რუსეთის დუმის დეპუტატი, რომლის თბილისში ვიზიტსაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოყვა, საქართველოში ჩამოსასვლელად ისევ მზად არის.

რუსული სააგენტო “ინტერფაქსის” კითხვაზე, როდის ესტუმრება საქართველოს, სერგეი გავრილოვი ამბობს – “თუნდაც ხვალვე.”

სხვა ასეთი ადგილი, როგორიც საქართველოა, არ გვაქვს სერგეი გავრილოვი.

”მე პირადი გეგმები მაქვს და ძალიან მინდა იქ ჩასვლა. შემოდგომაზე, როდესაც მცირედ აგრილდება, ბავშვებთან ერთად გვქონდა დაგეგმილი [საქართველოში] მომლოცველად ჩასვლა. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ, იმიტომ რომ სხვა ასეთი ადგილი, როგორიც საქართველოა, არ გვაქვს”.

ინტერფაქსთან საუბრისას, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტმა წევრმა, სერგეი გავრილოვმა ბოლო ვიზიტიც გაიხსენა და თქვა, რომ საქართველოში მისი სტუმრობა რუსეთის პატრიარქმა კირილემ აკურთხა.

“გამგზავრებამდე მე აღსარებაზე ვიყავი პატრიარქ კირილესთან და ვეზიარე; რჩევები ვკითხე. მან დამლოცა და მითხრა რომ ჩვენ სიკეთით უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობები”- უთხრა გავრილოვმა ინტერფაქსს.

20 ივნისს, გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან, უმწვავესი პროტესტი მოჰყვა. შესვენების შემდეგ სხდომა აღარ გაგრძელებულა, გავრილოვი და დუმის სხვა დეპუტატები კი, იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ. საპროტესტო აქცია პირველ დღეს რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაშალა სპეცრაზმმა. გადადგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. აქციები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მე-9 დღეა გრძელდება.

წყარო: რადიო თავისუფლება

119 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი