ეს ამბავი ერთმა ახალგამომცხვარმა მწერალმა, გოზა კორინთელმა, მაშინ მიამბო, როცა დეპრესიით გათანგული ქუჩაში მიპოვა. აი რა მომითხრო მან:

 სადღაც შორიდან მოვდიოდი ფეხით, თუ არ ვცდები კინო საქართველოდან ავლაბარში, რადგან მაშინ იქ გვქონდა მე და ჩემ ძმას პატარა ოთახი ნაქირავები. ისეთი მთვრალი ვიყავი, რომ თავიდან მხარე მეცვალა, შემდეგ ცოტა გამოვფხიზლდი და სწორი გეზი ავიღე. მთელი ღამე მოვდიოდი და მთელი ღამე ციოდა. ჰაერი მეტად უხეში და მსუბუქი იყო, ქუჩას მიძინებოდა, მისავათებული სახლები ტროტუარებზე ატუზულიყვნენ. მეტი არაფერი მახსოვს მთელი იმ მანძილიდან, ვიდრე ბარათაშვილის ხიდამდე.

 ბარათაშვილის ხიდზე ვიღაც კაცი შევნიშნე, ცალი ფეხი არ ჰქონდა. ალიონს გამოპარვოდა სახლიდან და ცალ ფეხს ავარჯიშებდა. მივუახლოვდი თუ არა, მაშინვე მოაჯირს მიეყრდნო. ოდნავ ჩავცდი, შემოვბრუნდი. ბორდიულზე მოესწრო ჩამოჯდომა. იანვრის თერთმეტი თეთრდებოდა. მანქანები აქაიქ მოძრაობდენ. თავი ვერ დავაღწიე ცდუნებას და მივუახლოვდი.

 –შეიძლება? – ბარბაცით წავადექი თავზე. თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და ფეხსაცმელზე თასმის შეკვრა დაიწყო. სიგარეტი ამოვიღე, ერთი ღერი მასაც გავუწოდე და მის გვერდით ჩამოვჯექი.

  –ფეხი სად დაკარგეთ? – პირდაპირ ვკითხე. ამღვრეული თვალები მომაშუქა, ხმა არ გამცა. შევიშმუშნე, ღრმა ნაფაზი ამოვრტყი, ნახევრამდე დავიყვანე ღერი. მივხვდი, რომ უზრდელურად გამომივიდა. –მაპატიეთ, უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ ცნობისმოყვარე ვარ და ამიტომ

 –ომშიცოტა უხეშად მიპასუხა. შემდეგ შემრიგებლური სახე მიიღო და შემრიგებლურივე ტონით მითხრა. – შვილო, ცოტა გულგაციებული ვარ, არ მიწყინო.

გოზა კორინგელი, მწერალი, – ვუთხარი და ხელი გავუწოდე.

ნიკო ცინცაძე, ომის ვეტერანი, – მოღუშული სახით მითხრა და ხელი ჩამომართვა.

ფეხი აფხაზეთის ომში დაეკარგა ერთერთი შეტევისას, მაგრამ ფეხის დაკარგვის ისტორია არ გამიმხილა და რადგან ვუთხარი, რომ დამწყები მწერალი ვარ და საინტერესო ამბებს ვუყრი თავს კრებულისთვისმეთქი, ერთი ისტორიის მოყოლაზე დამყაბულდა.

 ეს ამბავი გაგრიდან უკანდახევის დროს მოხდა, – დაიწყო მან. კიდევ ერთი ღერი მთხოვა, ორივემ გავაბოლეთ და განაგრძო.

ჩემ ოცეულს ერთი ჩერქეზი ბიჭი მეთაურობდა, სახელად ვარადა, ბათუმში დაბადებული და გაზრდილი. გვარი აღარ მახსოვს სამწუხაროდ. იცის ომმა მნიშვნელოვანი წვრილმანების დავიწყება. ჯმუხი შესახედაობით გამოირჩეოდა, აყლაყუდას ვეძახოდით მოფერებით. ისეთი მძიმე მუშტი ჰქონდა, ხარს წააქცევდა. ძველი, საბჭოთა ჯარში ნაქონი მუნდირი ეცვა, თავზე ერთი გახვრეტილი ჩაფხუტი ეფარა, ამბობდა, ბაბუაჩემმა გერმანიაში თავი გადაირჩინა ამით და მეც დამიცავსო. საოცარი თვალები ჰქონდა, თმა შეჭაღარავებული, თუმცა ოცდაათისაც არ იყო. ტანად სუსტი იყო, მაგრამ ღონიერი. ნიკაპთან პატარა იარა ეტყობოდა, ბათუმში დანით ჩხუბისას გაეკაწრა მოწინააღმდეგეს, რომელსაც, მისი თქმით, უდიდეს პატივს სცემდა. ყველაფერი მდინარე ბზიფის მახლობლად მოხდა, იმ სოფლის სახელიც აღარ მახსოვს. აფხაზებმა ალყაში მოგვაქციეს. ოთხნიღა დავრჩით. მძიმე არტილერია ბომბავდა სოფელს. ერთი დღე გავუძელით, შემდეგ კი, ვარადამ დანებება გვიბრძანა, იქნებ სიცოცხლე გადავირჩინოთო, გვეუბნებოდა. ერთი სამტრედიელი ბიჭი გვყავდა, სერგი, თავს იგიჟებდა თავი შევაკლათო, მაგრამ ვარადა სიტყვას არ გადავიდოდა. სიმართლე გითხრა შვებით ამოვისუნთქე. რაღა ბევრი გავაგრძელო და აფხაზებზე ტყვედ ჩაბარება ჯოჯოხეთის ტოლფასია, ზოგადად ტყვეობის შაბლონია ასეთი, მაგრამ იმ დღეს ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ასეულის სერჟანტი მოგვიახლოვდა მაშინ, როცა მიწაზე გართხმულები და უიარაღოები შეგვნიშნა. ცოტა ხანს გვიცქერდა, შემდეგ ხმადაბლა გამოცრა კბილებში, თქვენში ვინ არის წოდებით უფროსიო. ვარადა წამოიმართა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევათ. გამახსენდა სულ რომ გვეუბნებოდა, მტერსაც მოყვასივით თუ არ სცემს პატივს, ღირსეული კაცის სახელი არასოდეს უნდა ატაროს კაცმაო. გაოცებული შევყურებდით ამ ამბავს. სერჟანტი ცოტა ხანს ათვალიერებდა აყლაყუდას, რომელიც გაჯიუტებული იდგა მის წინ და ხელს არაფრის დიდებით არ უშვებდა ქვევით.

 –რა წოდება გაქვს? – მკაცრად, მაგრამ ხმადაბლა ჰკითხა სერჟანტმა.

ოცეულის ოფიცერი ვარ, – მიუგო ვარადამ.

რა გქვია? – წრე შემოუარა სერჟანტმა.

ვარადა. ბათუმიდან ვარ, – გვარიც იქვე უთხრა, მაგრამ როგორც გითხარი არ მახსოვს.

მე კახა ვარ, შონია, გაგრელი, დედა მყავს აფხაზი. ცოტა ხანს ერთმანეთს ათვალიერებდნენ, შემდეგ ისევ სერჟანტმა დაარღვია სიჩუმე.

მოკლედ შენ ჩემი ტყვე იქნები, ამ ბიჭებს კი, ცოცხლად დავამარხინებ, – შეუვალი ტონით გამოისროლა. სიმართლე გითხრა ლამის ჩავიფსი. არ ყოფილა მარტივი სიკვდილი, თან ცოცხლად დამარხვით. ტანში გამცრა. სერგის ხელი ვიგრძენი, რომელიც ხელზე მაგრად შემომაჭდო. კანკალებდა. მეოთხე, გოგლა მიქელაძე, ჩვენგან მოშორებით იწვა და თვალებით მეუბნებოდა იმავეს, რასაც ჩაბარებამდე ოცი წუთით ადრე, შვილის საფლავი მანახა და მერე მომკლა, არ მანაღვლებს მეტი არაფერიო.

არა, – გადმოგვხედა ვარადამ.

ეს ბიჭები დაიტოვე ტყვედ, მე კი, გინდა ცოცხლად დამმარხე, გინდა დამწვი. მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელი და მე უნდა მაგებინო პასუხი, – სერჟანტმა შემოგვხედა. ხმას არ ვიღებდით, თვალებშიც კი არ ვუყურებდით. შემდეგ ხმამაღლა გაეცინა, ქვეშაფსიებიოამოაფურთხა და გაგვეცალა.

სამი კვირა დავყავით ტყვეობაში. შემდეგ შევარდნაძის დავალებით იოსელიანმა გამართა რაღაც მოლპარაკებები აფხაზურ მხარესთან და გამოგვისყიდეს, თუ სხვა აფხაზ ტყვეებში გადაგვცვალეს არ ვიცი. ვარადას ამბავს კარგა ხანს არ ვკითხულობდი, მეშინოდა, რომ სასტიკი სიკვდილით იყო მოკლული და ვერ გავუძლებდი მონათხრობის მოსმენას, სინდისის ქენჯნის სიმწარემ კი, არ მომცა საშუალება მშვიდად გამეგრძელებინა ცხოვრება.

ომი გაგრძელდა. ისევ ფრონტს დავუბრუნდი. დიდი სტრესი გადავიტანე, ვიდრე საცეცხლე ზონაში მოვხვდებოდი თავიდან. აფხაზეთში დაბრუნებიდან არ გასულა ორი კვირა და გალთან აფხაზების კოლონას ჩავუსაფრდით, რომელიც ორი ტანკისგან, ოთხი ჯავშან ტრანსპორტიორისგან და სამი ,,ურალისსატვირთოსგან შედგებოდა. გამარჯვება ახლოს იყო, როცა ის სერჟანტი შევნიშნე შორიახლოს. ბიჭებს ვუთხარი, რომ ის კაცი ცოცხალად უნდა აგვეყვანა. ავიყვანეთ კიდეც. ვერ მიცნო, მიუხედავად იმისა, რომ სამი კვირის განმავლობაში დაკითხვაზე მასთან დავყავდი ვიღაც ორ რუსს. თავი გავახსენე, შემდეგ კი, ვარადას ამბავი ვკითხე. შემომხედა, სახე სახესთან მომიტანა და შემაფურთხა. ავტომატის ჯერი გადავატარე. არ ვიცი რამდენი ტყვია მედო მჭიდში, მაგრამ მთლიანად, რომ დავცალე მახსოვს. ამ ამბის შემდეგ დაახლოებით ათ წელზე მეტი გავიდა. ვარდების რევოლუცია მომხდრი იყო, სააკაშვილი გაპრეზიდენტებული. აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზული სვლები დაიწყო თბილისმა.

მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო ბათუმში მომიწია ჩასვლა. მაისს თბილი დღეები დაემთხვა, კარგი ამინდები ეჭირა ბათუმს. ოთხში, საღამოს, ახლანდელი გორგილაძის ქუჩაზე, ჩემი შორეული ნათესავის, ლია კვაშალის ბინას ვეძებდი, რომ ღამე მასთან გამეთია. ქალაქში მძიმე სუნი იდგა. ქუჩები დაეცარიელებინა უბედურების მოლოდინს. ხალხს გამძაფრებული ჰქონდა შიში. კორპუსი ოცდაექვსი მაისის ქუჩის კვეთაში იდგა. კარგად მახსოვს ნატყვიარები ჰქონდა. სადარბაზოს შესასვლელთან ოთხი პატარა ბიჭი დამხვდა, შენი თანატოლები იქნებოდნენ. ხელში ,,ბაბოჩკადანები ეჭირათ და პროფესიონალებივით ათამაშებდნენ. ყავარჯენს დავებჯინე და ლიას სახლი ვკითხე. ერთერთმა ახსნა დამიწყო. ამ დროს დანარჩენი ბიჭები რაღაცამ ააღელვა. ერთმა მათგანმა ხმადაბლა უთხრა ბიჭებს, რომ აყლაყუდა ისევ მთვრალია და დაგვერევა, დროზე ავითესოთ აქედანო. აქ ნიკო ერთხანს შეყოვნდა. შევამჩნიე როგორ გადმოუგორდა ცრემლი ღაწვზე. სუნთქვა შემეკრა, ყელში ბურთი გამეჩხირა. ნასვამზე უფრო მარტივია ცრემლამდე მისვლა. ერთი ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო: მთელი ათი წელი გავიდა. ამ ხნის გამავლობაში კოშმარი არ მომცილებია. ყოველ ღამ ვხედავდი, როგორ ღრიალებდა ყოველი პეშვი მიწის დაყრისას ვარადა, ან როგორ ეკიდებოდა ხმელ ტანზე ცეცხლი და როგორ იწვოდა საბუხრე შეშასავით მისი ჩამოძვალტყავებული ხელები. ახლა კი ყველაფერი მორჩა, ყველა კოშმარი დასრულდა. ღამე შეეშვებოდა ჩემს გატანჯულ ძილს და დავისვენებდი. ახლოს ჩამიარა, თითქმის მხარი გამკრა. ბარბაცებდა. სახეში შემომხედა, რომელი ხარო დამიღრიალა. ხმა, რომ არ ამოვიღე, ხელი ჩაიქნია და კიბეს მიაშურა. ალბათ მეორე და მესამე სართულებს შორის იქნებოდა, როცა გავიგონე, თუ როგორ შეაგინა სირცხვილს, როგორ დაწყევლა დაბადება, როგორ დალოცა ვიღაც, ვისაც უცხო სახელით მოიხსენებდა. ლიასთან აღარ ავსულვარ. ღამე სანაპიროზე გავატარე. აი, ასე დასრულდა ეს ისტორია. იმედია გამოგადგება. თხრობა დაასრულა. სიგარეტი ამოვიღე ჯიბიდან და მივაწოდე. მზე ღრუბლებს იქით იფხანდა აქავებულ თავს. სადღაც მტრედები ღუღუნებდნენ. გაუნძრევლად ვიჯექით ბორდიულზე მანამ, სანამ პირველი ფიფქი არ ჩამოგვადნა სახეზე. უსიტყვოდ დამემშვიდობა. თვალს არ ვაშორებდი.

ნელა მიუვიდოდა ხიდის ნაპირს, დროგამოშვებით მტკვარს გადახედავდა. ხიდის ბოლოს მიაღწია თუ არა, ტანი ზანტად მოაბრუნა ჩემსკენ და დაიყვირა. –კოშმარი გრძელდება, გესმის? ეს ოხერი კოშმარი გრძელდება.

ავტორი: ირაკლი დეისაძე (დეი)

 

387 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი