თუ ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ მაღაზიის amazon.com-ის საძიებო ფანჯარაში ჩაწერთ ფრაზას: “სიყვარული/სიყვარულის მეცნიერება”,  ვებგვერდი ამ თემაზე 8523 წიგნს გიპოვით.

სიყვარულისადმი ცინიკურად განწყობილ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანები სასოწარკვეთით ცდილობენ, ჩასწვდნენ სიყვარულის არსს, რათა მისგან თავდაცვის წამალი გამოიგონონ.

მეცნიერები სიყვარულით აქტიურად 80-იანი წლებიდან  დაინტერესდნენ.

თუმცა სიყვარულის გზა ლაბორატორიამდე იოლი არ ყოფილა. გრძნობის გამოკვლევის იდეას სერიოზულად არავინ აღიქვამდა. მეცნიერებს შესაძლოა,  წარმოედგინათ  სიბრაზის და შიშის მსგავსი გრძნობების გამოკვლევა, მაგრამ არა – სიყვარულის.

ლაბორატორიული კვლევებით ჯერ ის დადგინდა, რომ სიბრაზისა და შიშის დროს პულსისა და სუნთქვის სიხშირეს, კუნთების შეკუმშვას და სხვა უნებურ რეაქციებს უნდა დააკვირდნენ. სიყვარულის “გამოჭერა” კი ამ კვლევითი ინსტრუმენტებითაც კი  შეუძლებლად ეჩვენებოდათ, რადგან მეცნიერების თქმით, იოლი იყო, სიყვარულის სიმპტომები მოუნელებლობით, თუ მანიაკალური შეტევით დაავადებული ადამიანის სიმპტომებში არეოდათ.

ელენ ჰეთფილდი, ავტორია წიგნისა „სიყვარული, სექსი და ინტიმი: მათი ფსიქოლოგია, ბიოლოგია და ისტორია”, იხსენებს, რომ 60-იან წლებში სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლისას მას არწმუნებდნენ, რომ სიყვარულის კვლევა მის კარიერას დაასამარებდა.

„მეუბნებოდნენ, რომელიმე სხვა სფეროთი დაინტერესდი, სადაც ნამდვილი საქმე კეთდებაო: მაგალითად, მათი აზრით, უნდა მეკვლია, რამდენად სწრაფად დარბიან ვირთხები”, – იხსენებს ელენ ჰეთფილდი.

სიყვარულის მიმართ დამოკიდებულება 1980-იანი წლებიდან ყველაზე პროზაული მიზეზის – შიდსის გამო შეიცვალა. ამ სენის გავრცელების შემდეგ, რომელმაც  შეყვარებულები ძალიან შეაშინა, მეცნიერებისთვისაც მნიშვნელოვანი გახდა, გაეგოთ – რა უბიძგებს ადამიანებს სასიყვარულო ურთიერთობებისკენ.

მკვლევარებმა საინტერესო დასკვნების გაკეთება დაიწყეს. მათ სიყვარული ჰორმონების ბიოქიმიურ კოქტეილად აღიქვეს.

„არ ვიცი, როგორ ავხსნა, აი, თითქოს მიწა მეცლება, თავბრუ მესხმის და სხეულს და გონებას ვკარგავ…” – ასე ცდილობს, აღწეროს საკუთარი მდგომარეობა 24 წლის შეყვარებულმა ნათიამ.

მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ნათია არაფერს იგონებს – შეყვარებული ადამიანები პირდაპირი გაგებით ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ექცევიან.

თვალებში შეხედვა, ხელის შეხება და სუნამოს სურნელი – ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ გონებიდან ნერვული სისტემისა და სისხლის გავლით მთელი რიგი პროცესები დაიწყოს. შედეგად ადამიანს უწითლდება სახე, უოფლიანდება ხელისგულები, უმძიმდება სუნთქვა. ერთი შეხედვით ეს სტრესს უფრო ჰგავს, რაც გარკვეულწილად სწორიცაა. მეცნიერების თქმით, ეს იმის ბრალია, რომ ორივე მოვლენისას – სტრესისა და სიყვარულის დროსაც – ქიმიური ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში იდენტურ პროცესს გადიან.

ახლად შეყვარებულ ადამიანს ეიფორია ახასიათებს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ რეაქციაში მონაწილე ნაწილაკები ფსიქოსტიმულატორ ამფეტამინის ქიმიური “ბიძაშვილები” არიან: დოპამინი, ნორეპინეფრინი და განსაკუთრებით ფენილეტილამინი. სწორედ ფენილეტილამინს ადანაშაულებენ ჩვენს სახეზე აღბეჭდილ უაზრო ღიმილში, რომელსაც მიმზიდველი ადამიანის დანახვა გვგვრის ხოლმე.

თუმცა მეცნიერებმა მალევე დაასკვნეს, რომ ფენილეტილამინის მოქმედება სამუდამო არ არის. ამით გზა გაეხსნა პოპულარულ მოსაზრებას, რომ რომანტიკული სიყვარული მოკლევადიანია და მალე სრულდება. დროთა განმავლობაში ორგანიზმი უბრალოდ იმუნიტეტს გამოიმუშავებს ფენილეტილამინისადმი და მას აღარ შესწევს ძალა ეიფორიული ფონი ძველებური სიძლიერით შექმნას.

ამ ქიმიური მოჯადოების დასასრული ბევრისთვის ურთიერთობის დასასრულად აღიქმება.  ხშირად სწორედ ამას უწოდებენ „სიყვარულის დასასრულს”. ნიუ-იორკის სახელმწიფო ფსიქიატრიული ინსტიტუტის დოქტორი მიქაელ ლიებოვიჩი ასეთ ადამიანებს  „ცდუნების და მიზიდულობის ნარკომანებს” უწოდებს. მათ იმდენად სწყურიათ ახლად შეყვარებულობის ეიფორია, რომ მზად არიან, პირველადი ტრფიალის და ვნების გასვლისთანავე მომდევნო ურთიერთობაზე გადავიდნენ.

„გრძელვადიანი სტაბილური ურთიერთობები ინერციულ ურთიერთობას ემსგავსება, როცა ამ ადამიანთან იმიტომ კი არ ხარ, რომ ასე გსურს, არამედ იმიტომ, რომ არჩევნის უფლება დაკარგე. ეს არასწორია. არჩევნის საშუალება მუდმივად უნდა გქონდეს, ამიტომაც მგონია, რომ ერთ ადამიანთან მთელი ცხოვრების გატარება შეუძლებელია”, – ამბობს 32 წლის ელენე, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ეს ინდივიდუალურია.

“ადამიანები მუდმივად იცვლებიან და იშვიათად პოულობ ისეთ პარტნიორს, რომელიც შენს მსგავსად იცვლება და ამ პროცესს შენთან ერთად გადის. მეორე საკითხი ფიზიოლოგიური ასპექტია: მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთ ადამიანთან სექსუალური ურთიერთობის ქონის სურვილი წარმოუდგენლად მიმაჩნია. თუმცა არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია. ასეც ხდება, თუმცა ამას გამონაკლისს ვუწოდებდი”, – ეთანხმება ელენეს 35 წლის ქეთიც.

„სრული აბსურდია, მე და ჩემი ქმარი 10 წელია, ერთად ვართ, გვიყვარს ერთმანეთი და კვლავაც ისეთსავე ეიფორიას და აღტაცებას განვიცდით, როგორსაც დასაწყისში”, –  საწინააღმდეგოს ამტკიცებს 35 წლის თამუნა.

პასუხი მეცნიერებს თამუნას მსგავს მოსაზრებებზეც მზად აქვთ. მათი თქმით, ერთგულება  და პასუხისმგებლობიანი ურთიერთობა გარკვეულ ეტაპზე ყველასთვის გადამწყვეტი ფაქტორი ხდება, მათთვისაც კი, ვინც პოლიგამიური ურთიერთობების მომხრეა. მიზეზი ისევ ქიმიური ნივთიერებებია: ადამიანის გვერდით პარტნიორის მუდმივი ყოლა გონებაში ენდორფინების გამოყოფას იწვევს. მგზნებარე ამფეტამინებისგან განსხვავებით, ენდორფინებს დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ. სიყვარული ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც ადამიანს უსაფრთხოების, ჰარმონიისა და სიმშვიდის გრძნობას ანიჭებს. ამით ხსნიან მეცნიერები საყვარელ ადამიანთან დაშორებით, ან ამ ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას: მას „ნარკოტიკის” დღიური დოზა აღარ მიეწოდება.

„სიყვარულის დასაწყისში გიყვარს ის, თუ რად გაგრძნობინებს მეორე ადამიანი თავს. მოწიფული სიყვარული კი ნიშნავს, გიყვარდეს ის ადამიანი ისეთი, როგორიც არის”, – ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქიატრი მარკ გულსტონი. ასე ხსნიან განსხვავებას ვნებიან და თანაგრძნობით სავსე სიყვარულს შორის.

„ეს დაახლოებით იგივეა, რაც ბონ ჯოვი ბეთჰოვენის წინააღმდეგ”, –  წერს ამერიკელი ფსიქობიოლოგი ენტონი უოლში, ავტორი წიგნისა „სიყვარულის მეცნიერება: სიყვარულის გაგება და მისი გავლენა გონებასა და სხეულზე”.

მაგრამ თუ მეცნიერები მეტ-ნაკლებად ახერხებენ ვნებისა და თანაგრძნობის ახსნას, დღემდე უჭირთ, დაზუსტებით თქვან, რატომ ახვევს თავბრუს ბიჭს ერთი გოგოს სიარულის მანერა და სიცილი, მაშინ როცა მეორის ვნებიანი მიხვრა-მოხვრა და ეშმაკური ხითხითი მასში ნულ ემოციას იწვევს; ანუ რის საფუძველზე იბადება გრძნობა ადამიანში ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ?

არსებობს ასეთი ვარაუდი, რომ ყველა ადამიანს გონებაში იდეალური პარტნიორის მოსაძებნად „სიყვარულის რუკა” აქვს შექმნილი. ამ რუკაზე აღბეჭდილია ყველა ის გამაღიზიანებელი თუ მომნუსხველი ადამიანი და გამოცდილება, რომელიც მას ბავშვობიდან შეხვედრია და გამოუცდია: თუნდაც ვიღაცის ხუჭუჭა თმა, მამის ხუმრობა, დედის მანერები, მეხანძრის უნიფორმა, ექიმის ხალათი და ა.შ.  ბუნებრივია, პარტნიორები ვერასოდეს აკმაყოფილებენ რუკაზე მოცემულ ყველა მოთხოვნას, თუმცა საკმარისი რაოდენობის მაჩვენებლების დამთხვევა ქსელების გადახლართვას იწვევს და გზავნის სიგნალს, რომ ეს სიყვარულია.

ახალმა საუკუნემ, უბრალოდ, შეცვალა ის, რომ ეს სიგნალი სიყვარულის მაძიებლებმა დღეს შეიძლება  ვირტუალურ სამყაროში, ონლაინ რეჟიმშიც იპოვონ ისე, რომ პარტნიორს პირისპირ არც შეხვდნენ.

“ახლა შესაფერისი ადამიანის მოსაძებნად მთელი ბაზები არსებობს. აბა, თბილისის ქუჩებში სად ვეძებო ის რჩეული ადამიანი?!” – ამბობს 35 წლის გიორგი, რომელიც ფლირტის საიტების ხშირი სტუმარია.

გიორგის პარტნიორის პოვნისთვის და შეყვარებისთვის გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე ქალს, – მიიჩნევენ მეცნიერები. ქალების მოთხოვნები გაცილებით კომპლექსურია და მათ მეტი დრო სჭირდებათ კანდიდატის შესარჩევად: უსაფრთხოება, მომავალი შვილების პოტენციური მამის ნიშან-თვისებები, სტაბილურობა და საზოგადოებრივი სტატუსი – მათთვის ეს ყველაფერი პარტნიორის შერჩევის  მთავარი წინაპირობაა.

თუმცა გარანტიებს პარტნიორისგან არა მხოლოდ ქალები ითხოვენ. შესაძლოა ამიტომაც, სულ უფრო მეტი ადამიანი სასიყვარულო კავშირს  ამყარებს მეგობართან, რომელსაც ენდობა. სინამდვილეში კი გარანტიები არ არსებობს და მხოლოდ პრაგმატული გათვლები ხშირად არ არის ხოლმე წარმატებული ქორწინების და ურთიერთობის წინაპირობა.

გერმანელი მეცნიერის, ანდრეას ბარტელის თანახმად, შეყვარებული ადამიანის გონებაში ნეგატიური ემოციისა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ითიშება. სექსუალური სურვილების აყოლისას, სხვა სურვილები ითრგუნება, ამიტომ არ ყოფნით ადამიანებს შორსმჭვრეტელობა პარტნიორის არჩევისას და გონების კარნახის მიუხედავად, მაინც მძაფრ სექსუალურ ვნებებს მიჰყვებიან.

ამიტომაც მეცნიერები არასასურველი სიყვარულისგან „განკურნებისთვის” გვირჩევენ, ვიმოქმედოთ ისევე, როგორც ნარკოტიკის ან სიგარეტის გადაგდებისას მოვიქცეოდით: შორს დაიჭირეთ თავი სტიმულატორისგან, თავიდან მოიშორეთ ყველაფერი, რაც მას გახსენებთ და ახალი საქმე წამოიწყეთ.

მსგავსი ტრაფარეტული რჩევები ბევრ ადამიანს აღიზიანებს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ამ რჩევებამდე მისასვლელად მეცნიერებს ძვირადღირებული, ხანგრძლივი და სერიოზული კვლევები დასჭირდათ. შედეგად კი, მას შემდეგ, რაც სიყვარულის ელემენტარულ ნაწილაკებად დაშლა დაიწყეს, სიყვარულის შესახებ რეალურად ახალი არაფერი აღმოუჩენიათ. ადამიანებს ისევ უყვართ, ისევ შორდებიან, ისევ ნერვიულობენ საყვარელი ადამიანის დანახვაზე, როგორც საუკუნეების წინ; ისევ არსებობენ წყვილები, რომლებიც მთელ ცხოვრებას ერთად ატარებენ და ამბობენ, რომ სიყვარული მარადიულია; და ადამიანებიც, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე არ ამბობენ უარს პოლიგამიურ ურთიერთობებზე.

2009 წელს მსოფლიო მედია აჟიტირებული წერდა, თუ როგორ მიაგნეს მეცნიერებმა ჭეშმარიტ სიყვარულს. ეს მეცნიერები ნიუ-იორკის სტონი ბრუკის უნივერსიტეტში ატარებდნენ კვლევას იმ ადამიანებზე, რომელთაც თანაცხოვრების 20-წლიანი სტაჟი მაინც აქვთ. კვლევის დასრულების შემდეგ ერთადერთი, რაც გაირკვა, ის იყო, რომ შეყვარებულ წყვილს, ურთიერთობის ოცი წლის თავზეც შეუძლია ისეთსავე გრძნობებს განიცდიდეს ერთმანეთის მიმართ, როგორსაც სასიყვარულო ისტორიის დასაწყისში.

გამოდის, რომ სიყვარულის მეცნიერების შექმნა და ამ გრძნობის ქიმიურ-ბიოლოგიური ანალიზი მხოლოდ იმიტომ იყო საჭირო, რომ მეცნიერებიც მისულიყვნენ ერთ ბანალურ ჭეშმარიტებამდე: გულს ვერაფერს უბრძანებ!

ჰერბერტის და ზელმირას სიყვარულის ისტორია

104 წლის ჰერბერტი და 102 წლის ზელმირა ამერიკაში, ჩრდილოეთ კაროლინაში  ბედნიერად თანაცხოვრობენ უკვე 85-ე წელია.  ჰერბერტის და ზელმირას ურთიერთობამ გაუძლო მეორე მსოფლიო, კორეის და ვიეტნამის ომებს, დიდ დეპრესიას და სამოქალაქო მოძრაობას. ამ ურთიერთობის განმავლობაში შეიცვალა 15 პრეზიდენტი, ადამიანი მთვარეზე გაფრინდა, დადგა Google-ის, Facebook-ის და Twitter-ის ეპოქა. 85-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი, ხუთი შვილის, ორჯერ მეტი შვილიშვილის, შვილთაშვილებისა და მათი შვილების გარემოცვაში, წყვილი კვლავაც შეყვარებულად გრძნობს თავს.

სწორედ ამის გამო, ზელმირა და ჰერბერტი ნამდვილ ექსპონატებად იქცნენ. ისინი შეიყვანეს გინესის რეკორდების წიგნში. 2010 წელს დაარეგისტრირეს Twitter-ზე, რათა ახალგაზრდა შეყვარებულებისთვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ და ურთიერთობის შენარჩუნებაში დახმარებოდნენ. ჰერბერტის და ზელმირას გვერდზე დღეში ათასობით ადამიანი შედის. როგორც ჩანს, ადამიანებს ჯერაც სწამთ მარადიული სიყვარულის, ანდა სურთ, რომ სჯეროდეთ.

ლიბელარი

961 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი