ალბათ დაგვეთანხმებით, რომ Seen Facebook-ის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფუნქციაა. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ “სინავთ” თუ თქვენ “დაგსინეს”. შედეგი ყველა შემთხვევაში ცუდია.

თუ თქვენ გსინავენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა გოგოს ბოლოს და ბოლოს “ჰეი” მისწერეთ, ფრუსტრაცია გარდაუვალია. ხოლო თუ თქვენ სინავთ, მაშინ ეს მეორე მხარის განაწყენებას იწვევს და თუ თქვენ ისეთი ადამიანი ხართ, რომელსაც სხვების წყენინება არ უყვარს, მაშინ თვითონაც გემატებათ სანერვიულო მიზეზი.

Seen-ის თავიდან ასაცილებლად უამრავი გზა არსებობს. მაგალითად, მოწერილი მესიჯის ტელეფონის ნოტიფიკაციაში წაკითხვა და შემდეგ იგნორირება – მაგრამ სმარტფონების ეკრანზე ამომხტარი ნოტიფიკაცია მხოლოდ 162 სიმბოლოს იტევს და თუ მესიჯი დიდია, მაშინ ამ მეთოდს აზრი ეკარგება.

მეორე მეთოდი, ამომხტარი ჩეთის ფანჯარაზე დაწკაპუნების გარეშე წაკითხვაა. ანუ როცა ჩეთის ფანჯარა ამოხტება, შეგიძლიათ მონაწერი უბრალოდ წაიკითხოთ და პირდაპირ ჩაკეცოთ, მთავარია თვითონ ფანჯრის შიგთავსში არ მოგიხვდეთ მაუსის კურსორი. თან აქაც მონაწერის სიგრძეზეა ყველაფერი დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ ჩეთის ფანჯარაში დიდი მონაწერის მხოლოდ ბოლო ნაწილი ჩანს და დასაწყისი შეიძლება ვერ ნახოთ, ასევე თუ ადამიანი რამდენიმე აბზაცად გწერთ, წინა მესიჯები ზემოთ ადის და ასქროლვის და შესაბამისად ჩეთის ფანჯრის გააქტიურების გარეშე ამ მესიჯებს ვერ ნახავთ.

მაგრამ არსებობს მესამე, ყველაზე სანდო მეთოდი.

როგორც კი მოგივათ ტექსტი მესენჯერში, ტელეფონი გადაიყვანეთ Airplane Mode-ზე ანუ ფრენის რეჟიმზე და მხოლოდ ამის შემდეგ გახსენით მესენჯერის აპლიკაცია. ცხადია, იქ წითლად დაეწერება, რომ ინტერნეტთან კავშირი არ არის, მაგრამ რადგან მესიჯი მაშინ მოვიდა როცა ინტერნეტი ჩართული გქონდათ, ტექსტი უკვე თქვენთანაა და მის სანახავად ქსელთან დაკავშირება არ გჭირდებათ.

სწორედ ასე, ფრენის რეჟიმში გახსენით მონაწერი და წაიკითხეთ, ხოლო როგორც კი კითხვას მორჩებით, მაშინვე დახურეთ აპლიკაცია, ოღონდ კი არ ჩაკეცოთ, არამედ დახურეთ.

რა ხდება ამ დროს? თქვენ მესიჯი წაიკითხეთ, მაგრამ ქსელთან კავშირის არ არსებობის გამო აპლიკაციამ ვერ შეძლო წაკითხვის ნოტიფიკაციის გაგზავნა წერილის ავტორთან და ვერც გააგზავნის სანამ ახლიდან, უკვე ინტერნეტთან დაკავშირებული ტელეფონით ან კომპიუტერით არ გახსნით იმავე ფანჯარას.

წყარო: on.ge

273 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი