ქართველი ემიგრანტი სოფო იმერელი აქვეყნებს პოსტს, რომელიც გაჟღენთილია გაუსაძლისი ტკივილით.

“უდანაშაულო პატიმარი ვარ, სასჯელიც შესაბამისი მაქვს – უვადო. მხოლოდ ერთი ფანჯარა მაქვს, საიდანაც სულ ერთ და იგივე სურათი მოსჩანს წელიწადის ყოველ დროს. ვფიქრობ, ბუნება მაინც იცვლებოდეს, ცვიოდეს ხეებს ფოთლები და იბადებოდეს ახალი სიცოცხლე. არამც და არამც, მხოლოდ ამინდი იცვლება და ისე მიხარია ეს ყველაფერი, თვალს ვერ ვწყვეტ.

ტუსაღი ვარ, რომელიც კვირაში ერთ დღეს ელოდება, გარეთ გავიდეს და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს. ზედამხედველი მყავს, უფლის წყალობით, კარგი, არ მაქვს მკაცრი კონტროლი და მეც პირნათლად ვიხდი სასჯელს, ბედმა რომ მარგუნა.

ბევრი დრო მაქვს ფიქრისთვის, ვფიქრობ წარსულზე, მომავალზე, აწყმოზე. გტკივა უსაშველოდ გტკივა სხეულის ყველა ნაწილი, ყველა ორგანო. პასუხს ეძებ კითხვაზე: რატომ? და პასუხსაც ვერ პოულობ. თავს იიმედებ იმით, რომ ამ უვადო პატიმრობაში თანხას გიხდიან, რომლითაც აბედნიერებ შვილებს, უზრუნველყოფ მათ სწავლას, უქმნი კარგ მომავალს და ეს ძალას გმატებს. გენატრება ტკივილამდე.

იმედს იტოვებ, უდანაშაულო პატიმრობისთვის მოგიწევს ამნისტია და იხილავ შენს მზეს, შენ სულსა და გულს. ამით იმშვიდებ თავს, დღეები გადის, წლებიც და ახალგაზრდობაც…”, – წერს სოფო იმერელი.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი