პოეტი ზვიად რატიანი პოსტს აქვეყნებს:

არ გიფიქრია, როგორ ისწავლეს
უტყვმა კედლებმა შენზე ტირილი.
არ გიფიქრია, როგორ დატოვეს
ძველი სიზმრები ჩემმა თვალებმა
და როგორ შევრჩი მე უშენობას,
როგორც დეკემბერს ხმელი ფოთოლი.

არ გიფიქრია, ღამის ოცნებამ
როგორ დახატა ჩემი ნიღაბი
და შემოდგომის გლუვ სიყვითლეებს
როგორ მიუგდო მისი სიჩუმე.

არ გიფიქრია…
შენ ჩემგან მხოლოდ
დასრულებულ გრძნობას ითხოვდი,
შენ მზა სიყვარულს სწოვდი ჩემს ძარღვებს
და არაფერზე, არაფერზე არ გიფიქრია!

და მეც მომქონდა შენთან ღიმილი –
ჩემ სახეს რომ შერჩა –
ძველისძველი, შეუცნობი გაზაფხულიდან.

და მე ვმალავდი შენთან ჩემს თვალებს
და ჩემს თვალებთან
შენი ტუჩების გაშიშვლებულ ვნებას ვმალავდი.

სისხლი იწოვდა შენს სხეულს, სიტყვებს…
მე ვერ გხედავდი,
ბრმა ვიყავი და ვერ გხედავდი!

შენ უსახსოვრე ჩემს სიყვარულს ეს სიმარტოვე,
შენ გაიყინე ჩემს ძარღვებში გამთენიისას,
პირველად მხოლოდ შენ ტიროდი ჩემს გადარჩენას
და შენ გიყვარდი…

მე კი ვერცერთი შენი ნატვრა ვერ ავასრულე,
შენს ნაწვიმარ თმებს შევახოცე ჩემი ოცნება
და წავედი უახლოეს უშენობაში –
იქ, სადაც ჩემი სიმარტოვე უკვე მელოდა…
და ჩემს კეფაზე დიდხანს ლღვებოდა
შენი მზერის ბასრი ნამსხვრევი…

53 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი