გუშინ, 20 ოქტომბერს მოძრაობამ „ქვეყნის სამსახურში“ თელავში, რიგით პირველი გასვლითი აქცია გამართა. აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებს ოპოზიციური სპექტრიც შეუერთდა. ერეკლე მეფის მოედანზე შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენები.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მსგავსი აქცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყოველი თვის 20 რიცხვში დაიგეგმება.

შეგახსენებთ, 20 ივნისის აქციაზე მომიტინგეები აპროტესტებდნენ რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას. აქციის მონაწილეებბი მოითხოვდნენ პარლამენტში მშვიდობიანი გზით შესვლას, რასაც მოჰყვა დაპირისპირება მომიტინგეებსა და საპატრულო პოლიციას შორის. სპეცრაზმა აქციის დაშლა სცადა და რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. შედეგად, 240 დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს. აქედან, 4 ადამიანს დაუზიანდა თვალი, ხოლო ერთმა მშვიდობიანმა მომიტინგემ და ერთმა სამართალდამცველმა თვალი დაკარგა.

საქართველოს პარლამენტის წინ დაწყებულმა აქციამ პერმანენტული ხასიათი მიიღო. რასაც შედეგად მოყვა პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვება და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა. თუმცა მოთხოვნა, გადამდგარიყო მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია, არ შესრულდა. ორგანიზატორებმა 20 სექტემბერს მიიღეს გადაწყვეტილება, აქციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ყოველი თვის 20 რიცხვში ჩაეტარებინათ.

 

524 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი