ძალიან მძიმე იყო ჩემთვის შიგნიდან შეფასება, ძალიან რთულია, – ამის შესახებ მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, ახსენებდა თუ არა დაკავების მომენტში შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის გვარს, ჯიბღაშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ თავის იურისტებთან კახა ასლანიშვილთან ან ამირან გიგუაშვილთან დარეკვას ითხოვდა.

„ვიხვეწებოდი, რომ დამარეკინეთ, დაესწრონ ჩხრეკას. შემთხვევით დამინახა ჩემმა მეგობარმა და დაიწყო რეკვა ჩემს ახლობლებთან და ამის შემდეგ მოვიდნენ ადვოკატები. მე, ელემენტარულად, დარეკვის საშუალებაც არ მომეცა“, – განაცხადა ჯიბღაშვილმა.

მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავების მომენტში კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა.

„ჩემთან ერთად გადაღებულ ძალიან ბევრი ადამიანი ფოტოს ნახავთ გამომდინარე ჩემი ძალიან დიდი კონტაქტებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ნახევარ საქართველოს ვიცნობ და ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მათ შორის ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ პრემიერებთან და არ აქვს ამას მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, მე, ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით.

ეს იცის აბსოლუტურად ყველამ. ჩემმა წრემ და ძალიან ბევრმა ჟურნალისტმაც. მით უმეტეს მაშინ, როცა მე მომივიდა ასეთი შეცდომა, მით უმეტეს ამ მომენტში, არ ვისარგებლებდი არც ამ ადამიანით და არც სხვა დანარჩენი პიროვნებებით.

კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, არასოდეს გამარჯობა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. აქედან გამომდინარე, მე სასამართლოში მადლობაც გადავუხადე ჟურნალისტებს და ყველას გთხოვთ, იყოთ ობიექტურები. თითოეულმა თქვენმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს როგორც ჩემი ბედი, როცა სასამართლო პროცესი არ არის სრულად დამთავრებული, ისე ნებისმიერი სხვა ადამიანის ბედი შეიძლება გადაწყვიტოს თითოეულმა თქვენმა  ინტერპრეტირებულმა სიტყვამ“, – განაცხადა ჯიბღაშვილმა.

კითხვაზე, აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა თუ არა მას ან რა დანიშნულებისთვის სჭირდებოდა, ჯიბღაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერაფერს იტყოდა.

“რაც შეეხებ ჩემს მანქანაში არსებულ ნივთიერებებს, მე ეს ყველაფერი დავადასტურე, მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ და რა თქმა უნდა, ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს, ყველაფერი ჩემია და სხვა ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავაჟღერებ. ჩვეულებრივად მოძრაობისას გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს ეს. არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, ეს დაადასტურა გამოკვლევამაც“, – განაცხადა ჯიბღაშვილმა.

მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა 10 ათასლარიანია გირაოს გადახდის შემდეგ გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაო განუსაზღვრა.

წყარო: ახალი თაობა

31 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი