ჰაიაო მიაძაკი იაპონელი რეჟისორი, ანიმატორი, მანგის მხატვარი, პროდიუსერი და სცენარისტია, რომელმაც შექმნა ყველასათვის საყვარელი ანიმეები: “გატაცებული მოჩვენებების მიერ” , “ჩემი მეზობელი ტოტორო”, “პრინცესა მონონოკე”… მიაძაკის საოცარი და ემოციური ანიმეები მაყურებელს გულგრილს არასდროს ტოვებს. ნებისმიერ ადამიანს – ბავშვებს და უფროსებს – შეუძლია აღმოაჩინოს მისთვის საინტერესო  სტუდია “გიბლის” (მიაძაკის კომპანია) ანიმეებში. ბავშვებს ხიბლავთ გრაფიკული მხარე და მათში გადმოცემული თავგადასავლები, ხოლო ზრდასრული ადამიანები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე პოულობენ მათ ახალ-ახალ მნიშვნელობას.

“ლაპუტა: სასახლე ცაში” მაიაძაკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმეა, რომელიც 1986 წელს გამოვიდა და  დისნეისა და პიქსარის ბევრი ანიმაციური ფილმის, როგორიცაა – “მაღლა”, “უოლი” და “ატლანტისი: დაკარგული სამყარო” შთაგონების წყარო გახდა.

ანიმეში მოთხრობილია მფრინავ კუნძულ ლაპუტაზე, რომლის პოვნა შესაძლებელია მხოლოდ მფრინავი ქვის საშუალებით, რომელიც პატარა გოგონას, სიტას აქვს. სიტა სიუჟეტის დასაწყისში გაიცნობს პაზუს და ისინი ერთად ცდილობენ დააღწიონ თავი მეკობრეებსა და სამხედროებს და იპოვონ ლაპუტა. ერთ-ერთ სცენაში ვხედავთ სიტას ბავშვობას და მის პატარა სოფელ გონდოას, სადაც მთავარი პერსონაჟი იზრდებოდა.

გონდოა სულ რამდენიმე წამით ჩანს ეკრანზე, თუმცა მისმა სილამაზემ დიდი გავლენა მოახდინა მაყურებელზე. გონდოას მთები, ფერმები და კოშკები მიაძაკიმ, სავარაუდოდ, საქართველოს, კერძოდ კი სვანეთის შთაგონებით  შექმნა. ეს პატარა სოფელი გამოირჩევა თავისი მაღალი კოშკებით, რომელიც ზუსტად ასახავს სვანურ კოშკებს, რომლებიც სიმაღლეში 20-25 მეტრისაა და ადრე თავდაცვითი ნაგებობის ფუნქცია ჰქონდათ. ეს კოშკები იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია და ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს მათ.

სამწუხაროდ, დანამდვილებით ალბათ ვერასდროს გავიგებთ, რატომ აირჩია მიაძაკიმ სწორედ სვანეთი გონდოას აღსაწერად, ან საერთოდ, მართლა სვანეთის გავლენით არის თუ არა შექმნილი, რადგან მიაძაკი არასდროს ამხელს თავისი შთაგონების წყაროს. თუმცა,  მაინც საფიქრებელია, რომ  – გონდოა საქართველოს, კერძოდ, სვანეთის გავლენითაა შექმნილი, რადგან სხვაგან არსადაა ასეთი კოშკები, მთები და ბუნება.

ავტორი: ლიზი მახარაძე

წყარო: hammock.ge
551 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი