტალინის ძეგლის აღდგენას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე“ – ამ მოთხოვნით კომუნისტები და სტალინისტები საბჭოთა დიქტატორის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ.

იოსებ სტალინის დაბადებიდან 140-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან კომუნისტები დღეს გორში ჩავიდნენ. მათ ძეგლის აღდგენის გარდა, მოითხოვეს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. გარდა ამისა, ქართველმა კომუნისტებმა დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

დღევანდელი მიტინგი წინა წლებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ წითელ დროშებზე საბჭოთა სიმბოლიკა, ნამგლის და უროს სახით, არ იყო. მოქალაქეებს ეკეთათ ქუდები და შარფები რუსული წარწერით – სსსრ.

მიტინგის დასასრულს კომუნისტებმა მსვლელობა მოაწყეს ქალაქის ცენტრისკენ, სადაც 2010 წლამდე საბჭოთა დიქტატორის ძეგლი იდგა. ძეგლის ადგილზე მათ ყვავილები დაალაგეს და საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაიმეორეს.

დღევანდელი მიტინგი გორში ინციდენტების გარეშე დასრულდა.

182 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი