სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის, სოსო გოგაშვილის შვილი ერთერთია, ვინც მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობების “სირცხვილია” და “შეცვალე” აქციის დასაშლელად მივიდა. ნიკა გოგაშვილის თქმით, “გული შემტკივა ჩემს ქვეყანაზე” და “ეს არის ტერორისტული ორგანიზაციის გამპრავებელი ძალა, რომელსაც არ აინტერესებს ქართული ფუნდამენტური ღირებულებები და არეულობას ცდილობს”. მისივე მტკიცებით, სამოქალაქო აქტივისტები თავად ცდილობენ ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას.

“9 წელი რომ ხალხი გააუპატიურეს?” – კითხულობს ნიკა გოგაშვილი.

TV პირველის კითხვაზე, აქციის შესახებ თუ იცის სოსო გოგაშვილმა, აქტივისტი პასუხობს – “რა შუაშია, შვილს უფლება არ აქვს, მოვიდეს და დადგეს ქართველი ხალხის გვერდზე? მეკრძალება? ჩვენ ხელს არავის არ ვუშლით, უბრალოდ, გული გვტკივა, რომ ეს ძალა მორალს გვიკითხავს”.

კითხვაზე, იცის თუ არა სოსო გოგაშვილმა, რომ თავად ძალადობრივ კონტრაქციაზე იმყოფება, ნიკა გოგაშვილი პასუხობს – “მე ვარ სრულწლოვანი, მყავს ოჯახი და რას ცვლის, ინფორმაცია აქვს თუ არა? სოსო გოგაშვილი არაფერში არ არის ჩართული, ჩვენი, ახალგაზრდების კეთილი ნებაა,. რომ არ გვინდა, ესენი აქ იყვნენ. ჩვენ გვაღიზიანებს ეს ძალა”.

კითხვაზე, არის თუ არა ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, ნიკა გოგაშვილი პასუხობს, “არა, მე ვარ მოქალაქე”.

“მამაჩემი რა შუაშია, მეცინება უკვე, რას ცვლის ეს, 6-ის მერე სახლში უნდა წავიდე თუ? არაფერში მონაწილეობას არ იღებს, მე ვდგავარ აქ” – ამბობს “ოცნების” აქტივისტი.

ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო მოძრაობების “სირცხვილია” და “შეცვალე” აქცია 19:00-ზე დაიწყო. ისინი მცხეთის მერიასთან მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტების ცემას და დაკავებას აპროტესტებდნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ ყვირილით და გინებით. მმართველი გუნდის აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობის წევრებს რამდენჯერმე ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ქართული ოცნების პარტაქტივსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის კორდონი გააკეთა, “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა “შეცვალეს” და “სირცხვილიას” აქციის მიმართულებით პიროტექნიკის და სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს. შედეგად დაშავდა 5 სამოქალაქო აქტივისტი.

პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. პირიქით, ისინი მშვიდობიან აქტივისტებს მოუწოდებდნენ, გარიდებოდნენ აგრესიული დაჯგუფებებს და შესაბამისად, ტერიტორიას. სამართალდამცველებმა სირცხვილიას წევრებს ამისთვის ყვითელი ავტობუსიც შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

ტაბულა

73 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი