2020 წლისთვის ევროპაში პირველ და მსოფლიოში 30 ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილებს შორის საქართველო დაასახელა ვებგვერდმა travellemming.com. გამარჯვებული ქვეყნების ჩამონათვალი საქართველოთი იწყება.

რეიტინგი ყოველწლიურ გამოკითხვას ეყრდნობა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველო მოგზაურებისთვის ჯერ კიდევ ბოლომდე აღმოუჩენელი მარგალიტია.

„კავკასიის მთები ტოლს არ უდებენ ალპებს, ხოლო ძველი თბილისის ბოჰემური ნაწილი ფეხით მოსიარულეს პრაღის შთაბეჭდილებას უქმნის. ღვინო დასაბამს საქართველოდან იღებს. ისეთი განსაკუთრებული ადგილია, სადაც ევროპული სტილის დასვენება შეგიძლიათ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი ტურისტის ბიუჯეტით“, – წერს Travellemming.

ვებგვერდი მომხმარებლებს ურჩევს საქართველოში აპრილში ან ოქტომბერში იმოგზაურონ: „ეს პერიოდი საქართველოში სტუმრობისთვის ყველაზე საუკეთესო დროა“. აუცილებლად სანახავ ადგილებად კი Travellemming სვანეთს, კახეთის რეგიონს და ძველ თბილისს ასახელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში სულ 7 237 560 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 6.6%-ით აღემატება.

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +37.8%, გაერთიანებული სამეფო +28.9%, პოლონეთი +26.8%, საფრანგეთი +25.9%, ნიდერლანდები +25.4% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +130.4%, ყირგიზეთი +84.4%, ყაზახეთი +56.4%, ჩინეთი +48.9%, საუდის არაბეთი +45.6%, ქუვეითი +32.8% და სხვა.

102 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი