29 ივნისს რუსეთის სახელმწიფო მედიის Россия 1 ეთერში საფრანგეთის აკადემიის მუდმივმოქმედმა წევრმა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბიძაშვილმა, ელენ კარერ დ’ანკოსმა თქვა, რომ რუსეთი არავის მტერია.

ჟურნალისტის თქმით, ცოტამ თუ იცოდა, რომ ის ზურაბიშვილი იყო და მისი ბიძაშვილი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომლისგანაც ცოტა ხნის წინ გაიგეს, რომ რუსეთი მტერი და აგრესორია. რუსმა ჟურნალისტმა მასთან საუბრისას ქართველი დეპუტატებიც ახსენა, რომლებმაც კოლეგებთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზი დატოვეს.

“ძვირფასო მეგობარო, თქვენ იცით, რომ ყველა ოჯახში სხვადასხვა ადამიანი და განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ფიქრობენ, რომ თქვენ ერთი აზრი გაქვთ, სხვას კი განსხვავებული აზრი აქვს. მე კარგად მიცნობენ რუსეთშიც და საფრანგეთშიც. მე ვფიქრობ, რომ რუსეთი არავის მტერი არ არის. მე არაფრის გაკეთება შემიძლია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა – მაშინ, როდესაც ჩემი ბიძაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, მე გადავწყვიტე, რომ არსად, არასდროს ვილაპარაკებდი საქართველოზე და ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე.” – თქვა მან.

რუსმა ჟურნალისტმა ელენ კარერ დ’ანკოსს ევროსაბჭოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ჰკითხა, ახარებდა თუ არა ის ფაქტი, რომ რუსეთი საპარლამენტო ასამბლეაში კვლავ მიიღეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს მოსალოდნელი იყო.

“ვიჯექი და ვუყურე ტელევიზორს, სადაც ყველა დებატს აჩვენებდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ასე დასრულდებოდა. ეს მარტივი არ ყოფილა. რუსეთს შეეძლო ევროსაბჭოდან რეალური უფლებამოსილების გარეშე გამოსულიყო. მე მგონია, რომ ეს სანქციების მოხსნის პირველი ნაბიჯია. ბოლოს და ბოლო, რაღაც მოხდა. იქ 200 ადამიანია და 196-მა რუსეთს დაუჭირა მხარი. გადაწყვიტეს, რომ ამ ცივი ომიდან გამოსვლის დროა.” – თქვა ელენ კარერ დ’ანკოსმა.

წყარო: ტაბულა

93 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი