მუსიკალური პროდიუსერი მარინა ბერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„სვანეთიდან წამოვედით… ეს დღეები გაქცევა უფრო იყო, ვიდრე დასვენება. არა, გაქცევაც არა _ პრიორიტეტების გადალაგება უფრო…
არაჩვეულებრივი დღეები გავატარეთ არაჩვეულებრივ მასპინძლებთან და ჩვენი 30 წლის წინანდელი მოგონებების თანხლებით.
ხოდა, ვბრუნდებით. ლექცია მაქვს ახალციხეში და ვერ გავაცდენ.
ასეთ მოგზაურობებში ძალიან გვიყვარს თანამგზავრების აყვანა.ლატარიასავითაა, ვინ შეგხვდება: რა ასაკის, შეხედულებების, პრობლემების, ინტერესების ადამიანი… როგორ წარიმართება საუბარი, “ამოიყრება” საერთო თემები, საერთო ნაცნობები, ისტორიები…
მოკლედ, ნაკრის გადასახვევთან ახალგაზრდა ქალი დგას. იმედით შემოგვყურებს, მაგრამ ხელს არ გვიქნევს, ბიძინა აჩერებს და დამგზავრებას სთავაზობს. ლამაზი_ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად ძალიან ლამაზი ქალი ჯერ ჩანთებს აწყობს და მერე ჯდება უკანა სავარძელზე. ჩემს უკან, ისე, რომ ვერ ვხედავ. არც სარკეში ჩანს. კარგა ხანს ჩუმადაა. არც ჩვენ ვეკითხებით არაფერს _ ტელეფონზე გვირეკავენ ჯერ ერთს, მერე _ მეორეს. გაცნობა და კონტაქტი დაგვიგვიანდა. ისევ თვითონ იწყებს: _ მეცნობით და საიდან, არ ვიციო _ ბიძინას ეუბნება. და იწყება: გიცნობთ, როგორ არ გიცნობთ, თქვენ ვინ არ გიცნობთ! საერთო ნაცნობებიც გამოგვიჩნდა…
პირველი, რაც ძალიან თვალშისაცემია _ არაჩვეულებრივად მეტყველებს. გამართული, დარბაისლური, ლიტერატურული ქართულით…
_ფილოლოგია ნამდვილად _ ვფიქრობ _ მასწავლებელი, ალბათ?!
საუბრობს მწყობრად, მშვიდად, ნერვიული და აკვიატებული ფრაზების გარეშე. ყვება სოფელზე, საერთო გასაჭირზე, საზოგადო პრობლემებზე, საქვეყნო სატკივარზე… ყვება ცოდნით, თანაგრძნობით და თანამონაწილეობით… ისე ყვება, თითქოს ყველაზე ნაკლებად თვითონ უჭირდეს…
თავის თავზე, ოჯახზე, საკუთარ პრობლემებზე არაფერს ამბობს. რაღაცნაირი საზოგადო ტიპაჟია… უცნაური და იშვიათი ჩვენს გათითოებულ დროში.
ბოლოს ვეღარ ვითმენ და ვეკითხები პროფესიაზე. არავითარი უმაღლესი განათლება არ აქვს. ან როდის მოასწრებდა…
შემდეგი შეკითხვა: რამდენი შვილი გყავთ?
_ ცხრა… _ ამბობს წყნარად. მინდა მოვბრუნდე და კარგად შევხედო, მაგრამ უხერხულია, ძალიან მკვეთრი მოძრაობა უნდა გავაკეთო. სარკეშიც ვერ ვხედავ მის სახეს.
_ კი მაგრამ რამდენი წლის ხართ? _ სულ დავკარგე ზრდილობა.
_ ოცდაცხრამეტის.
_ მუშაობ?
_ აღარ ვმუშაობ. თავი დავანებე. 120 ლარი მქონდა ხელფასი და სოციალური დახმარება აღარ მეკუთვნოდა…
აღარ ვიცი, რა ვთქვა.
მერე ვსაუბრობთ ბავშვებზე. როგორ სწავლობენ. რა კარგია, რომ ინგლისურის მასწავლებელი მოვიდა სოფელში – ამის წყალობით ნახეს ჩემმა შვილებმა სწავლის გზაო… მე რო ჩემი ნაშრომის რეალიზაცია შემეძლოს, არანაირი დახმარება არ დამჭირდებოდაო. კარტოფილი, თაფლი, ყველი, შეშა, ტყის ხილი… ყელამდე მაქვს ყველაფერი, მაგრამ გადამყიდველს მიაქვს ჩალის ფასადო…
წავიდოდი, მაგრამ სვანეთს ვერ მივატოვებო, ჩემს შვილებს ვერ დავტოვებ უსვანეთოდო.
_შვილები…
_ უფროსი სტუდენტია. ჯავახიშვილში მოეწყო შარშან, სრული დაფინანსებით. პატარა 2 წლისაა. წელს მეორე ვაჟმა ჩააბარა თავდაცვის აკადემიაში. თავისით. მოეწყო. კარანტინი გაიარა. ხვალ ფიცს დებს. დამირეკა, 4 კაცის მიწვევის უფლება აქვს ფიცის დადების ცერემონიაზე. ვუთხარი, დე, ჩამოვალ, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს გავაკეთებ და ჩამოვალ-მეთქი… ხოდა ხვალ მივალთ მე და ჩემი გოგო…
რა ქალია, ღმერთო!
ღრიალი მინდა. კიდევ კარგი, თვითონაც ვერ მხედავს. ბიძინას დაძაბულ პროფილს ვხედავ და ზუსტად ვიცი, რასაც ფიქრობს. საოცარი ადამიანი გვიზის მანაქანაში.
გვეპატიჟება თავისთან, სოფელში. პირობას გვართმევს, რომ მივალთ. შვილებს უნდა ვანახო თქვენნაირი ადამიანიო. კიდევ ბევრ რამეზე ვსაუბრობთ და ყველა სიტყვაში სულ უფრო იკვეთება მისი პორტრეტი…
ზუგდიდში ვეკითხებით, საიდან გადიან სამარშრუტოები. უარზეა, აქვე ჩამოვალ ბაზართანო. ბოლოს ვაჩერებთ ცენტრში, შადრევანთან. გვემშვიდობება და მიდის. პატარა ჩანთები უჩვეულოდ მძიმე ჩანს…
არაფერია სატირალი. დედა შვილთან მიდის, ფიცის დადების ცერემონიალზე დასასწრებად. ამაზე სასიხარულო რა უნდა იყოს? მე კი უკვე თავშეუკავებლად ვღრიალებ… რადგან ეს სილუეტი _ ლამაზი და ადრე დაბერებაშპარული ქალის სილუეტი, მძიმე ჩანთებით ოდნავ გადაფერდებული _ საოცრად ახლობელი და საყვარელია ჩემთვის…
მხოლოდ საღამოს, ბათუმში, აჭარულ ხაჭაპურზე თავდახრილს მეხსნება გონება:
_ბაზართან რატო დაიჩემა გაჩერება? რატომ? ხომ ვეხვეწეთ, სამარშრუტოში ჩაგსვამთო? _ ყველი უნდა გაეყიდა და იმიტომ. აღარ გვითხრა, მოერიდა. იმიტომ იყო ის პატარა ჩანთა ასე უმოწყალოდ მძიმე, გადაფერდებულიც იმიტომ მირბოდა.
სამაგიეროდ, ყოჩაღი ბიჭი ელოდებოდა გორში. დედა დაპირდა და აუსრულებდა: რაც არ უნდა მოხდეს დე, მოვალ უსიკვდილოდ, დე!
P.S. ძალიან ბევრი რამ მინდა ამ ნაწილში დავწერო. იქნება ოდესმე მომეცეს ამისი ძალაც და უნარიც. ახლა არ შემიძლია“ – წერს მარინა ბერიძე.

 

269 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი