აფხაზეთის უძველესი მოსახლეები სვანები, უფრო სწორად, მათი წინაპარი სუანო-კოლხები ყოფილან. ამას ადასტურებს ანტიკური ხანის ბერძნულ-რომაული წერილობითი ცნობები, ტოპონიმიკა თუ ეთნო-ლინგვისტური მასალა.

ისტორიული ცნობებით, სუანო-კოლხები კოლხეთის (ეგრისის) მეფეს ემორჩილებოდნენ, მაგრამ თვითმყოფადობასა და უძველეს ადათ-წესებს მაინც ინარჩუნებდნენ.

ძველი ბერძენი გეოგრაფისა და ისტორიკოსის, სტრაბონის მიხედვით, სვანები ბატონობდნენ ირგვლივ მოსახლე ხალხებზე  და ეკავათ ვრცელი ტერიტორიები ზღვისპირეთიდან ამიერკავკასიის ბარამდე და დიოსკურიის ზემოთ კავკასიის მწვერვალები.

ამასთან, როგორც სტრაბონი წერს, მეტად მრავალრიცხოვანნიც ყოფილან — ასეთი მრავალრიცხოვანი ხალხი იმ დროს მთელს კავკასიაში არ ცხოვრობდაო

Participantsay

„სოანები… უკეთესი მეომრები და ძლიერები არიან ყველასთან შედარებით. ყოველ შემთხვევაში, ისინი ბატონობენ მათ გარშემო მცხოვრებ ყველა ხალხზე, რომელთაც კავკასიის მაღლობები უჭირავთ დიოსკურიადის გარშემო. მათ ჰყავთ მეფე და 300 კაცისაგან შემდგარი საბჭო. ამბობენ, რომ შეუძლიათ 200.000 კაცისაგან შემდგარი ჯარის გამოყვანა… ზოგიერთები მათ აგრეთვე უწოდებენ იბერიელებს…“

სვანთა განსახლების არეალში შედიოდა დღევანდელი აფხაზეთის ზღვისპირეთის უდიდესი ნაწილიც, რასაც ადასტურებს ანტიკური ხანის რომაელი მეცნიერი კლავდიუს პტოლემეოსიც. მისი ცნობით, დღევანდელი გაგრა-ბიჭვინთის სიახლოვეს სუანო-კოლხები ცხოვრობდნენ.

ცნობილი მეცნიერი გიორგი მელიქიშვილი წერდა:

  • „ძველად სვანები გაცილებით მეტ ტერიტორიაზე იყვნენ დასახლებული, ვიდრე მოგვიანებით, რაზეც მეტყველებს როგორც ისტორიული წყაროები, ისე დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკის ანალიზი, რომელიც სვანურ სახელწოდებებს ავლენს კოლხეთის როგორც მთიან, ისე დაბლობ ნაწილში“.

მის მოსაზრებას იზიარებს ისტორიკოსი ნიკოლოზ ბერძენიშვილიც: “საკმარისია თვალი გადავავლოთ დასავლეთ საქართველოს ბარის მოსახლეობას და საოცარ სურათს დავადგენთ: ამ მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ სვანური მოდგმისანი არიან — სამეგრელო, რაჭა, ლეჩხუმი, და ეს მომენტი უძველესი დროიდან მოდის.

ასე რომ, ჩვენში რატომღაც გავრცელებული მოსაზრება, თითქოს სვანები მთიდან შუა საუკუნეებში ჩამოსახლდნენ ზღვისპირეთში, მცდარია და ამაზე მეტყველებს უაღრესად დიდძალი ეთნო-ლინგვისტური თუ ფოლკლორული მასალა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აფხაზეთის ტოპონიმიკა უმეტესწილად სვანურია:

  • მიუსერა — სვანურია და თოვლიანს ნიშნავს. მიუსერას სიახლოვეს მაღალი გორაკია, სადაც თოვლი დიდხანს ნარჩუნდება;
  • აჩირხა — სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში; „ჩირხა“ სვანურია და ქვის ბროლს, თეთრ ქვას ნიშნავს;
  • ჟაბნა — სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში; სვანურიდან „აღმოსავლეთის უბანს“ ნიშნავს;
  • ლეჩქოფი — სოხუმის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული, წარსულში ჭაობიანი ადგილი. „ლეჭყოპი“ სვანურია და ჭაობიანს ნიშნავს;
  • ცხუმი  — სოხუმის უძველესი სახელი. ნიშნავს „რცხილას“;
  • ტყუბუსი — ადგილი სოხუმის სიახლოვეს. ნიშნავს „ტყუპს“ და უკავშირდება ტყუპ ძმა დიოსკურიებს, რომლებმაც ქალაქი დიოსკურია დააარსეს (ეს ქალაქი ამჟამად ზღვაშია ჩაძირული);
  • ლაკადა — ჰქვია აფხაზეთისა და სამეგრელოს მთის ტყიან ზოლს. ნიშნავს სანაჯახეს;
  • მერხეული — სოფელი გულრიფშის რაიონში. „მერხელ“ სვანურია და ჭინჭარს ნიშნავს. ის აქ დღესაც ფართოდ გავრცელებული მცენარეა;
  • ტამიში სოფელი ოჩამჩირის რაიონში. ნიშნავს უმოსავლო ადგილს. „ტამ“ სვანურია და შიმშილს ნიშნავს;
  • ლაბრა — სოფელი ოჩამჩირის რაიონში. ლაბრა სვანურიდან ასაკლებ ადგილს ნიშნავს.

გარდა ამისა, სვანური სახელებია: ბაბუშერა, ბაჩა, დუმურიში, ლათა, გერგეში, გენწვიში, ფუსტა, აჩადარა, გაგრა…

უცნაურია, მაგრამ „მთის ხალხის“, ანუ სვანურ ენაში არის „საზღვაო ტერმინებიც“. მაგალითად: „ძუღა“ — ზღვა, „ცუზ“ — თევზი, „ფილიკვაი“  — ნავი.

როგორც ჩანს, სუანო-კოლხებს კავშირი ჰქონდათ ანტიკური ხანის განთქმულ მეზღვაურებთან — ფინიკიელებთან და, შესაძლოა, ნავის სახელი „ფილიკვაიც“ ამასთან იყოს კავშირში…

ვანო სულორი

sputnik-georgia.com
743 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი