“შეუძლებელია ასწავლოთ ბავშვს უკეთ მოქცევა, თუ მას თავს ცუდად აგრძნობინებთ. როდესაც ბავშვები კარგად გრძნობენ თავს – ისინი კარგადაც იქცევიან.”

ბავშვის აღზრდა დიდ შრომას მოითხოვს. ხშირად, მშობლებს უჭირთ თავის გაკონტროლება ბრაზის დროს და დაუფიქრებლად ბავშვებს ზიანის მომტან ფრაზებსა და სიტყვებს ეუბნებიან. კვლევებმა აჩვენეს, რომ გარკვეულ მიმართვებს ბავშვის აღზრდაში საკმაოდ ცუდი შედეგები მოაქვს. ქვემოთ მოყვანილი ათი ფრაზის და წინადადების თქვენი ყოველდღიურობიდან ამოღებით, ბავშვის მენტალობა უფრო ჯანსაღად ჩამოყალიბებდა.

1. “ახლავე შეწყვიტე ტირილი!” – დაფიქრდით, ეტყოდით თუ არა თქვენს მეგობარს ან თანატოლს გასაჭირის ჟამს, რომ მას შეეწყვიტა ტირილი? ბავშვებს უჭირთ საკუთარ ემოციებთან გამკლავება, რის გამოც, ზრდასრულ ადამიანებთან შედარებით, უფრო ხშირად ტირიან. ანერვიულებულ პატარას მშობლისგან ტირილის აკრძალვა კიდევ უფრო თრგუნავს.

2. “ბოსტნეული ჯანსაღი საჭმელია და აუცილებლად უნდა ჭამო.” – უფროსებისგან განსხვავებით, ბავშვები არ ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას საკვების ჯანსაღ მხარეს და ფოკუსირდებიან გემოზე. მსგავსი ფრაზები პატარა გონებაში იწვევენ დამოკიდებულებას, რომ ჯანსაღი საჭმელი ნიშნავს უგემურ ან ცუდი გემოს მქონე საკვებს. ამის ნაცვლად, გაუსვით ხაზი თუ როგორი გემრიელია ესა თუ ის ბოსტნეული და როგორ მოეწონება ის ბავშვს.

3. “როგორ მოიმატე” ან “ასე თუ გააგრძელებ გასუქდები” – ბავშვისთვის პირდაპირ მითითება, რომ ის მსუქანი ან ჭარბწონიანია შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს მისი მენტალობისთვის. ამის ნაცვლად, შეიძლება აუხსნათ პატარას, რომ მისი ცხოვრება უფრო გამარტივდება თუ ის მეტს ივარჯიშებს და სწორად იკვებება. ბავშვის ფიზიკურ ნაკლზე მითითება მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას.

4. “ნუ იქცევი პატარა ბავშვივით!” – არასწორია მოთხოვო პატარას არ მოიქცეს როგორც ბავშვი. თუ ის მიუღებლად და ასაკისთვის შეუფერებლად იქცევა, შეეცადეთ ჩაწვდეთ ქცევის მიზეზს და გამომწვევს. არ ღირს პატარას დარცხვენა იმის გამო, რომ მისი ქმედებები ბავშვურად გვეჩვენება, რადგან ეს ვერ დაეხმარება მას გამოასწოროს საკუთარი საქციელები.

5. “როგორ გავსუქდი” ან “რა ცუდად გამოვიყურები” – ბავშვებს ყველაფერი ესმით. ისინი აკვირდებიან დეტალებს, ცდილობენ მოარგონ საკუთარი თავი უფროსების ყოველდღიურობას და, შესაბამისად, აღიქვამენ მშობლების ყველა სიტყვას როგორც ნორმას და სწორ მიდგომას. დაბალი თვითშეფასების გამომჟღავნება ბავშვის თანდასწრებით ხელს შეუწყობს მასაც ჩამოუყალიბდეს არაჯანსაღი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ.

6. “ეს საქმე კარგად გააკეთე, მაგრამ…” – როდესაც ბავშვს აქებთ, შეეცადეთ არ დააბოლოვოთ ყოველი წამაქეზებელი წინადადება ნეგატიური “მაგრამ”-ით, რადგან ასეთ დროს ქება სრულიად იკარგება და ბავშვი ფოკუსირდება მხოლოდ თქვენს მიერ მიყოლებულ შენიშვნაზე.

7. “ახლავე დამშვიდდი!” – ემოციურ მომენტებში, ბავშვისგან მოთხოვნა რომ ის დამშვიდდეს არანაყოფიერია მარტივი მიზეზის გამო – ბავშვს რომ შეეძლოს საკუთარი ძალებით დამშვიდება, ის არ იფორიაქებდა.

8. “დიდ ბიჭებს/გოგოებს არ ეშინიათ ასე მარტივად.” – კი ეშინიათ. დიდებს ყოველთვის, ყველაფრის ეშინიათ. აუცილებელია ბავშვს ჩამოუყალიბდეს ადეკვატური წარმოდგენა უფროსობაზე და არ ფიქრობდეს, რომ ასაკის მატება ნიშნავს პრობლემების და ემოციურობის კლებას.

9. “რატო არ შეგიძლია შენი დას/ძმას დაემსგავსო?” – მსგავსი შედარებები თანატოლებთან ან და-ძმასთან აუცილებლად ჩამოუყალიბებს ბავშვს არაერთ კომპლექსს, რომელთან ბრძოლაც მთელი ცხოვრების მანძილზე მოუწევს. ბავშვს შეიძლება ასევე გაუჩნდეს აგრესია სხვა ბავშვების მიმართ, რომლებიც მას რაიმე სფეროში აჯობებენ. აუცილებელია ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების და ინტერესების მიმართ პატივისცემით მიდგომა.

10. “იცოდე, დამიჯერე, თორე..” – დაუმთავრებელი და გაურკვეველი მუქარები არ წარმოადგენს კარგ გამოსავალს, რომ მივიპყროთ ბავშვის ყურადღება. ნაცვლად ამისა, უმჯობესია გავიგოთ რა არის დაუჯერებლობის მიზეზი და შევეცადოთ ძირფესვიანად შევისწავლოთ პრობლემა.

“ბავშვებს არ სჭირდებათ, რომ ჩვენ მათ გრძნობებს ვეთანხმებოდეთ. მათ სჭირდებათ, რომ მათ გრძნობებს უბრალოდ პატივი ვცეთ და მივიღოთ”

წყარო: www.beenke.com

სპეციალურად საიტისთვის: ნინი ბაბლუანი

www.ReadTime.ge

534 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი