ადრეული ქორწინება, ან “ბავშვთა ქორწინება” – ესაა იურიდული ან ჩვეულებითი კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც არასრულწლოვანია.

ქართული კანონმდებლობით, ოფიციალური ქორწინება  მხოლოდ 18 წლიდანაა დაშვებული. რეგულაცია, რომელიც 16 წელს მიღწეულ პირებს მშობლების თანხმობის საფუძველზე ქორწინების უფლებას აძლევდა, 2016 წელს გაუქმდა.

თუმცა, სამართლებრივი ჩარჩოს გამკაცრება ქვეყანაში ადრეული ქორწინების პრობლემას ვერ ჭრის: “ახალგაზრდა წყვილების” უმრავლესობა კავშირის რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს, ან რელიგიურ ქორწინებას მიმართავს, რომელსაც სახელმწიფო არ აღიარებს. ეს პრაქტიკა ართულებს ზუსტი მონაცემების მოპოვებას, თუმცაღა გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევამ დაადგინა, რომ ქვეყანაში მცხოვრები 20-24 წლის ასაკის ქალთა 14 %-მა  ოჯახი 18 წლის ასაკამდე შექმნა.

ეს მაჩვენებელი აღემატება სამხრეთ კავკასიელი მეზობლების  მაჩვენებლებს და, თურქეთსა და მოლდოვასთან ერთად, მოწინავე პოზიციას იკავებს ევროპის მასშტაბით.

როგორც სხვა ბევრი მტკივნეული სოციალური საკითხი ჩვენს ქვეყანაში, ადრეული ქორწინების თემაც ხშირად ლეგენდებითა და ტაბუებით არის მოცული. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეს პრობლემა მხოლოდ წარსულში არსებობდა და თუ ახლაცაა შემორჩენილი, მხოლოდ და მხოლოდ რეგიონებში, სადაც პროგრესის სინათლეს ჯერ არ ჩაუღწევია.

გაეროს კვლევა კი, სხვა კვლევებთან ერთად, განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს: ადრეული ქორწინების საკითხი დღესაც აქტუალურია სოფლებსა და ქალაქებში, ხოლო მისი მიზეზები არა მაინც და მაინც ეთნორელიგიური, არამედ გენდერულია და ტრადიციულ წარმოდგენებს ემყარება.

 

ორი ოჯახის დაკავშირება

პატარა საზოგადოებებში, სადაც ყველა ყველას იცნობს, ოჯახები ხშირად წყვეტენ, ერთმანეთთან ურთიერთობა ქორწინებით გაამყარონ. როგორც დისნეის “მძინარე მზეთუნახავში”, რეალურ ცხოვრებაშიც ქართველი მამები ერთმანეთს ხვდებიან და მოილაპარაკებენ, რომ მათი შვილები მომავალში ცოლ-ქმარი გახდებიან. ასეთ გადაწყვწეტილებებს საფუძვლად ძირითადად ეკონომიკური გათვლა და ოჯახის პრესტიჟი უდევს. ხშირად, გოგონები საქმროს საერთოდ არ იცნობენ და მხოლოდ რამდენჯერმე ჰყავთ ნანახი.

“თუ არ მომეწონა, არ გავყვები”-ამბობდნენ გოგონები ფოკუს-ჯგუფში გაეროს კვლევისას, თუმცა, ძირითადად მათ წინააღმდეგობის გაწევა უჭირთ.

“ყოველთვის ვიმეორებ, რომ 80 წლისაც რომ ვიყო, სწავლას დავასრულებ”

ადრეული ქორწინება გოგონებისთვის უფრო ხშირი და მტკივნეულია, ვიდრე ბიჭებისთვის. მომავალ ოჯახში როლები თავიდანვე გადანაწილებულია: ქმარი ოჯახის უფროსი და მარჩენალია, ცოლმა კი შვილები უნდა გაზარდოს. შესაბამისად, ბიჭისთვის განათლების მიცემა და პროფესიის შერჩევა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე გოგონასთვის. ითვლება, რომ სავალდებულო ცხრა კლასის დამთავრება საკმარისია გოგონასთვის, შემდგომი განათლება კი მის ვალდებულებებს შეუშლის ხელს.

ფოკუს-ჯგუფებთან საუბრისას გაირკვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში  გოგონებს მომავალი მეუღლეები და ოჯახის წევრები პირდებიან სწავლის გაგრძელებას, თუმცა, მალევე ივიწყებენ ამ პირობას და გოგონებიც, რომლებიც ქორწინებიდან მალევე აჩენენ შვილებს, სამომავლო გეგმებზე უარს ამბობენ.

“15 წლის სუნარს უყვარდა სწავლა და დაწყებითი კლასების მასწავლელობაზე ოცნებობდა. მას ქართულის სწავლება უნდოდა.”-ვკითხულობთ ჩაიხანას სტატიაში.

განათლების არქონა გოგონებს შეზღუდულ მდგომარობაში აყენებს: ეკონომიკურად ისინი  ქმარსა და მის ოჯახზე ხდებიან დამოკიდებული.გაშორების შემთხვევაში მათთვის სამუშაოს პოვნა რთულდება, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში მათ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ უწევთ “ოჯახის შენარჩუნება”.

 

სიჩუმე და სირცხვილი

“ოჯახის შენარჩუნების” აუცილებლობას და სირცხვილს, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაშორებას მოჰყვება, კიდევ ერთ კულტრურულ ფენომენთან მივყავართ:

მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ქორწინება საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებით ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება, გოგონების მოტაცების ფაქტები მაინც ფიქსირდება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

მოტაცებული პატარძლის დაბრუნება კი ბევრი ოჯახსითვის სირცხვილია. ჩაიხანას ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მამაკაცი გოგონას მოტაცებისთვის დააკავეს, მან ერთწლიანი სასჯელი მოიხადა, შემდეგ კი, ოჯახის ინიციატივით, სწორედ იმ გოგონაზე დაქორწინდა, რომლის მოტაცების მცდელობაც ჰქონდა.

მსგავსი შემთხვევები ბავშვებზე ძალადობა და მათი უფლებების აშკარა დარღვევაა, თუმცა, ხშირად ბავშვის ინტერესებზე მაღლა ოჯახის “ღირსებას” აყენებენ ხოლმე. მოტაცებული პატარძალი, რომელიც სახლში ბრუნდება კი სწორედ ამ ღირსებას უქმნის საფრთხეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქციაც: ადრეული ქორწინების პრევენციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადგილობრივი სკოლები, თუმცა მასწავლებლები  ხშირად სიჩუმეს ამჯობინებენ და სოციალურ სამსახურს არ აწვდიან ინფორმაციას იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებსაც სკოლის მიტოვება უწევთ.

თანხმობის საკითხი

გაეროს კვლევამ ერთი საინტერესო ტენდენცია წარმოაჩინა: საგარეჯოში 16 წლის გოგონა 17 წლის ბიჭს საკუთარი ნებით გაყვა ცოლად. რადგან აქ იძულების ფაქტორი არ იყო, საზოგადოებამ ეს შემთხვევა ადრეულ ქორწინებად არ აღიქვა.

თუმცა. აუცილებელია, ადრეული ქორწინება იძულებითი და არასასურველი იყოს? ზოგიერთ შემთხვევაში ეს ასე არაა და ახალგაზრდები თვითონ ირჩევენ ოჯახის შექმნას.

ასეთ გადაწყვეტილებას ხშირად მარტივი მიზეზი უდევს საფუძვლად: საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს წყვილებს, რომლებსაც ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე არ მიუციათ.

“რამდენი ხანია  დადიან, არ უნდათ, ურთიერთობა დააკანონონ?”-სხვისი ცხოვრების ასეთ გარჩევას არაერთხელ შევსწრებივარ.

რეპროდუქციულ  ჯანმრთელობასა და სექსუალობაზე საუბარი ჩვენს საზოგადოებაში რომ უჭირთ, ამ ამბიდანაც კარგად  გამოჩნდა. ე.წ. “ქალიშვილობის ინსტიტუტიც” საკმაოდ ძლიერია და არსებობს აზრი, რომ გოგონებმა ქორწინებამდე სექსისგან თავი უნდა შეიკავონ. შესაბამისად, ახალგაზრდები ხშირად მხოლოდ იმიტომ ჩქარობენ დაქორწინებას, სქესობრივად აქტიური ცხოვრება დაიწყონ და ეს ყველაფერი “კანონისა და ნორმის ფარგლებში” მოახერხონ.

მთლიანობაში, ადრეული ქორწინების საკითხი საკმაოდ რთულია და უამრავ კულტურულ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ნიუანსს შეიცავს.გამოჩნდა, რომ სახელმწიფო რეგულაციები საკმარისი არაა, რადგან ეს პრაქტიკა გენდერულ სტერეოტიპებზეა დამყარებული და  გოგოენბისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ძირითადად ოჯახის (მამრობითი სქესის) წევრები იღებენ. ოჯახის პირად საქმეში ჩარევისგან კი მეზობლები და კეთილისმსურველები თავს იკავებენ.

347 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი