მწერალ ლია ლიქოკელის წინათგრძნობა კომპოზიტორ გია ყანჩელზე ერთი ამოსუნთქვით იკითხება:

“რამდენიმე დღის წინ ერთი ჩემთვის უცნობი კაცის სიკვდილი ვიტირე. არასოდეს შევხვედრივარ იმ კაცს, არასოდეს მიფიქრია მასზე, არც არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის იყო ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი. არ ვიცოდი, რომ მიყვარდა, და ვიტირე მისი სიკვდილი, როგორც საყვარელი კაცისა.

დილას თვალები რომ გავახილე, გია ყანჩელის სიკვდილი გავიგე. ავტირდი პირდაპირ, ვიწექი გულაღმა ჯერაც გამოუფხიზლებელი და ცრემლები კისერში ჩამდიოდა. ჩავრთე მერე, ვუსმენდი და ვტიროდი და მიკვირდა, რომ არ ვიცოდი, როგორ მიყვარდა.

მერე ჩემმა რომელიღაც მეზობელმაც ჩართო მისი “ყვითელი ფოთლები” და ვიფიქრე, რომ დღეს სახლიდან სახლში გადადის ეს მუსიკა და მთელ ქვეყანას ეფინება ოქტომბრის ყვითელ ფოთლებთან ერთად.

ნუ ტირიო, მითხრა ჩემმა საყვარელმა კაცმა. კაცმა, რომელიც მიყვარს, რომელიც ვიცი, რომ მიყვარს და მეშინია, არ მომიკვდეს.

არ ვტირი-მეთქი. დავიტირე.

განა დარდი, განა ტირილი, – დატირება.

მზე, შეყვითლებული შემოდგომა და სიყვარულის დატირების დღეები მკრთალ, შორეულ მუსიკასთან ერთად, რომლიც მსუბუქად გადაირბენს სახლებსა და ადამიანებს მის ქვეშ გაფენილი კლავიშებივით.”

92 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი