1891 წლის 17 ნოემბერს – სოფელ ჭყვიშში ( ვანის რაიონში) დაიბადა გალაქტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.

მამა – ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაქტიონის დაბადებამდე 7 თვით ადრე. იგი სიფლის მასწავლებელი იყო. დედა – მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან გახლდათ. ძმა – აბესალომი ( პროკოლე) პედაგოგი იყო.

გალაქტიონის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ:

„… ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან – ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი სისიხლი: აფხაზების, გურულისა და იმერელის“.

„გაფრინდა ბავშვობის დღები,

მინდვრები, ჭალები, ტყეები.

უეცრად მოვიდა შავებით

სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან.

მწუხარე ფერხულში ჩავებით

და თვალ ცრემლებმა დაბინდა.

ბალახი, მდინარე, ხეები,

დღეები, ბავშვობის დღეები.“

გ. ტაბიძე

ასე აღწერს მწერალი ზაზა აბზიანიძე გალაქტიონის ბავშვობის დღეებს:

„რიონის ნაპირს, საიდანაც შორეული, დათოვლილი მწვერვალები მოჩანს, ტაბიძეების პატარა ოდას, რომელშიც მამა-მარჩენალის დაკარგვის პირველმა ელდამ გაიარა და გარშემოთათვის უხილავი გახდა, ბიჭები წერა-კითხვას სწავლობენ ნაცრით დაფარულ ფიცარზე, საღამოობით კი გატრუნულები უსმენდნენ დედის ნაღვლიან ჩონგურის ხმას: „…ჩუმ გარემოზეც უცბათ ამოდის მთვარე და გააშუქებს ჩემს აივანს, ქართულ რიკულებიან აივანს და ქალს, მუხლებზე ჩონგურით. მთვარის ნათელზე შეგიძლიათ გაარჩიოთ ეს ქალი. ეს – დედაჩემია…“ – იგონებდა გალაქტიონი.

შაბათ – კვირაობით  უხერხული ჭყვიშის ეკლესიის გალავანში მხიარულება სუფევდა: ცეკვა-თამაში, სიმღერა, შაირობაში გაჯიბრება, ახლად წამოჩიტებული გოგო-ბიჭების უხერხული ხითხითი… იქვე, შორიახლოს უმცროსები იყვნენ შეჯგუფებულნი; მათ შორის გალაქტიონიც, ცხადია. პატარაობისას, როგორც შემდგომში მისი თანატოლები იგონებდნენ, გაუბედავი ყოფილა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად (ან, ეგებ, სწორედ ამიტომ) , ტოლ – ამხანაგებში პირველობას ჩემულობდა თურმე, როგორც ეტყობა უმეტესად უშედეგოდ…

ახლა, თვითონ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ განერიდება საერთოდ ჟრიამულს პატარა გაბუტული ბიჭი, როგორ აარიდებს თვალს ერთმანეთით გატაცებულ უფროსებსაც და მის განანაწყენებელ თნატოლებასაც და როგორ გადაანაცვლებს მზერას შორეული, თეთრად მოციმციმე მწვერვალებისკენ…“

ოლია ოკუჯავამ და გალაქტიონ ტაბიძემ ერთმანეთი 1912 წელს გაიცნეს.

ეს მოხდა ქუთაისში. გალაქტიონი და მისი ბიძაშვილი – ტიციან ტაბიძე ქუჩაში მიდიოდნენ, როცა მარტო მომავალი გოგონა შენიშნეს. ეს გოგონა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის მოსწავლე ოლია ოკუჩავა გახლდათ.

„ქუჩაში მოვდიოდი, გალაქტიონი და ტიციან ტაბიძე ერთად მოდიოდნენ, გალაქტიონი რომ დავინახე მივხვდი, რომ ცხოვრება ტანჯვად გადაიქცეოდა…“ წერდა თავის ცანაწერებში ოლია ოკუჯავა.

ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელთან ახლოს იყო გალაქტიონის და ტიციანის კლასიკური გიმნაზიაც. ამიტომ ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს…

ოლია ოკუჯავა: სულ ვხედავდი, როგორ დადიოდა თავისი სარფით განმარტოებული. ის სხვებს სრულიად არ გავდა, თუნდაც თავის ბიძაშვილის…“

ოლია უაღრესად განათლებული პიროვნება გახლდათ. მისი ოჯახი განათლებით ყოველთვის გამოირჩეოდა. ძველი ბოლშევიკების, მიხელის და ვასიო ოკუჯავების და – საშუალო სიმაღლის, გამხდარი და მორცხვი ოლღა კი – სიციალისტური ხელისუფლებისთვის თავგაკლული მებრძოლი იყო..

1913 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ოლიამ პედაგოგად გაამწესეს ჭიათუარაში…

„მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი არსება… სიცარიელემ, რომლის განადგურებას, არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? … როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო, დამენახე შენ, … ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენ გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის. ვიმეორებ, ჩემს გულს საშინლად წამლავდა შენიანების იქ ყოფნა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არასასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის, მე ვგრძნობდი, ყველა გულში ან დამცინოდა, ანდა კვირობდა ჩემ ხშირ სტუმრობას… მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი“, წერს გალაქტიონი 1914 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში ოლიას.

საქმე ის გახლდათ, რომ ოლიას მამა ქალიშვილს გალაქტიონთან ურთიერთობას უკრძალავდა. თუმცა მალე სტეფანე ოკუჯავამ ფარხმალი დაყარა და 1916 წელს ოლიამ და გალაქტიონმა ჯვარი დაიწერეს.

ახლდაქორწინებულებს ბედნიერი ცხოვრება არ დასცალდათ.

1920 – იან წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში ძველი ბოლშევიკების დევნა დაიწყო. თავდაპირველად, დააპატიმრეს ოლიას ძმა მიხეილ ოკუჯავა, 1929 წელს კი – გალაქტიონის მეუღლე უზბეკეთში გადაასახლეს.

1932 წელს გალაქტიონს ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გადაუხადეს, ლენინის ორდერი მიანიჭეს და ოლია გადასახლებიდან დააბრუნეს….მაგრამ ამის შემდეგ პოეტის მეუღლე მეორედ გადაასახლეს და სიკვდილით დასაჯეს …

მეორე გადასახლებამდე გალაქტიონმა და ოლიამ ქობულეთში დაისვენეს.

„16 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ქობულეთში ვისვენებდით…

წყნარად, წყნარად იყავი ზღვავ, ნაზი ალერსით დაამშვიდე ჩემი გალკი!“

წერს ოლია პირად ჩანაწერებში.

1937 წელს ოლია მეორედ გადაასახლეს. ჯერ თბილისის ციხეში ჩასვეს, შემდეგ ვლადიმირის ციხეში გაამგზავრეს, ბოლოს კი ორიოლის ციხეში გადაიყვანეს.

„…ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალკ!

ირგვლივ ყინულის ლოლოები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ, ახლოა გაზაფხული! გაზეთში წავიკითხე, რომ მანდ, შენთან, საქრთველოში, თბილა. 20-25 გრადუსია სითბო. თესვა დაიწყო, აყვავდა ნუში და ა.შ. დამიკოცნე მაგ ზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება! ჩემო ძვირფასო! ტიტანური ძალით მინდა, რომ მოგეხვიო. ეხ, შგხვდები კი ოდესმე?! მაგრამ შორს ეს ფიქრები – ეს დემონი ჩემი სულისა! ძვირფასო ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი შენზე. შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!! თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი.

ძვირფას გალკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს – უნდა შეიტყოს შენი ჯამრთელობის, შენი ცხოვრების ამბავი, გკოცნით, გკოცნით შენ და შენს ქმნილებებს.

ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩურჩულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სინათლის ციმციმს, ტალღებს…

ძვირფასო, უკვე მიჭირს წერილის მოწერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს, მშვიდობით!“

ციხიდან უგზავნიდა ოლია გალაქტიონს წერილებს, რაც 1941 წლის 30 აგვისტოს შეწყდა…

მაშინ მიხვდა გალაქტიონი რომ მისი მეუღლე დაიღუპა.

ავტორი: სოფია ხვიბლიანი

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი