ბებია-ბაბუების და შვილიშვილების ურთიერთობა შეუცვლელია. ისინი სწორედ ის ადამიანები არიან, ვისგანაც ჩვენ ყველაზე დიდ სითბოსა და სიყვარულს ვიღებთ. 

ოჯახში ახალი წევრის გამოჩენა ძალიან დიდი ბედნიერებაა. ეს საოცარ ტრანსფორმაციას იწვევს პირველ რიგში მშობლებში და მერე ბებია-ბაბუებში. ბავშვის აღზრდაში, პირველ რიგში, მშობლების აქტიური ჩართვაა აუცილებელი. მათ უნდა ჰქონდეთ შვილებთან ემოციური კავშირი და უპირობოდ იღებდნენ მათ. უნდა უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება, დაცულობა, დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები და მხოლოდ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის განვითარება ნორმალურ გარემოში ხდება.

ბებია-ბაბუების ბავშვების აღზრდაში ჩართვა, უპირველესად, პოზიტიურ გავლენას ახდენს ბავშვზე. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ სამთაობიან ოჯახში (ბავშვი, მშობლები, ბებია-ბაბუა) ბავშვი უფრო დაცულად გრძნობს თავს და ამდენად, უფროსი თაობის მონაწილეობა აღზრდაში სასურველია. 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელიც თავადაც ბებიაა, ამბობს, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ბავშვს ჰყავს მშობლები და შენი მოვალეობა დისციპლინა არაა. ნათია ფანჯიკიძის თქმით, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო: „ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით ყველას საკუთარი მიდგომა აქვს, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს საერთო წესი, რის მიხედვითაც აღიზრდება ბავშვი, ამ წესში კი ცვლილებები არ შეიძლება,“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.  

ხშირად შვილიშვილები ბებიებთან და ბაბუებთან ე.წ თავშესაფარს პოულობენ. როცა მშობელი შვილს უბრაზდება ან შენიშვნას აძლევს, არაა მიზანშეწონილი ბებიების და ბაბუების გამოქომაგება. ეს ბავშვს აბნევს, რადგან ვერ გადაუწყვეტია, მშობელი რატომ უკრძალავს იმას, რასაც ბებია-ბაბუები არ უშლიან. ამან შეიძლება მშობლების მიმართ აგრესია გამოიწვიოს, შემდგომ კი კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, ბებიებმა და ბაბუებმა პატივი უნდა სცენ მშობლების კანონებს და ბავშვს არ  მისცენ უფლება, მშობლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, რადგან ამ დროს ის ვერ გაითავისებს მოცემულ წესებს და მუდმივად შეეცდება, მათ დარღვევას. ამან კი შეიძლება, მის განვითარებას შეუშალოს ხელი.

310 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი