ანა ლაშხელი-ონიანი

მათი შეხვედრა იყო ბედისწერა, ერთმანეთს სულის სიღრმეში ჩახედეს და შეიცნეს რომ იპოვეს ის, რასაც ასე დიდხან ეძებდნენ, ორი მარტოსული და იმქვეყნიურ ლანდებს გამოდევნებული ადამიანი, ქალი და ვაჟი, მეყსეულად შეიქმნენ ერთ სულ და ერთ გულ, გააცნობიერეს, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ ამ ქვეყანაზე მოვლენილები… მანამდე იცოდნენ რომ ვერავინ შეძლებდა დედამიწის გულზე ჩაწვდომოდა მათი სულის ხმას, ვერ გაიგებდა, ვერ მიხვდებოდა, ხოლო იმ საბედისწერო შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს გული გადაუშალეს და იმედი გაიჩინეს რომ ერთად მოიშორებდნენ იმ მძიმე და სულისშემხუთავ ტვირთს, რაც უნებურად დასწოლოდა მათ ახალგაზრდა, ხალას სულსა და გონებას, და რაც ასე ულმობლად ტანჯავდა მათ წუთიერ არსებობას ამ ქვეყანაზე, გაუჩნდათ იმედი რომ ერთად შეძლებნენ თავის დახსნას ყინულივით ცივი მარტოსულობისაგან, შეუცნობელი სევდისა და კაეშნისაგან, რაც აგრერიგად ჩასჭიდებოდა მათ არსებებს, აფორიაქებდა და მოსვენებას არ აძლევდა… რა იყო ეს გრძნობა, დანამდვილებით არ იცოდნენ, მის არსს ვერ სწვდებოდნენ, ვერ ხსნიდნენ, ვერ აღიქვამდნენ მიზეზს მათი სულის წვალებისა, განწირული მარტოსულობისა, სახელს ვერ არქმევდნენ, ქვეცნობიერად იტანჯებოდნენ, სული, გული და გონი უმძიმდებოდათ, უნდოდათ მოეცილებინათ, განეგდოთ, გათავისუფლებულიყვნენ ამ უცნაური და უსახელო ავადმყოფობისგან და განეცადად ყოველი წამი ამქვეყნიური სიტკბოებისა, მაგრამ ამაოდ, არაფერი გამოსდიოდათ, უძლურნი იყვნენ ბნელი ბედისწერის წინაშე, რომელიც ეუბნებოდა, რომ ამ წუთისოფელში ბედნიერებას ვერ ეღირსებოდნენ, რომ გზა მათი ცხოვრებისა იყო განწირული, ბნელი, ნაცრისფერი და ყინულივით ცივი, ამ წინათგრძნობას გაეჟღინთა ორივე და და ამ აჩემებული, ცრურწმენამდე ატანილი და აკვიატებული გრძნობის გამო შეიცნეს და შეიგრძნეს ერთმანეთი, რადგან იმ პატარა ქალაქში ალბათ არავინ დაიარებოდა მათსავით ეული და უცხო სენით შეპყრობილი, განწირული და მარტოსული, რომელთაც ცხოვრების გაზაფხულის ჟამს ცალი ფეხი იმქვეყნიურ სამყაროში ჰქონდათ გადადგმული, მიზეზს მათი ამ მდგომარეობისა ვერავის უხსნიდნენ, ვერ აგებინებდნენ… გოგონა იზრდებოდა ლაღად, ბედნიერად, ზრუნვითა და სიყვარულით გარემოსილი, უყვარდა მზე და ადამიანები, რითმავდა სიტყვებს, იყო პოეტი და ეს იყო მისი ბედისწერა, მის არსებაში ჩქეფდა გაზაფხული, სიცოცხლისა და სიყვარულის დაუოკებელი ჟინი მანამ, სანამ საკუთარ თავში არ აღმოაჩინა უცნაური და აუხსნელი გაორება… ღამეობით, როდესაც იდუმალ სიბნელეში განზავდებოდა გარე სამყარო, ეძლეოდა მისი სული მსოფლიოს მომცველ, იდუმალ სევდასა და კაეშანს, უხილავი და შეუცნობელი ენერგიით გადმოეცემოდა განცდა, რომ ამქვეყნიური, მიწიერი ბედნიერება არ არის მისი ხვედრი, რაც გადიოდა ხანი, მით უფრო შორდებოდა რეალობას და იძირებოდა იმქვეყნიურ, კოსმიურ ოკეანეში… ღამით, მიღმიერი სამყაროდან, იდუმალი და განუცდელი შთაგონების ძალით გადაეცემოდა ფრაზები, სიტყვები, აზრები გარდაცვალების გარდუვალობის შესახებ, მოულოდნელად გაღვიძებული და მიწაზე დაშვებული კი იღებდა კალამს და იდუმალ განცდილი მეყსეულად ქაღალდზე გადაჰქონდა, შესწორება აღარ ჭირდებოდა, მიღმიერი სამყაროდან მის სულში გამოტარებული და მისი ხელით ქაღალდზე აღბეჭდილი აზრები ლექსის სახეს იღებდა, იცლებოდა იმქვეყნიური ენერგიისგან, იღლებოდა, იფიტებოდა, მკვდარივით იძინებდა და გაღვიძებული ისევ ამ სამყაროს უბრუნდებოდა, ჰქონდა სრული უფლება, ყოფილიყო უზრუნველი და სიცოცხლით სავსე, ასეც იქცეოდა და ამისკენაც მიისწრაფოდა მთელი მისი ცხოვრება, ცდილობდა საკუთარ არსებაში გაზაფხულის გაღვიძებას, სულითა და გულით, გონითა და შემეცნებით ეწაფებოდა ამქვეყნიურ ცხოვრებას, როგორც ღამეულ კოშმარისგან თავდახსნილი ადამიანი, ამქვეყნიური, მოკვდავი და წუთიერი, დაცლილი ყოველგვარი ზოგადსაკაცობრიო ტვირთისაგან და როგორც ქალი, უბრალოდ ქალი, აქაური, დედამიწელი, სისხლით და ხორცით, სავსე სიკეთით და სიკეთის ქმნადობის წყურვილით, ცდილობდა როგორმე ჩაეხშო, დაეძლია უსაგნო მელანქორია და შავი ნაღველი, ჩაეკლა, როგორც უცხო რამ სხეული, შემოჩენილი, შემოჭრილი, შემოხეტებული, მიუღებელი მისი კეთილი ბუნებისთვის, და მთელი არსებით ქმნიდა გაზაფხულს მის სამყაროში, შემოქმედებაში, პოეზიაში… მაგრამ ვერსად ემალებოდა იმ აუხსნელ შეგრძნებას, განცდას, წინათგრძნობას, რომლის არსისა და მიზეზის ძიება მის გონს აღემატებოდა… ვერ გაურბოდა, ბოლოს შეეჩვია, მისდაუნებურად, ქვეშეცნეულად ეხვეოდა და იძირებოდა სევდის ზღვასა და მორევში, განიცდიდა იდუმალ, გამოუცნობ სევდასა და კაეშანს, არ კი იცოდა, ვერ ხვდებოდა რატომ, რისთვის, არც ის იცოდა რა დაერქმია ამ უცნაური გრძნობისთვის, ეს იყო კოსმიური, ყოვლისმომცველი და გაუცნობიერებელი სევდა, შავი ნაღველი, რაც არასდროს უკავშირდებოდა რომელიმე ცალკე შემთხვევას, ის იყო პოეტი, ეს იყო მისი ბედისწერა და განაჩენი, რასაც ღამეულ ზმანებებში, იმქვეყნიურ სამყაროსთან იდუმალ კავშირში ეზიარა… უხილავმა, კოსმიურმა ენერგიამ შუამავლად აირჩია იმიერ და ამიერ სამყაროებს შორის, რომ სიზმარ-ცხადში განცდილი გრძნობები ქაღალდზე გადმოეტანა და სხვებისთვის გაეზიარებინა… და როცა ბედისწერა აღსრულდა და ამ ცხოვრების გზაზე მეგობარი იპოვა, გაიჩინა იმედი რომ ამ ქვეყნადაც შეძლებდა ბედნიერებასთან ზიარებას……მხოლოდ მისი რჩეულისთვის შეეძლო სულის სიღრმეები გადაეშალა, მისი რჩეული ფიქრობდა, რომ ისიც შეძლებდა ამ ქვეყნად ბედნიერებასთან ზიარებას და მთელი ძალით მარხავდა გონებაში ბავშვობის იმ სურათებს როდესაც ყოველდღე საშინელ, სულისგამყინავ გოდების სმენაში იძინებდა და იღვიძებდა, რომ კედლიდან, გაახელდა თუ არა თვალს, ექვსი მიცვალებული უმზერდა, ყველანი მისთვის ახლობელი და მშობლიური, დედა, მამა, ორი ძმა და ორიც უახლოესი ნათესავი, ყველანი ერთად, ერთ წამს საშინელი შემთხვევით გარდაცვლილნი, რის შემდეგაც სასაფლაო მისი მეორე სახლი გახდა, შეეჩვია და შეესისხლხორცა, არც ერთი დასაფლავება არ გამოუტოვებია და ქვეცნობიერად, ასაკის შესაბამისად, ყველა მიცვალებულში თავის მშობლებსა და პატარა ძმებს ხედავდა, რაც სულს უტანჯავდა, მაგრამ მერე აღმოაჩინა რომ ამ ტანჯვისა და ტკივილის გარეშე არსებობა აღარც უნდოდა, სიკვდილი მისთვის აღარ იყო რაიმე უცხო და საშიში, სიკვდილის განცდა მასში განსხეულდა, მისი არსება შეავსო, იგრძნო რომ ეს განცდა უნდა ეტარებინა მთელი ცხოვრება, რომ დიდხანს უნდა ეცოცხლა და გულში სიკვდილი ყოლოდა ჩასახლებული, ასეთმა ფიქრებმა, აზრებმა, აკვიატებულმა წინათგრძნობებმა, რაც მის უკითხავად დაბუდებულიყო და ღრმად გაედგა ფესვი მის გონებაში ამ ცხოვრებისეული კალაპოტიდან ამოაგდო და იმქვეყნიურ ქიმერებს გამოადევნა… არ იცოდნენ რომ ამაო იყო ყოველი მათი მცდელობა მორგებოდნენ წუთისოფელს და ეცხოვრათ ისე, როგორც ცხოვრობენ ათასები, უხილავსა და გარდაუვალ ბედისწერას მათთვის საბოლოოდ ჰქონდა ბეჭედი დასმული…

31 მარტს ანა ლაშხელ-ონიანს 33 წელი შეუსრულდებოდა.

მასალა პოეტის მეუღლის, რევაზ კიკვაძის სურვილით ქვეყნდება.

138 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი