რეჟისორი მარიამ ხაჭვანი უშგულში უხარისხოდ რეაბილიტირებულ ისტორიულ კოშკებზე წერს. როგორც ის ამბობს ფონდი “ქართუდან” გამოყოფილი თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი ხმარდება რეალურ მიზანს.

ხაჭვანის თქმით, თანხის დაზოგვის მიზნით, სააგენტო უხარისხო მასალას იყენებს, რის გამოც, კოშკები კვლავ ზიანდება და ერთ ზამთარსაც ვერ უძლებს.

რეჟისორი კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებს და საზოგადოებას გვერდში დგომას სთხოვს:

“მეგობრებო, ყურადღებით წაიკითხეთ, გვერდში დაგვიდექით, რომ მსგავსი ფაქტი კიდევ არ განმეორდეს, არც უშგულში და არც სხვაგან.

კულტურული მემკვიდრეობის უდიერად მოპრყობას, განსაკუთრებით განვიცდი, უშგული იქნება ეს თუ საქართველოს სხვა ტერიტორია.

უშგული შედგება ოთხი უბნისგან: მურყმერი, ჩაჟეში, ჩუბიანი და ჟიბიანი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოთხი უბნიდან, სამი არის საგანგაშო მდგომარეობაში.

ორი წლის წინ ჩამოინგრა კოშკი, ორი კვირის წინაც იგივე განმეორდა. გადაადგილებაც კი საფრთხეს წარმოადგენს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ასევე ტურისტებისათვის.

ახლა გადავიდეთ ჩაჟეშის უბანზე, სადაც კოშკების და მაჩუბების რესტავრაციისთვის ფონდ ქართუმ გამოყო რამოდენიმე მილიონი, სინამდვილეში კი უშგულს მოხმარდა მხოლოდ რამოდენიმე ათასი ლარი.

სააგენტოს მიერ რესტავრირებულ თითქმის ყველა კოშკში და მაჩუბში წყალი ჩადის. წინა ზამთარს კი, სააგენტოს რესტავრირებული მაჩუბებისა და კოშკების სახურავები უკვე ჩაინგრა, ერთი ზამთარიც კი ვერ გადაიტანეს.

ანუ, ხელახლა დასჭირდათ რესტავრაცია. ხოლო, რომლებიც გადაურჩნენ წინა ზამთარს ალბათ ამ ზამთარს ვერ გაუძლებენ.

პრობლემა რაშია, ფულის დაზოგვის მიზნით (მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიყო), რესტავრაცია კეთდება უხარისხოდ. ასანთის ზომის ბოძებით რომ კოშკებს და მაჩუბებს ვერ გაამაგრებენ ეს ან არ იციან, ან არ აინტერესებთ.

მოგეხსენებათ, რომ უშგულში ზამთარი შვიდი თვე გრძელდება, ამ პერიოდის განმავლობაში ყოველდღე თოვს. ანუ, მათი რესტავრირებული კოშკები და მაჩუბები გათვლილია არა უშგულის, არამედ თბილისის კლიმატზე.

ამ საკითხში კომპეტენტური ადამიანი არ მოიძებნება?

ადგილობრივებს გვკითხონ.

ან გააკეთონ ხარისხიანად წლებს რომ გაუძლოს, ან შეეშვან უშგულით ფულების კეთებას.

სამწუხაროდ, სააგენტოს წარმომადგენლები, მათი რესტავრირებული კოშკების და მაჩუბების ჩანგრევას მოსახლეობას აბრალებს, “თოვლმა ჩაანგრიაო, არ გადათოვლესო”. იმიტომ, რომ მათი გაკეთებულისახურავები გათვლილია, როგორც უკვე ავღნიშნე ორ სანტიმეტრ თოვლზე.

მეგობრებო, ვინც არ იცით, უშგულში, სანამ თოვა არ შეწყდება, ფიზიკურად ვერ ითოვლება სახურავები.

როდესაც რამოდენიმე კვირა გადაბმულად თოვლს, განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარ-თებერვალში სახურავები თოვის პროცესში ვერ ითოვლება. ვ ე რ  ი თ ო ვ ლ ე ბ ა !!!

ამის შემდეგ, ერთი სახურავის გადათოვლას მინიმიმ ერთი კვირა სჭირდება და არის ენით აუღწერელი უმძიმესი შრომა.

ისიც თუ ამინდმა დააცადა და არ დაიწყო ისევ თოვა.

ეს არ იციან და შორიდან ზედაპირულად გვასწავლიან ჭკუას.

ამდენი საუკუნე, ეს კოშკები და მაჩუბები ზვავებმაც კი ვერ დაანგრია, ვინ იცის რამდენი სტიქია ახსოვს სვანეთს.

სულ ეხლახანს, 1987 წელს მოხდა სტიქია, მთელი ზამთარი თოვლში იყო მოტნეული უშგული, გადათოვლა კი არა, კარებსაც კი ვერ აღებდნენ,სახურავებს აცდა თოვლი, ამათი ფარატინა გაკეთებული, ხომ მიწასთან გასწორდებოდა პირველივე დღესვე.

აღდგენა-ნიშნავს იმას, იგივე ხარისხით რომ გააკეთებენ და არა იმას, გარედან უბრალოდ თვალების ასახვევად კოსმეტიკას რომ უკეთებენ.

თუმცა, იგივე ხარისხით, კარგად რომ გააკეთონ, რომ უშგულის მკაცრ კლიმატს წლები გაუძლოს, საუკუნეებზე ხო საუბარიც ზედმეტია, ალბათ ნაკლები ფული მოხვდება მათ ჯიბეებში.

სურათზეც კი ჩანს, რა ფარატინა სახურავები აქვს და შიგნით რა ხდება ადით და თქვენი თვალით ნახეთ.

ამას იმიტომ ვწერ, რომ კიდევ არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი, კეთილი ინებეთ და გააკეთეთ ხარისხიანად! 

სამი წლის წინ, უშგულში “დედე”ს გადასაღებად ასულს, ასეთი სურათი დამხვდა, ის მშენებლები, რომლებიც სოფელ ჩაჟეშში რესტავრაციას აკეთებდნენ, სოფელ ჟიბიანის მოსახლეობას გაურიგდნენ. ჟიბიანის ორ მაჩუბს მოხსნეს ფიქალის სახურავი და ჩაჟეშის მაჩუბები გადახურეს, სანაცვლოდ ჟიბიანის ეს ორი მაჩუბი გადახურეს ცინკით.

როდესაც ეს ფაქტი გავაპროტესტე, ჟიბიანის მაჩუბების მეპატრონებმა მითხრეს, რომ მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა მაჩუბში შესვლა და საქონლის მოვლა, ვინაიდან სახურავი ყოველდღე იშლებოდა სწორედ ამის გამო გაცვალეს ფიქალი ცინკში. ხოლო, მშენებლები ამით მარტივად და იაფად გამოვიდოდნენ. მე რომ მათი ეს უკანონო ქმედება არ გამეპროტესტებინა ჟიბიანის დანარჩენ მაჩუბებსაც მოხსნიდნენ სახურავს, რა თქმა უნდა თუკი ამ მაჩუბების მეპატრონეებიც დასთანხმდებოდნენ.

სააგენტოს საყურადღებოდ ვაცხადებ, რომ ჩვენ კოშკებსა და მაჩუბებს იმის გამო ვერ ვხურავთ, რომ ხარისხზე ვფიქრობთ. თორემ ორ სანტიმეტრიანი ბოძები რომ შველოდეს თქვენ ნამდვილად არ შეგაწუხებდით,“ – წერს მარიამ ხაჭვანი.

54 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი