სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შს მინისტრ გიორგი გახარიას ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

„ეს ადამიანი 2017 წლის 13 ნოემბრიდან დანიშნა ივანიშვილმა შს მინისტრად და უთხრა მემსახურე. მას შემდეგ უმარავი კრიზისი შეიქმნა ამ ქვეყანაში, რომელი ერთი ჩამოვთვალო. კონკრეტულ ფაქტებზე გვექნება საუბარი. რომელიმე მათგანზე პასუხს აგებს თუ არ აგებს? გამოუძიებელ საქმეებზე, ასევე ტერორისტული ჯგუფის შუაგულ ცენტრში ყოფნაზე, რის თაობაზეც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მისი ხელშეწყობით მოხდა ამ ჯგუფის საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა და ა.შ. პანკისის ხეობასთან დაკავშირებითაც ძალიან მკაფიო პასუხი უნდა გასცეს ხომ ვინ დაგეგმა, ვინ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ იქ სპეცდანიშნულების რაზმი შესულიყო. ხეობაში სადაც ერთხელ შეიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი და უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარი სახლის, საკუთარი საძინებლის ლოგინში დახვრიტეს. ამის შემდეგ ეყოთ კადნიერება და გააკეთეს ის რაც გააკეთეს. ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე?,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ კითხვების სიმწვავის მიუხედავად ისინი დღეს შს მინისტრისგან კონკრეტულ პასუხებს არ ელოდებიან. სალომე სამადაშვილის თქმით, გახარია ტრადიციულად ცინიკური იქნება.

„საინტერესოა რა პრინციპით ჩაბარდა ბატონ გახარიას ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფაქტიურად პასუხისმგებლობა, როდესაც მისი შეცდომის პირდაპირი შედეგი არის ის კრიზისი, რაც შეიქმნა პანკისში და ჩემთვის ძალიან საინტერესოა რა გამოსავალს სთავაზობს ის საზოგადოებას შექმნილი ვითარებიდან. გვექნება შეკითხვები გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ გახარია დღეს რაიმე შეკითხვაზე პასუხს გაგვცემს. მან უკვე დააანონსა, რომ რეალურად პარლამენტში მოდის რომ კიდევ ერთხელ ცინიკურად განაცხადოს საზოგადოების წინაშე, რომ ის წარმატების მაგალითია,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კონკრეტულ პასუხებს მინისტრისგან არც დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ელოდება.

„კითხვები, ალბათ, მე არა, ზოგადად, საზოგადოებას აქვს, მაგრამ დარბაზში ალბათ, არ არის მზად ბატონი გახარია პასუხების გასაცემად და დაველოდებით ახალ ფორმატს, რას შემოგვთავაზებს ყავის შემდეგ. ახლა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია და შეიძლება კვერცხებზე დაგვპატიჟოს რა ვიცი,“ – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

წყარო:News Posts

222 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი