„ფეისბუქის» დამაარსებელი და მფლობელი მარკ ცუკერბერგი 29 წლის არის, თუმცა, კარგა ხანია, მილიარდიან ქონებას უდგას სათავეში. ამჟამად მისი ქონება 28,6 მლრდ დოლარია.

მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი, პროგრამისტი და მეწარმე ინტერნეტტექნოლოგიების სფეროში, 1984 წელს დაიბადა ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ უაიტ-პლეინსში, ებრაულ ოჯახში. მამამისი სტომატოლოგია, დედა — ფსიქოლოგი. მარკს სამი და ჰყავს. სკოლის წლებშივე დაინტერესდა კომპიუტერული პროგრამირებით. ქსელური თამაშების შექმნაც სცადა; ხოლო სოციალურ ქსელ «ფეისბუქის» შექმნა მეგობრებთან, კრის ჰიუზსა და დასტინ მოსკოვიცთან ერთად ჯერ კიდევ სტუდენტობისას წამოიწყო. ფინანსური დახმარება ამ ჭკვიან ბიჭებს ბრაზილიელმა სტუდენტმა ედუარდო სავერინმა გაუწია. სხვათა შორის, ის მოგვიანებით ცუკერბერგმა კომპანიის მმართველობას ჩამოაშორა, რასაც სასამართლო გარჩევები მოჰყვა.

დღეს ცუკერბერგს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანია აქვს, თუმცა, ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობს: არ უყვარს პომპეზურობა და დიდი ფუფუნება. ცოლიც სრულიად ჩვეულებრივი მოიყვანა — დიდი ხნის მეგობარი პრისცილა ჩანი, რომელიც ფოტომოდელის გარეგნობით არ გამოირჩევა.

მარკ ცუკერბერგის საქმიანი რჩევები:

1. უმთავრესი მიზანი — დასაწყისისთვის აუცილებელია კონკრეტული მიზნის დასახვა, თუ რამდენი ფულის მიღება გინდათ წამოწყებული საქმისგან. დიდი საიდუმლო არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ ცხოვრებაში შემთხვევით არავის არაფრისთვის მიუღწევია. ნებისმიერი წარმატება მხოლოდ და მხოლოდ მიზნის შედეგია, რომელიც თითოეულმა ადამიანმა დაისახა, ამიტომაც, რაც უფრო მნიშვნელოვანი იქნება თქვენი მიზანი, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ.

2. რეკლამის საერთო ღირებულების ცოდნა — უნდა იცოდეთ, რომ თითოეულ რეკლამას განსაზღვრული ფასი აქვს. რაკი ასეა, მას განსაზღვრული შემოსავალიც მოაქვს. სწრაფი კვების რესტორნის რეკლამა არასდროს მოიტანს «კრაისლერის» რეკლამაზე მეტ ფულს. ამიტომაც, თუ ქმნით ინტერნეტგვერდს, ვებგვერდს ან სოციალურ ქსელს, წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ რაც უფრო ფართო იქნება მისი აუდიტორია, მით უფრო მიმზიდველი იქნება თქვენი გვერდი რეკლამების დამკვეთებისთვის.

3. მზადება — არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: საქმის კეთება იდეის დაბადებისთვის იწყება. და ეს არ არის მხოლოდ სურვილი, რომელიც შეიძლება გამოთქვა სიტყვებით: «მე მინდა საქმე, ისეთივე, როგორიც აქვს…»- ეს უკვე შეცდომაა. საუკეთესო იდეა ის არის, რომელიც შეიძლება ასე გამოითქვას: «ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა და მე პირველი ვიქნები». თუმცა, ორიგინალური იდეა ჯერ კიდევ არ არის მომგებიანი ბიზნესის გარანტია. ამის გარდა, უნდა იცოდეთ პასუხი კიდევ ერთ კითხვაზე: «სჭირდება თუ არა თქვენი წამოწყება მომხმარებელს, რომელსაც უკვე ყველაფერი უნახავს, რისი ნახვაც შეიძლებოდა და რომლის განკარგულებაშია მილიარდობით უკვე არსებული სერვისი».

4. აპრობაცია — ნებისმიერი პროექტის (განსაკუთრებით, ინტერნეტპროექტის) დაწყებას აპრობაციით გირჩევთ. ორი ვარიანტია: შეიძლება, ახალი ნაწარმი მაშინვე ჩაუშვათ ქსელში, რათა მომხმარებლის რეაქცია ნახოთ თქვენს პროდუქტზე: ნახულობენ თუ არა მას, სჭირდებათ თუ არა, საინტერესოა თუ არა? ან გაუშვათ საცდელი ვერსია და შეფასებისთვის მოიწვიოთ დამოუკიდებელი ექსპერტები, ოღონდ არა მეგობრები და ნათესავები — ისინი თქვენს ნაშრომს სუბიექტურად შეაფასებენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, 2-3 თვეში მიიღებთ შედეგს და ეს მოგცემთ საშუალებას, მომავალი პროექტის კომერციული პერსპექტივები წარმოიდგინოთ.

5. დაბანდება — ფულის გარეშე, სამწუხაროდ, არც ერთი დიდი ბიზნესი არ აეწყობა. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ არა ხართ ცუდი პროგრამისტი, კომპირაიტერი, ფოტოგრაფი ან სხვა სპეციალისტი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამიტომ თავიდანვე განსაზღვრეთ თანხა, რის დაბანდებასაც აპირებთ წამოწყებულ საქმეში. თანაც, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ეს იქნება არა საინვესტიციო დაბანდება, არამედ სახსრები, რომლებსაც 99%-ის ალბათობით დაკარგავთ.

წინასწარ შეეგუეთ დანაკარგს! მხოლოდ ეს მოგცემთ საშუალებას, მიიღოთ მართებული გადაწყვეტილებები და მუშაობა განაგრძოთ.

6. შეაფასეთ საქმის შემოსავლიანობა — სანამ ფულს დააბანდებთ, კარგად დაფიქრდით, რა შემოსავალს მოგიტანთ ეს და განსაზღვრეთ ორი ვარიანტის გათვალისწინებით: მინიმუმი და მაქსიმუმი. გახსოვდეთ, რომ პირველი რამდენიმე წელი თქვენი რეალობა სწორედ პირველი ვარიანტი იქნება. ამიტომაც გირჩევთ, დაიწყოთ არც ისე დიდი ინვესტიციით, რათა შემდეგ, როცა საქმე მცირედი მოგების მოტანას მაინც დაიწყებს, ეს თანხა მის შემდგომ განვითარებას მოახმაროთ.

7. მოთხოვნები დიზაინისა და შინაარსისადმი — ეს ნებისმიერ საქმეში წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მით უმეტეს, თუ მედიაპროექტია — ტელევიზია, რადიო თუ ინტერნეტგვერდი. თუ გვინდა რეკლამის მოზიდვა მრავალმილიონიანი ბიუჯეტით, მაშინ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს გვერდზე რეკლამას დიდი კომპანიები განათავსებენ, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოგება და გამოხმაურება რეკლამაზე, არამედ ისიც, რომ ფართობი, სადაც მათი რეკლამა იქნება განთავსებული, არ აფუჭებდეს მის იმიჯს. ამიტომ მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოთ იმიჯს, უნიკალურობას, დიზაინს. ამ პუნქტს ვუწოდებდი «შესაბამისობას», რომლის მიხედვითაც თქვენი ფართობი სოლიდურობისა და ნდობის დონით უნდა უთანაბრდებოდეს რეკლამის განთავსების მსურველი კომპანიების დონეს. გახსოვდეთ, რაც უფრო მაღალია სოლიდურობისა და ნდობის ხარისხი, მით მეტ შემოსავალს მოგიტანთ რეკლამა.

8. «ვინ არის გვერდით?» — საკუთარმა გამოცდილებამ მიკარნახა, რომ ნებისმიერი რეკლამის დამკვეთისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის მოთხოვნები, რაზეც მე ვისაუბრე, არამედ ისიც, თუ კონკრეტულად ვინ გააკეთა რეკლამა თქვენთვის. სწორედ ამიტომ თავიდანვე უარი უნდა თქვათ მოსაზრებაზე, რომ დღეს შეგიძლიათ, იაფფასიანი ან თუნდაც არალეგალური რეკლამა გაუშვათ, ხვალ კი მისგან მოგებული ფულით უფრო სოლიდური რეკლამის დამკვეთები მოიზიდოთ. და კიდევ, ყველაფერს ჯობს, საკუთარი სარეკლამო განყოფილება გქონდეთ, რომელიც უშუალოდ თქვენთვის იმუშავებს! აქტიურად იმუშავეთ სარეკლამო სააგენტოებთან.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი