ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება უნარების გამოცდის შედეგებით დაიწყო. წელს უნარებში უმაღლესი შეფასება – 80 ქულა არ დაფიქსირებულა. 79 ქულა კი ორმა აბიტურიენტმა მოიპოვა მესამე და მეოთხე ვარიანტებში.
პირველ ვარიანტში უმაღლესი შეფასება 77 ქულა იყო, მეორე ვარიანტში კი – 78.
ვინ არიან წარმატებული აბიტურიენტები, რომლებმაც ამ გამოცდაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს? ჩვენ ორ მათგანს გავესაუბრეთ.

ანუკი გოცაძე (მესამე ვარიანტი, 79 ქულა, კერძო სკოლა “ქართული სასწავლებელი”)

“ორი კითხვის პასუხი ზუსტად არ მახსოვდა და ორი ქულით ნაკლები დავთვალე. ერთი შეცდომა მაქვს ვერბალურში. ისიც იმიტომ, რომ ვერბალურის დროს პასუხის დაფიქსირება დამავიწყდა და მათემატიკურის დროს დავაფიქსირე შეცდომით. რეპეტიტორი არ მყავდა, რადგან სკოლაში აბიტურის საათები გვაქვს და სკოლაშივე ვემზადებოდი. აგრარულ უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ჩემთვის ყველაზე რთული 2016 წლის ტესტები იყო. წლევანდელი ტესტი წინა წელთან შედარებით უფრო რთულად მომეჩვენა.”

ნუცა ცირეკიძე (მეოთხე ვარიანტი, 79 ქულა, ქუთაისის #9 საჯარო სკოლა)

“ერთი წელი ვემზადებოდი უნარების რეპეტიტორთან. ვფიქრობ, რომ წინა წლებთან შედარებით საკმაოდ რთული ტესტები იყო, რაც საერთო შედეგებზეც აისახა. ვერბალურის ნაწილში დავუშვი ერთი შეცდომა, კერძოდ, ტექსტის გააზრებაში. ბიოქიმიის ფაკულტეტზე ვაბარებ სან–დიეგოს უნივერსიტეტში.”

გიორგი აბულაძე (მეორე ვარიანტი, 78 ქულა,
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლა):

“დაახლოებით დავთვალე და 75–დან 77–მდე ქულას ველოდებოდი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა 78 ქულა რომ დავინახე. ვერ ვიტყვი, რომ ტესტი რთული იყო. საშუალო სირთულის იყო და უფრო დროის ფაქტორზე ვიყავით დამოკიდებული. მე ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, მაგდა პაპიძე, რომელიც, ამავდროულად, ჩემი დამრიგებელია და ძალიან ბევრს ვმეცადინეობდით. თავისუფალ უნივერსიტეტში ვაბარებ, ორ ფაკულტეტს შორის ვაკეთებ არჩევანს.”

93 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი