ლამპრობა (სვან. ლიმპჲარ, დეცეშ ლამპრობ, სუიმნიშ, სუიმნიშლამპრობ) — ადრესაგაზაფხულო დღესასწაული ძველ საქართველოში. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ლამპრობის დღესასწაული ძირითადად 1 თებერვალს იმართებოდა. მისი მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. ქვემო სვანეთში წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ „ლამპრებს“ ანთებდნენ. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა, ზემო სვანეთში ლამპრობას „სვომონობასაც“ ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის – ბერიკაობა-ზეენობის მსგავსად იმართებოდა: ირჩევდნენ „კეისარს“, მის „ცოლებს“ და „ვეზირებს“. მესტიის რაიონის სოფ. ლახირის მთავარანგელოზის ეკლესიაში მიჰქონდათ რიტუალური კვერები, იმართებოდა ზედაშეს რიტუალური სმა. ეკლესიიდან ხალხი „მესვიმნიშის“ ოჯახში მოდიოდა, ე. ი. იმასთან, ვინც სვიმონობას იხდიდა და რიგით თემის მასპინძელიც იყო; იქ მღეროდნენ სადიდებელ ჰიმნებს, კერას უვლიდნენ ანთებული სანთლებით, რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული „ლამპრული“. მეორე დღეს წმინდა გიორგისა და წმინდა მარიამის ლამპრობა, უფრო მოგვიანებით – ცის ლამპრობა იმართებოდა. ლამპრობა თავისი შინაარსით ძველი მიწათმოქმედ ხალხთა ტიპობრივი დღესასწაულია. ბუნების გაღვიძების, მზის ცხოველმყოფელობისა და გაზაფხულის დროზე დადგომის შესათხოვად ზამთარში კოცონს ანთებდნენ. სახელწოდება „სვომონობა“ ამ დღესასწაულმა სვიმონ უფლისმოქმედის სახელის მიხედვით მიიღო (როდესაც დღესასწაულის გაქრისტიანების მიზნით მოხდა ძველი და ახალი რიტუალების შერწყმა), რომლის დღეს, საეკლესიო კალენდრის თანახმად 1 თებერვალი ითვლება.

2019 წელი, 14 თებერვალი, მესტია. სეტის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში დიდი სამზადისია. დათოვლილ საფლავებთან სვანებს ბილიკები გაჰყავთ. მალე აქაურობა არყის ხის ლამპრებით განათდება და დაიწყება ლამპრობა – ტრადიციული შემწეობის ვედრება გარდაცვლილთა სულებისადმი…

 

სვანური ლამპრობა

ლამპრობა წარსულის დიდებისა და მომავლის იმედის დღესასწაულია. ძველ ახალ წელიწადს ყველა ოჯახი არყის ხეს ჭრის, საჩირაღდნედ აპობს და მთელი თვე გამოსაშრობად ალაგებს.
14 თებერვალს აანთებენ და მაშინ ცეცხლის ალი ცას სწვდება სვანეთიდან. ამ დღესასწაულის ზუსტი მნიშვნელობა თითქმის არავინ იცის. ყველა სვანს თავისი ვერსია აქვს, თუმცა ყველა მათგანი წინაპართაგან გადმოცემულ ადათს პირნათლად ასრულებს… საფლავები ლამპრობის ღამეს გაჩირაღდნებულია – ამ დღეს სულეთში გარდასულებს­ ზეციურ გზას უნათებენ და სულს უთბობენ
გახსენებით, ცხონებითა და ცეცხლის ძალით ბოროტ ძალებთან შებრძოლებით.
ტრადიციისამებრ, თითო სვანური ოჯახიდან იმდენი ლამპარი გამოაქვთ, რამდენი მამაკაციც ჰყავთ. საუკუნეების წინ ოჯახებიდან გამოტანილი ცეცხლით მამაკაცთა რაოდენობას ითვლიდნენ­ – რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლოთ საჭიროებისას. სვანები განთიადს წმინდა გიორგის საგალობლით ხვდებიან და მლოცველებს წმინდა გიორგის ქუდის დამხურავებს ეძახიან.
ოჯახებში ცხვება სალოცავი კვერები და ფერხულში გადაჯაჭვული­ გიორგის მეომრები, მისი “ქუდის დამხურავები” გამრავლებას, მომავალი მებრძოლების დავაჟკაცებას, სიუხვეს ევედრებიან წმინდა გიორგის.
სვანურის ყოფის ამ დეტალს მესტიელი უხუცესი ასე ხსნის: ლამპრობა – უძველესი­ წარმართული რიტუალია, რომელმაც ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად სახე იცვალა. წარმართი წინაპრები ამ დღესასწაულით გაზაფხულის მოახლოებას და ბუნების გამოღვიძებას ეგებებოდნენ. დღეს კი მათი შთამომავლები ლამპრებს მიცვალებულებისა და წმინდანების სახელზე ვანთებთ…

ლამპრობას ადრე მთელი საქართველო ზეიმობდა, ახლა მხოლოდ სვანები დღესასწაულობენ

415 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი