20-21 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება ნათია ფანჯიკიძე. ფსიქოლოგი პროტესტის მეცხრე დღეს, აქციიდან ირმა შარიკაძის ფოტოებს აზიარებს და წერს:

“მსოფლიო არ მომივლია, მაგრამ სადღაც-სადღაც მიმოგზაურია… ბოლოს და ბოლოს ნიუ იორკში ვცხოვრობდი, ქალაქში, რომელიც მსოფლიოს სანატრელი მომავლის უნიკალური მოდელია, – პლანეტის ყველა კულტურის და ეთნოსის ხალხის მშვიდობიანი, მჩქეფარე და საინტერესო, ამავდროულად ინდივიდუალურობის შენარჩუნებით თანაცხოვრების მაგალითი.

მინახავს ყველა ერის წარმომადგენელი. ასეთი სახეები, ასეთი სილამაზე, მზერის ასეთი სიღრმე, მჯერა ობიექტური ვარ, რომ მგონია, ამ დოზით და ამ პროცენტით არსად არაა. ხოდა ამ მშვენიერების ზრდასრულობის დრო კიდევ ერთხელ დადგა და ამ ერთხელ მაინც დავიცვათ, რომ ისევ არ გაგვინადგურონ, ისევ არ შეიწირონ მათი ცხელი გულები, იმისთვის, რომ მერე მათ სისხლზე, რაღათქმაუნდა ყოველთვის ცოცხლად გადარჩენილმა კრებითმა ქუცნაშვილმა თქვლიფოს ქვეყანა, კრებითმა უკულტურობამ და გამყიდველობამ, რომელიც ისევ ისე შეირგებს, როგორც შეურგია და მათ, ვინც სისხლი ღვარა, ნარკომანებს, “პიდარასტებს” და კრიმინალებს დაუძახებს, რომ მადლიერიც კი არასდროს იყოს თავისი გაზულუქებული, უშინაარსო ცხოვრების გამო.

ყველას, ვისაც უბრძოლია, პროვოკატორს, საუკეთესო შემთხვევაში გაბრიყვებულს დაუძახებენ და სოდიანი წყლით გაყალბებული ბორჯომის გასაყიდად გაიქცევიან მტრის უკანალში შესაძრომად. თქვენ კი არჩიეთ ნაც-ქოცობის შედარებითი დახასიათება ობსესიური აღგზნებით და უკუნითი უკუნისამდე. ამათთვის თვალების დათხრა კი არა, ნაკაწრი არ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს, განა ვინმეს მიმართ პიროვნული პრინციპის გამო, არამედ მთავარი მისიის შეგრძნების გამო, – ჩვენი მთავარი ვალია, ერთი თაობა მაინც გავზარდოთ ისე, რომ გარეშე მტერმა კი არა, მშობლების და ბაბუა-ბებიების თაობამ არ ხოცოს”- წერს ნათია ფანჯიკიძე

289 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი