როცა ტარანტინოზე საუბრობენ, ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ის თვითნასწავლი კინოხელოვანია, ამერიკული (და არა მარტო) კინემატოგრაფიის რევოლუციონერი, რომ მაყურებლის ემოციების რეჟისორია და კიდევ იმას, რომ ეს გენიოსი არ შეიძლება არ იყოს შეშლილი! თვითონ კი ამბობს, რომ მისი ნამდვილი მასწავლებელი თვითონ ფილმები იყო (“მე არ მივლია კინოსკოლაში, სამაგიეროდ დავდიოდი კინოში”), რომ მან უბრალოდ ყველაფერი დასაშვები გახადა ფილმებში და მხოლოდ პოპულარობის მოპოვების შემდეგ მიხვდა, რომ შეიძლება ცოტა შეშლილია.

Reservoir Dogs, 1992

3 აგვისტოდან, კინოთეატრ “ამირანში”, თიბისი სტატუსთან ერთად, კვენტინ ტარანტინოს ფილმების 4-დღიანი მარათონი იწყება. ეს კი უკვე ტარანტინოს ფილმოგრაფიის ნახევარია და საკმარისია იმისთვის, რომ პირველ-აღმომჩენმაც აუღო ალღო რეჟისორის გენიას, სრულიად ნებაყოფლობით დაუმორჩილო საკუთარი ემოციები მის “დირიჟორობასა” და მისი ყველა სხვა ფილმიც ადვილად ამოიცნო.

ტარანტინოს ფილმებს ამოიცნობ მისი ეკლექტურობით, ბიბლიური პროპორციების ადამიანური ტანჯვით, გმირების მრავალფეროვნებით (მომნუსხველები, ძლიერები, კეთილები, თაღლითები, ცინიკურები და სასტიკები) და კიდევ, ამ გმირების თავიანთ საქმეში გამორჩეული პროფესიონალიზმით (დააკვირდები, “კრიმინალურ საკითხავში” რინგო და იოლანდა როგორ ცდილობენ თავიანთი ბიზნესის ოპტიმიზაციას, “უსახელო ნაბიჭვრებში” რა შემართებით ეკიდებიან თავზე აღებულ პასუხისმგებლობას და როგორ ამაყობს ალდო რეინი რომ საუკეთესოა თავის საქმეში), გმირების ჩაცმულობით, რაც უმეტეს შემთხვევაში წინა პუნქტს უსვამს ხაზს, გრძელი დიალოგებით, კოდური სახელებითა და ფსევდონიმებით (ფამფქინი და ჰანიბანი, სანტანიკო პანდემონიუმი, კარგი ბიჭი ედი, მისტერ ფინქი, შავი მამბა და კიდევ 44 სხვა). აღმოაჩენ, რომ ეს ფილმები ერთმანეთთან არა მარტო რეჟისორით, ან ამ რეჟისორის “ამოჩემებული” მსახიობებითაა დაკავშირებული, არამედ ისტორიებითაც (დააკვირდი, რას ყვება მია “კრიმინალური საკითხავი”-დან, მის წარუმატებელ პროექტში, ხომ არ გეცნობა “მოკალი ბილი”?).

Vanity Fair, 1993

ამ ჩამონათვალს მივუმატოთ სცენები საბარგულიდან, “ტერფების ფეტიში”, წარწერები ეკრანზე და აუცილებლად, უნიკალური მუსიკალური გაფორმება, რომლზეც ცალკე ისტორიაც დაიწერება. აქვე – “ცივად მორთმეული” შურისძიებების გაუთავებელი ციკლი და ის, რომ შურისძიება ვერასდროს გახდება “თვალი თვალის წილ”, შეუძლებელია – ის მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ დაიბრუნო საკუთარი ძალა და ღირსება… თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ერთი სამყარო… “ეს არის რეალურზე უფრო რეალური სამყარო, რომელშიც ეს გმირები ცხოვრობენ და კიდევ არსებობს – კინოსამყარო, სადაც ამ გმირების ამბები ხდება”.

ცოტაც ვიკიპედიური ყულაბიდან: კვენტინ ჯერომ ტარანტინო, ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი, დაბადებული 1963 წლის 27 მარტს, წარმოშობით იტალიელ-ირლანდიელ-ჩეროკი არის 5 ოსკარის, 7 BAFTA-ს, 7 ოქროს გლობუსის, 2 ამერიკის რეჟისორთა გილდიისა და 16 “სატურნის” ჯილდოს მფლობელი.

Esquire, 2019

58 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი