დღეიდან, პირველი აპრილიდან, საქართველოში ყველა სახის ცელოფნის პარკის გაყიდვა აკრძალულია. აკრძალულია, ასეთი პარკების როგორც გაყიდვა, ასევე ადგილზე წარმოებაც და იმპორტიც. რეალიზაციაში დასაშვებია მხოლოდ ცელოფნის [პოლიეთილენის] ისეთი პარკები, რომლებიც არის ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი, ისიც, აუცილებლად შესაბამისი წარწერით.

საქართველოს კანონმდებლობით:

მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 500 ლარით დაჯარიმდება და მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.

დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით და ასევე, მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.

პლასტიკის [პოლიეთილენის] პარკი ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებული პროდუქტია, რომლის ბუნებაში სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.

ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი კი მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული პარკია.

სპეციალისტის თქმით, ე.წ. ცელოფნის პარკი შეგიძლია დაამზადო ჩვეულებრივი პოლიეთილენისგან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ იშლება და არ ქრება ნიადაგში. ბიოდეგრადირებადი პარკი კი, შეიძლება დამზადდეს ამავე პოლიეთილენზე შესაბამისი ნივთიერებების დამატებით, რაც საბოლოოდ ცელოფნის პარკის ბიოდეგრადირებას, ანუ ბუნებაში გაქრობას იწვევს. ეს ნივთიერებები ამ პროცესს აჩქარებს.

2018 წლის ოქტომბრიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების გაყიდვა აიკრძალა. 2019 წლის პირველი აპრილიდან კი ნებისმიერი სისქის ცელოფნის პარკის გაყიდვაა აკრძალული.

2018 წელს, როგორც ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში განაცხადეს, ქალაქში თითქმის ყველა ობიექტი გააფრთხილეს, მაგრამ „ეს გაფრთხილებები იყო საინფორმაციო ხასიათის“. მერიაში ამბობდნენ, რომ ობიექტების დაჯარიმებას პირველი აპრილიდან დაიწყებდნენ.

125 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი