ნიკოლოზ ტოტოღაშვილისა და შვიდი_მომაკვდინებელი_გრძნობისშესახებ ივანე ამირხანაშვილმა ისაუბრა. კრიტიკოსმა ახალბედა მწერალს თხრობის სტილი შეუქო და აღნიშნა, რომ მისი ნაწარმოები სულაც არ ჰგავს დებიუტანტის ნაწერს. ივანე ამირხანაშვილმა „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტსაც“ შეადარა, თუმცა განმარტა, რომ ნიკოლოზი არც ერთი მწერლის გზას არ მიჰყვება და სწორედ ამითაა გამორჩეული:

„ნიკოლოზს მწერლური გამოცდილების მიხედვით ვერ შევაფასებთ, რადგან ეს მისი სადებიუტო ნაწარმოებია, თუმცა, როგორც წიგნმა აჩვენა, მას აქვს საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება და თუ ამ გზას გაუყვება და მთლიანად თავის პროფესიაში არ ჩაიკარგება, წარმატებულ მწერლად მოგვევლინება. თვითონაც, უთქვამს, შეიძლება ექიმობამ წერაში ხელი შემიშალოსო, მაგრამ არამგონია. ლიტერატურა ძალიან ბევრ კარგ მწერალს იცნობს, რომლებმაც ამ უკანასკნელისა და მედიცინის შეთავსება შეძლეს. ამაში დასარწმუნებლად ჩეხოვის მაგალითიც საკმარისია.
ნიკოლოზის თხრობის დახვეწილი მანერა, სტილისტიკა, ფსიქოლოგიური დეტალები და სხვა უამრავი წვრილმანი გვავიწყებს, რომ „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ ავტორის პირველი წიგნია და გვაფიქრებინებს, რომ გამოცდილი მწერლის ნაწარმოებს ვკითხულობთ, როგორც ჩანს, მას თვითონ აქვს პროზაიკოსის ხასიათი. ის მშვიდი, აუღელვებელი მთხრობელია, რაც პროზის ძალიან დიდი პლიუსია.
წერის მანერას რომ თავი დავანებოთ, ორიგინალურია თვითონ სიუჟეტიც. მან შეიძლება მკითხველს რომელიმე დასავლური ან სულაც, ქართული რომანი გაახსენოს, თუმცა მოქმედებების განვითარება სრულიად განსხვავებულია და არ მისდევს რომელიმე ავტორს. ვინმემ შეიძლება ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტთანაც“ გაავლოს პარალელი, თუმცა ნიკოლოზი არ სცდება რეალობას, იყენებს ზღაპრულ მოტივებსაც, ფენტეზსაც, მაგრამ კარგად ხედავს და აღწერს ცხოვრებას, ასახაავს ქართულ ყოფიერებას.

კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი – ივანე ამირხანაშვილი.

370 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი