19 წლის ბიჭები – ზუკა ვაშალომიძე და ლუკა ლომსაძე ინტელექტუალური სატელევიზიო თამაშის “უპასუხე საქართველოს” გამარჯვებულები გახდნენ. მეორეკურსელმა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა დაძაბული, საინტერესო თამაშის ფონზე ღირსეულად მოიპოვეს 24 ათასი ლარი.
როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში ზუკა ამბობს, ინტელექტუალური თამაშებით ბავშვობიდან არის დაინტერესებული და სხვა შემეცნებითი ხასიათის გადაცემაშიც მიუღია მონაწილეობა:

– ინტელექტუალურ თამაშებს ბავშვობიდან ვთამაშობ, მაგალითად – “რა? სად? როდის?”, “წიგნების თაროს” მეოთხე სეზონის მონაწილეც ვარ.
– თამაშზე წასვლა ორივემ ერთად გადაწყვიტეთ, თუ ერთის სურვილი იყო და მეორემ მხარი აუბა? ელოდით, რომ ამხელა თანხას მოიგებდით?
– ლუკამ მკითხა, თუ მინდოდა გამოსვლა და მეც დავთანხმდი. რაიმე თანხას რომ მოვიგებდით ველოდით, მაგრამ ამდენს – არა. ორივე “წიგნების თაროს” მონაწილეები ვართ, თან საერთო ინტერესებიც გვაქვს ინტელექტუალურ თამაშებზე და ასე დავახლოვდით.
– მოგებული თანხით რას გეგმავთ?
– ჯერ არ გადგვიწყვეტია.
– რომელი სკოლა დაამთავრე? – სად სწავლობ და რა პროფესიას ეუფლები?
– თბილისის 50-ე სკოლის კურსდამთავრებული ვარ. საქართველოში სან-დიეგოს უნივერსიტეტში ვსწავლობ კომპიუტერულ მეცნიერებებს. უნივერსიტეტში აბსოლუტური დაფინანსებით ჩავირიცხე.
– უხერხული ხომ არ იქნება გკითხო, ბევრს კითხულობ? რა სახის ლიტერატურას ეცნობი?
– ყველაზე მეტად სამეცნიერო ფანტასტიკა მიყვარს, მაგრამ თითქმის ყველა ჟანრის ლიტერატურას ვკითხულობ, განსაკუთრებით – რუსულენოვანს.
– როცა წარმატებულ ახალგაზრდებზე ვწერთ, აინტერესებთ, როგორ სწავლობდნენ სკოლაში და სჭირდებოდათ
თუ არა მშობლების მითითება? შენ შემთხვევაში როგორ იყო, ზუკა?
– სკოლაში სწავლის დროს, მშობლების მითითება ნაკლებად მჭირდებოდა, დამოუკიდებლად მერჩივნა მეცადინეობა. საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა მიყვარდა.

ლუკა ლომსაძე:
– ვსწავლობ თსუ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე. თბილისის 50-ე სკოლა დავამთავრე.
– აქამდე სხვა ინტელექტუალურ თამაშებში მიგიღია მონაწილეობა?
– “წიგნების თაროში” ვთამაშობდი და ვთამაშობ კიდევ.
– რა სახის ლიტერატურას კითხულობ?
– ლიტერატურას ვკითხულობ როგორც მხატვრულს, ისევე სამეცნიეროს, რადგან თანაბრად საინტერესოა ორივე.
– როგორ ფიქრობ, ინტელექტუალურ სატელევიო გადაცემაში წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო?
-“უპასუხე საქართველოს” მოსაგებად ცოდნა და კარგი ლოგიკაა საჭირო. ამავდროულად, არ უნდა ინერვიულო და კარგად, სუფთად იფიქრო.
– როგორი მოსწავლე იყავი?
– როგორც მოსწავლე წარჩინებული გახლდით, მედალოსანი ვარ. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად გეოგრაფია და ისტორია მიყვარდა.
– როგორ ფიქრობ, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის კითხვა?
– ჩემი აზრით, ბავშვებისთვის წიგნის შეყვარება ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, კერძოდ, მშობელმა უნდა წაუკითხოს შვილს ტექსტები და ნელ-ნელა ამ გზით დააინტერესოს.
– როგორ შეაფასებ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას. ბევრი სტუდენტი საუბრობს სწავლის ხარვეზებზე და დონეზე?
– სწავლის ხარვეზებზე საუბარი რთულია. გააჩნია სკოლას და უნივერსიტეტს. ერთს, რასაც ვისურვებდი, არის ის, რომ მეტი ტექნოლოგია გამოიყენონ სასწავლო პროცესში.

რუსკა კილასონია

114 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი