ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედამ, მისი შვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილ მწყემსს, მალხაზ კობაურს წერილი გამოუგზავნა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ, კერძოდ, სოციალურმა სამსახურმა, ამერიკიდან გამოგზავნილი წერილი ადრესატს წაუკითხა და უკან წაიღო. ადვოკატები ეჭვქვეშ აყენებენ, რამდენია სწორად გააცნეს გზავნილის შინაარსი მწყემსს, რომელმაც არა თუ ინგლისური, ქართულად წერა-კითხვაც არ იცის.

გარდა აღნიშნულისა, როგორც „მედიაცენტრმა მთავარმა“ გაარკვია, მალხაზ კობაურის საქმე სტრასბურგში მიდის. ადვოკატები სარჩელს ამზადებენ და ევროსასამართლოში მალე გაგზავნიან.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია, ხადის ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. მას უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

კობაური ციხის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. ის სამარტოო საკანში გადაყვანას ითხოვს, თუმცა, ამ ეტაპისთვის, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის.

რაიან სმიტი საქართველოში აშშ -დან, კერძოდ, კალიფორნიიდან ჩამოვიდა და კავკასიური ფარდაგების აღდგენით იყო დაკავებული. ერთ-ერთ ინტერვიუში რაიანი ამბობდა, რომ კავკასიური ფარდაგებით აზერბაიჯანში ცხოვრების დროს დაინტერესდა და ხალხური რეწვის ამ უძველესი ტრადიციის აღდგენა და პოპულარიზაცია გადაწყვიტა.

ცოლ-ქმარმა, მარნეულში საცხოვრებლად სახლი აიშენეს და შვილის საქართველოში გაზრდა სურდათ.

730 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი