თორრნიკე ნაროზაული

პოეტი თორრნიკე ნაროზაული ზურა ბუდაღაშვილის დაკავებას გამოეხმაურა:

რეციდივისტი ზურა ბუდაღაშვილი!

ზუსტად იგივე სურათს შექმნიდნენ წინა ხელისუფლების კარის ტელეკომპანიები ზურა ბუდაღაშვილისგან, “ციხის კადრების აქციების” დროს რომ მომხდარიყო მსგავსი შეტაკება, ვინაიდან ამ კაცმა გამოაიარა გლდანის ციხის სისასტიკე და 19 წლის ასაკში თავის მოგიჟიანება დასჭირდა, რომ ვიღაც სასტიკ ბადრაგს არ მოეკლა, მხოლოდ იმიტომ, რომ ზურამ შეურაცხყოფა ვერ აიტანა!
3 წელი ხონის ფსიქიატრიულში იყო. როცა მისი მეგობრები უნივერსიტეტებში აბარებდნენ, პოეტი ზურა ბუდაღაშვილი საგიჟეთში “გიჟის პარტიას თამაშობდა”.

ზუსტად ზურა და ზურასნაირი ბიჭები იდგნენ იმ აქციების წინა ხაზებზე, რომელი აქციების დროსაც ხელისუფლებაში მყოფ მონსტრებს ებრძოდნენ ახალგაზრდები.
რის შედეგადაც მოხვედით, (მოგიყვანეთ) ხელისუფლებაში!

ჩვენც იქ ვიყავით!
და ეხლა გინდათ რუსეთის აგენტებად და ნაციონალებად მოგვნათლოთ? ეხლა გავხდით რეციდივისტები?!

თქვენ იმის შნო არ გაქვთ, ქვეყნის მტერი ქვეყნის უმაღლესი ორგანოს თავმჯდომარის სკამზე არ დასვათ; იმის შნო არ გაქვთ ის მანიაკები დაიჭიროთ, დღეს რომ უსამართლობაზე საუბრობენ და ჩვენს გულწრფელ ბრაზსა და პროტესტს (თქვენივე ხელშეწყობით) სათავისოდ იყენებენ.
ეს ჩვენი კი არა, თქვენი ბრალია!

თქვეენ გამო არიან ის მანიაკები გარეთ ან პენტჰაუსის სადარ “კამერებში” და ზურა ბუდაღაშვილი ციხეში!

შეწყვიტეთ! მორჩით! ნუ ემსგავსებით იმ ხროვას, თორემ ციხის კედლები ვეღარ დაიტევს ნაღდ ქართველ ბიჭებს და გარეთ ისინი დარჩებით, ვისაც იმის შნოც არ გაქვთ, რომ “საკუთარი” სკამები დაიცვათ დამპყრობლებისგან, არათუ ქვეყანა!

ამდენი ხანი შუაში ვიდექი და ორივე მხარის დანაშაულზე ვსაუბრობდი, მაგრამ ახლა თქვენ გინდათ, რომ 4 კაცს შეაწმინდოთ სისხლიანი ხელები, რომელთაგან ერთზე თავი დამედება, რომ როგორც ზურა ბუდაღაშვილს უყვარს საქართველო, პოლიტიკოსთა უმრავლესობას ასე საკუთარი ოჯახის სიყვარულიც კი არ შეგიძლიათ, არათუ ქვეყნის!

დაიჭირეთ, ვინც დასაჭერია და არა ის ქართველები, რომლებიც საქართველოს სიყვარულისთვის მებრძოლებადაც იქცევიან და მლოცველ ბერებადაც თუ ეს ქვეყანას დასჭირდა.
დაიჭირეთ ისინი, ვინც ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი, ძალადობისკენ გადახარა და ხელჩართულ ბრძოლაში ჩაგვრთო ქართველები, ხელი აგვაწევინა ჩვენს ძმებზე და ჩვენს ძმებს ჩვენთვის ტყვიები ასროლინა!

ნუ დაიჭერთ ზურას საქართველოს სიყვარულის გამო!
ან ადექით და ჩვენც დაგვიჭირეთ, ჩვენც არანაკლებ გვიყვარს ჩვენი სამშობლო!

პ.ს.

ხვალ არის ზურას სასამართლო.
10 საათზე ვიკრიბებით დიღომში, მთავარ სამმართველოსთან.
მე არავის არაფერს გთხოვთ, უბრალოდ გეუბნებით: თუ გსურთ კადრებს დაუჯერეთ თუ გინდათ იმ სიმართლეს, რომლის მხარესაც ვდგავარ მთელი სიცოცხლე და რომლისთვისაც არასოდეს მიღალატია.

281 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი