ფოტოაპარატის და ფოტოგრაფის გარეშე ცხოვრება დღეს წარმოუდგენელია, თუმცა 1570 წელს იტალიელი ფიზიკოსი, ჯამბატისტა დელა პორტა კამერა–ობსკურას გამოყენების გამო ჯადოქრობაში დაადანასაულეს და სასამართლოს გადასცეს. იმ დროისთის კამერა–ობსკურა თანამედროვე ფოტოაპარატების პირველსახე იყო.

კამერა–ობსკურა დელა პორტას დროის აღმოჩენა არ ყოფილა. ჯერ კიდევ არისტოტელემ (ძვ. წ. 384—322 წწ.) შეისწავლა პრინციპი, რომელიც მოგვიანებით საფუძვლად დაედო კამერა–ობსკურის მუშაობას. მე–10 საუკუნეში მოღვაწე არაბმა მეცნიერმა, ალ–ჰაისამმა დაწვრილებით აღწერა ეს პრინციპი, მე–15 საუკუნის ფერმწერმა ლეონარდო და ვინჩიმ კი ის თავის ჩანაწერებში შეიტანა.

მე–16 საუკუნეში ლინზის გამოგონებამ ხელი შეუწყო კამერა–ობსკურის საშუალებით უფრო მკაფიო გამოსახულების მიღებას. მას ბევრი მხატვარი იყენებდა პერსპექტივისა და პროპორციის მეტი სიზუსტისათვის, მაგრამ, მრავალი მცდელობის მიუხედავად ხანგამძლე ფოტოგამოსახულების მიღება მე–19 საუკუნემდე ვერა და ვერ ხერხდებოდა.

ფრანგმა ფიზიკოსმა ჯოზეფ ნისეფორ ნიეფსმა ხანგამძლე ფოტოგამოსახულების მიღებაზე მუშაობა 1816 წლიდან დაიწყო. ნამდვილი წარმატება მას მოუტანა ლითოგრაფიული ექსპერიმენტების ჩატარებამ, რომლის დროსაც აღმოაჩინა, რომ ფოტოგამოსახულების მისაღებად შეიძლებოდა „იუდეის ბიტუმად“ წოდებული შუქმგრძნობიარე ნივთიერების გამოყენება.

1820–იანი წლების შუაპერიოდში კამერა–ობსკურაში ნიეფსი დებდა კალის ფირფიტას, რომელსაც ბიტუმი ჰქონდა წასმული. კამერა–ობსკურას ის ათავსებდა ფანჯარასთან, საიდანაც მისი ადგილ–მამული კარგად ჩანდა, ისე რომ რვა საათის განმავლობაში ფირფიტას შუქი დასცემოდა. მის მიერ მიღებული შენობის, ხისა და ბეღლის ბუნდოვანი სურათით დღევანდელი გამოუცდელი ფოტომოყვარულებიც კი არ მოიხიბლებოდნენ, მაგრამ ნიეფსს ნამდვილად ჰქონდა მიზეზი, ეამაყა თავისი ექსპერიმენტების შედეგით. სავარაუდოდ, მისი სურათი პირველი ხანგამძლე ფოტოგამოსახულება იყო.

თავისი მეთოდის დასახვეწად ჯოზეფ ნიეფსმა 1829 წელს თანამშრომლობა შესთავაზა გავლენიან მეწარმეს, ლუი დაგერს. 1833 წელს ნიეფსის სიკვდილის შემდეგ დაგერმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ის სპილენძის ფირფიტებს ფარავდა იოდოვანი ვერცხლით, რაც ბიტუმზე უფრო შუქმგრძნობიარე იყო. შემთხვევით მან აღმოაჩინა, რომ გამოსახულება უფრო მკვეთრი იყო, როცა ექსპონირების შემდეგ ფირფიტას ვერცხლისწყლის საშუალებით ამჟღავნებდა. ამ აღმოჩენამ საგრძნობლად შეამცირა ექსპონირების დრო. მალე დაგერმა ისიც აღმოაჩინა, რომ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ფირფიტის ამოვლების შემდეგ ფოტოგამოსახულება ხანგრძლივად ნარჩუნდებოდა. ასე რომ, ფოტოგრაფია მზად იყო მსოფლიოს წინაშე წარსადგენად.

ფართო საზოგადოებას დაგერის მეთოდი, რომელიც დაგეროტიპიის სახელწოდებით გახდა ცნობილი, 1839 წელს წარუდგინეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მეცნიერი ჰელმუტ გერნსჰეიმი თავის წიგნში „ფოტოგრაფიის ისტორია“ წერს: „ალბათ, არც ერთ სხვა გამოგონებას არ მიუპყრია საზოგადოების ყურადღება ისე ძლიერ და არ მოუპოვებია აღიარება ისე სწრაფად, როგორც ეს დაგეროტიპიის შემთხვევაში იყო“. პარიზის პრესამ მალევე შემოიღო ახალი ტერმინი — „დაგეროტიპომანია“.

დაგეროტიპიის ხარისხით აღფრთოვანებული ბრიტანელი მეცნიერი ჯონ ჰერშელი წერდა: „გაზვიადება არ იქნება, თუ მას სასწაულს ვუწოდებთ“. ზოგი ამ აღმოჩენას მაგიურ ძალებსაც კი მიაწერდა.

ინგლისელი ფიზიკოსი უილიამ ჰენრი ფოქს ტოლბოტი დარწმუნებული იყო, რომ თავად იყო ფოტოგრაფიის გამომგონებელი. ამიტომ ის გაოცებული დარჩა, როცა გაიგო დაგერის აღმოჩენის შესახებ.

ტოლბოტი კამერა–ობსკურაში ათავსებდა ვერცხლის ქლორიდით დაფარულ ქაღალდს. მიღებულ ნეგატივს ის ამუშავებდა, ზედ ადებდა ვერცხლის ქლორიდით დაფარულ სხვა ქაღალდს და შემდეგ მზის სინათლეზე ათავსებდა პოზიტივის დასამზადებლად.

ტოლბოტის მეთოდს თავიდან დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია და ის ხარისხიანობით არ გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, მისმა მეთოდმა უფრო მეტად შეუწყო ხელი ფოტოგრაფიის შემდგომ განვითარებას. ერთი ნეგატივიდან შეიძლებოდა ნებისმიერი რაოდენობის პოზიტივის დამზადება და, დაგეროტიპებთან შედარებით, ქაღალდიც უფრო იაფი და ადვილი დასამუშავებელი იყო. თანამედროვე ფოტოგრაფია სწორედ ტოლბოტის მეთოდზეა დაფუძნებული, დაგეროტიპია კი, თავდაპირველი პოპულარობის მიუხედავად, დავიწყებას მიეცა.

ფოტოგრაფიის მამობაზე პრეტენზიას მხოლოდ ნიეფსი, დაგერი და ტოლბოტი არ აცხადებდნენ. 1839 წელს დაგერის მეთოდის პრეზენტაციის შემდეგ, სულ მცირე, 24-მა მამაკაცმა სხვადასხვა ქვეყანაში — ნორვეგიით დაწყებული, ბრაზილიით დამთავრებული — განაცხადა, რომ მანამდე ჰქონდათ აღმოჩენილი ფოტოგრაფიული მეთოდი.

მაგალითად, სოციალური რეფორმების გამტარებელმა იაკობ ავგუსტ რიისმა ფოტოგრაფია იმის შესანიშნავ საშუალებად მიიჩნია, რომლითაც საზოგადოების ყურადღებას ხალხის უკიდურეს სიღარიბეზე მიაპყრობდა. 1880 წლიდან ის ნიუ–იორკის ღარიბ რაიონებში საღამოობით სურათებს იღებდა. განათების მიზნით იგი ტაფაზე წვავდა მაგნიუმის ფხვნილს, რაც საკმაოდ სახიფათო იყო. სახლს, რომელშიც მუშაობდა, ორჯერ ხანძარი გაუჩნდა. ერთხელ კი თავად მას წაეკიდა ცეცხლი ტანსაცმელზე. როგორც ამბობენ, მისმა სურათებმაც შეიტანა წვლილი იმაში, რომ პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა სახელმწიფოს სათავეში მოსვლის შემდეგ არაერთი სოციალური რეფორმა გაატარა. უილიამ ჰენრი ჯექსონის მიერ გადაღებულმა ბუნების ფოტოსურათებმა იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა 1872 წელს იელოუსტოუნი მსოფლიოში პირველ ეროვნულ პარკად აქცია.

1880–იანი წლების მიწურულისთვის ბევრს, ვისაც სურვილი ჰქონდა, ფოტოგრაფი გამხდარიყო, გასაქანი არ ეძლეოდა, რადგან ეს დიდ ხარჯებთან და სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ 1888 წელს ჯორჯ ისთმენის გამოგონებამ ფოტოგრაფია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. მის მიერ შექმნილი კოდაკის აპარატი, რომელშიც იდებოდა ელასტიური ლენტის ხვია, ადვილად გამოსაყენებელი და მცირე ზომის იყო.

სურათების გადაღების შემდეგ მომხმარებელი აპარატს „კოდაკის“ საწარმოში აგზავნიდა. იქ ფირს ამჟღავნებდნენ, აპარატში ახალ ფირს დებდნენ და უკან უგზავნიდნენ პატრონს მზა სურათებთან ერთად. ეს ყველაფერი საკმაოდ იაფი ჯდებოდა. კომპანიის რეკლამა „თქვენ ღილაკს თითი დააჭირეთ, დანარჩენს კი ჩვენ გავაკეთებთ“, ნამდვილად არ იყო გადაჭარბებული.

ამგვარად ფოტოგრაფია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. მას შემდეგ ფოტოგრაფიისადმი ინტერესი არ განელებულა. ამის დასტურად კმარა თუნდაც ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად მილიარდობით სურათს იღებენ. ფოტოგრაფია კიდევ უფრო პოპულარული გახადა ციფრული ფოტოაპარატის გამოგონებამ, რომელშიც გამოსახულება მეგაპიქსელებში იქმნება. მის მეხსიერებაში ასობით ფოტოსურათის შენახვაა შესაძლებელი. ფოტოგრაფიამ საოცარი პროგრესი განიცადა.

საქართველოში ფოტოგრაფიამ პირველი ნაბიჯების ათვლა სწორედ ზემოთ აღნიშნული დაგეროტიპებით დაიწყო. მე–19 საუკუნის მიწურულს  თბილისში ჩამოყალიბდა მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება.  1895 წლის მარტში საზოგადოებამ მოაწყო ფოტოგრაფიული განყოფილება მხატვარ ლ. ართაზოვის ნამუშევრების გამოფენაზე, რომელმაც თავისთვის ქალაქის ცენტრში დაქირავებული სათავსებიდან ერთი ოთახი დაუთმო საზოგადოებას.

გამოფენილი იქნა 150-ზე მეტი ფოტოსურათი. ამის შემდეგ ფოტოგამოფენებს უფრო ინტენსიური ხასიათი მიეცა. ფოტომოხელოვანთა ფოკუსში ძირითადად პორტრეტები და არქიტეტქურა ხვდებოდა, ასევე აქტუალური თემატიკა იყო საოჯახო ფოტო. აღსანიშნავია რომ საოჯახო ფოტოალბომების შექმნა არცთუ იაფი ჯდებოდა და, შეიძლება ითქვას, დასაწყისისათვის ფუფუნებას წარმოადგენდა.

ფოტოგრაფიის ოსტატებს შორის დასაწყისისათვის საქართველოშიი მცხოვრები,წარმოშობით არაქართველი ფოტოგრაფებისჭარბობდნენ, აღსანიშნავია ვლადიმერ ბარკანოვი, ალექსანდრე ენგელი, დიმიტრი ერმაკოვი, კონსტანტინე ზანისი, ედუარდ კლარი, დიმიტრი ნიკიტინი.

მნიშვნელოვანი როლი ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში ალექსანდრე როინაშვილმა ითამაშა,  ის იყო პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა.

1880-89 წლებში ალექსანდრე როინაშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. მისი შემოქმედების ძირითად თემას ქართველი ერის ცხოვრება წარმოადგენდა.

XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.

დღესდღეობით ფოტოგრაფია საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული, და ამავე დროს ხელმისაწვდომი დარგია. ადამიანებისათვის ყოველდღიურ მოვლენად იქცა ყველაფრის ფოტოკამერით დაფიქსირება, ფოტოკამერებმა კი საკუთარ თავზე აიღეს ყველა ის ფუნქცია, რასაც აქამდე ადამიანი აკეთებდა: შუქის, სიჩქარის, ფოკუსის რეგულირება, და სხვა. ფოტოგრაფიამ ახალი განზომილება შეიძინა.

იცვლება დრო, იცვლება ფოტოკამერები, იცვლებიან ადამიანები, მგარამ უცვლელი რჩება ადამიანის სწრაფვა შეაჩეროს დრო, რასაც კიდევ ერთხელ მოწმობს ფოტოგრაფიის განვითარების დონე და მისი პოპულარობა.

ავტორი: ალა ალექსანდრა ისპირიანი

184 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი