• რა ასაკში დაიწყეთ ლექსის წერა?
  • პირველი ჩანაწერი გავაკეთე ბავშვობაში, ალბათ ესე ვიქნებოდი მე-5 კლასში, ვწერდი ჩემთვის და საზოგადოებას არ ვაცნობდი. პირველად ჩემი წარდგენა მოხდა, პირველ კურსზე „ღია უნივერსიტეტში“, სადაც გავაკეთე პერსონალური საღამო.
  • ყველა ლექს ერთნაირი ემოციით კითხულობთ?
  • არ არსებობს ერთი დონის ემოცია, ამ ცხოვრებაში, ერთნაირი დინება, სიარული, ხასიათი.
  • თქვენი ლექსები რა აურას ქმნის?
  • პირველ რიგში ტკივილია, რომელიც სიმართლეა და რომელზეც ბევრი თვალს ხუჭავს, მაგრამ ბოლოს ისე ხდება, რომ ლექს თვითონ მიჰყავხარ ცრემლებამდე. კარგი მკითხველი ყოველთვის ხვდება რას ვგულისხმობ, რისი თქმა მინდა.
  • ძირითადად ნეგატიურ ლექსებს რატომ წერთ?
  • ჩემი ლექსების 90% ში იცით როგორ ხდება? მთლიანი ჩარჩო ლექსის მოდის, მოდის, გახვედრებს თუ ვინ ხარ, სად ხარ. ეს ის ადგილია, სადაც ყოველთვის არის ერთი გადარჩენა, რასაც უნდა ჩაებღაუჭოს მკითხველი და მიხვდეს, რომ ეს არის სიცოცხლის გაგრძელება.
  • დაგიწერია ისეთი ლექსი, რასაც შენი ან ვინმეს ცხოვრება შეუცვლია?
  • კი, ჩემი ცხოვრებაც და ბევრი ადამიანისაც, იყო ესეთი ფაქტი, ერთი გოგო მწერდა, რომელსაც ორი ძმა ჰყავდა გარდაცვლილი, ადიოდა ძმების საფლავზე და ჩემს ლექსებს კითხულობდა, რადგან ერთ-ერთს უყვარდა ჩემი ლექსები. რაც შეეხება მეორე შემთხვევას , ერთი ბიჭი ციხიდან გამოვიდა, ცოლთან ჰქონდა პრობლემები, ცოტა ინტიმური თემაა, მაგრამ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა და ამ პრობლემების მოგვარებაში ჩემი ლექსებიც დაეხმარა. არის კიდევ ბევრი მსგავსი მაგალითები, რომლებსაც არ მოვყვები. ჩემს შემთხვევაშიც მომხდარა  მსგავსი რამ, დამიწერია ლექსი და უკეთესი გავმხდარვარ, რადგან ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც კი ამ ცხოვრებაში განმიცდია ლექსის წერაა, მერე იცვლება რაღაცა. ექვივალენტი ხომ აქვს ადამიანს? რომელსაც ცუდისკენ მიჰყავხარ, ეგრევე ხვდები, რომ მარცხნივ არ უნდა წახვიდე და აგრძელებ პირდაპირ გზას, სადაც ღმერთია, ადამიანია, გადარჩენაა, ხსნაა, სულიერი კათარზისის ამბავია, ინანიებ რაღაცეებს და სიკეთისკენ მიდიხარ. ხდება პირიქითაც, მაგრამ ეს იშვიათ შემთხვევაში, როცა ძალიან დეპრესიაში ხარ, როდესაც რაც გაქვს გულში, იმას მიჰყვები.
  • რამდენად დეპრესიული ხართ?
  • მაქვს მომენტები, როცა საკუთარ თავში ვიკეტები და ბრძოლა მაქვს საკუთარ თავთან.
  • ეს პოეტური თვითგვემაა?
  • ეს თვითგვემა არაა, ეს, ესე არ ხდება, მოდი ახლა, დღეს, მე დეპრესიაში უნდა ვიყო, ხვალ ცუდი დღეა, ცუდი ამინდი. შინაგანად რაღაც პრობლემები ილექება, გროვდება, არ გასვენებს და ეძებ ხსნას, მე ამ პრობლემებს ლექსის წერით ვაგვარებ, ზოგი ხატვით, დაკვრით და ა.შ როცა ვხედავ, რომ ვიღაცა თავჩაქინდრულია და ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული, მივდივარ და ვაფხიზლებ ვხვდები, რომ იმ მომენტში, ესაა ჩემი მისია და ზოგჯერ მეც მიბრუნებენ ამას და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა. ერთს ვიტყვი, რომ ცუდად ყოფნა საჭიროა, აუცილებელია, მერე სხვანაირია ბედნიერება, როცა ცუდიდან გადადიხარ კარგ ფაზაზე, ეს სხვა სრულყოფილი განცდაა.
  • რა სხვაობაა კოკასა და ალექსანდრეს შორის?
  • არაფერი, გამარჯობის მაგივრად ყველა მაგას მეკითხება, როცა გავჩნდი მშობლებმა კოკა დამარქვეს, ბიძის თხოვნა იყო, ალექსანდრე დაერქვათ და ასეც მოხდა, კოკას უბრალოდ ახლობლები მეძახიან.
  • ყოფილა შემთხვევა, როცა საკუთარი თავისათვის სუსტი გიწოდებიათ, შეგშინებიათ?
  • ერთადერთი რისიც მეშინია, საკუთარი თავია, ამ შიშს და საკუთარი თავის ვერ მართვას, იქამდე მივყავარ, რომ შეიძლება ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს ვატკინო გული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ამ აზრზე ვარ, მერე მოვდივარ გონს.
  • გული ატკინოთ, გააკეთოთ მაგალითად რა ?
  • ისე მოვიქცე, რომ მას დაწყდეს გული, ეტკინოს. ისეთ დონემდე მივიდე, რომ მეც უკმაყოფილო ვიყო და ისიც. არის მომენტები, როცა სხვანაირად მიმყავს სიტუაცია და უხარიათ, მაგრამ მე მწყდება გული, რომ ვერ ვთოკავ თავს, რაც ალბათ ზედმეტი პირდაპირობის ბრალია. პირდაპირ, რომ ამბობ სათქმელს, გულზე ირეკლება, ზოგს სიამოვნებს ზოგს მწარედ ხვდება.
  • რა არის შენთვის ღირსება?
  • ღირსება არის ერთადერთი რამ, რითიც ადამიანმა კი არ უნდა, შეგაფასოს არამედ დაგაფასოს, შეიძლება შეგაფასონ ვიზუალური გამოხედვით, მანერით, ღირსებით ფასდები სიცოცხლეში და სიცოცხლის მერეც.
  • ქართველები სადღაც გავიჭედეთ, თქვენი აზრით სად ვართ?
  • ლევან სანიკიძეს აქვს დაწერილი „სიქველე და ღალატი“ სიქველე არის იმდენად ცოტა, მაგრამ ღირებული, ამ სულიერმა კათარზისმა იქამდე მიგვიყვანა, რომ დღეს ვარსებობთ, ერთი მუჭა ხალხი, როგორც ილია იტყოდა: მე თუ სახლს ვაშენებ, ჩემს აგურს შენც უნდა დაადო შენი აგური, შვილებმა, შვილიშვილებმა, რომ იცხოვრონ, როდესაც სახლი შენდება და სიცოცხლეს ემსახურება, ის არ კვდება. ქართველები ტრადიციული ერი ვართ, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის სუფრის ტრადიცია, მინდა ვთქვა, რომ მესამე ჭიქაზე გახსენებული საქართველო, არის ყველაზე დიდი, უკან დახეული ნაბიჯი, როდესაც შევზარხოშდებით მერე მოვუჭერთ ჭიქას ხელს და ვიტყვით ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს, რომელიც იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, სადაც დავითი, თამარი ცხოვრობდა და ეხლა ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას. ვერ ხვდებიან რა უნდა გააგრძელონ, წარმოდგენა არ აქვთ რა უნდა გააკეთონ. საქართველოს სადღეგრძელოს ვსვამ მორიდებით, ვიტყვი ერთ სიტყვას და მორჩა, ლექსის თქმის უფლებაც არ მაქვს, სადღეგრძელო არ არის ლექსი და მეორეც, ყველას არ აქვს ამ სადღეგრძელოს თქმის უფლება, რაღაც უნდა გააკეთო, ეს რომ დაიმსახურო. მსგავსი დამოკიდებულება მაქვს ჩოხის მიმართ, ყველას არ აქვს უფლება ეცვას ქართულ-ტრადიცული სამოსი, ბევრჯერ მიფიქრია, მაქვს უფლება ჩავიცვა ჩოხა? რა გავაკეთე ისეთი, რომ ჩვენი ყველაზე ძვირფასი ტრადიციული სამოსი, რომელიც „სტუმარ მასპინძლობიდან“ დაწყებული, საკუთარი ქვეყნის დედამიწიდან დამთავრებული, დაცვით ყველაფერს აკეთებდნენ ამ ჩოხით და მე რამე გავაკეთე ისეთი, რომ ამის ღირსი ვარ? შენ როცა ცხოვრობ, უნდა გეკუთვნოდეს. შენ იბადები თავისუფალი და გაქვს სიცოცხლის უფლება და ამ სიცოცხლეში, უნდა მოიპოვო საკუთარი ცხოვრების უფლება. რას ემსახურება ლექსის წერა, ის რომ აქ მუშაობ, ის რომ გლეხი ბარავს, ეს ემსახურება იმას, რომ საკუთარ თავში რაღაც ფუნქცია მოვნახოთ და სულ ძილი, ძილი არ იყოს. ყველაზე დიდი ხელოვანია ადამიანი, რომელიც მთაში ადის ბარავს, შრომობს ბუნებას ეფერება, ლაშქრავს და ღმერთთან უფრო ახლოსაა.
  • XXI საუკუნემ ადამიანებს რამე თვისება დააკარგვინა?
  • კი, კომუნიკაცია დააკარგვინა, უშუალო კომუნიკაცია ერთმანეთში, შეხვედრა, მოკითხვა. ცოტა შორს, რომ ვიხედები მეშინია, მგონია, რომ 50 წელიწადში ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს, შეიძლება გადმოვიდე ეკრანიდან და შევეხო ვინმეს, დღეს შეიძლება ვიყოთ ხუთი კაცი ერთად და ტელეფონებში ვიყოთ ჩამძვრალი, ეს ყველაფერი იწვევს ადამიანებს შორის სიცივეს. ჩვენ ის კომუნიკაცია დავკარგეთ, რომელსაც უფრო ღრმა სიყვარულში შევყავართ, როცა შეგვიძლია ბოლო ფაზაზე ვიყოთ და ვერ ვართ, იმიტომ რომ ტექნიკის განვითარებამ სადღაც დაგვკარგა, ერთმანეთს ვკითხულობთ სოციალური ქსელით, რაც გვიკარგავს სურვილს ადამიანს შეეხო, ჩაეხუტო, ანუ ეს სოციალური ქსელი, გონების რაღაც მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.
  • რა არის შენთვის სიყვარული?
  • სიყვარული არის ის, რომ თვალს ვახელ და მიხარია, მიყვარს ჩემი ძმაკაცები, მეგობრები, ახლობლები.
  • ქალ-ვაჟურ სიყვარულზე რას გვეტყვით?
  • ეს არის გრძნობა, რომელიც ყველაზე სუფთაა, რომელსაც დაცვა, გაფრთხილება, მოვლა სჭირდება, რაღაცას აშენებ და ამ სახლში, მარტო ორი უნდა შეხვიდეთ, შენი ნებართვის გარეშე, არ უნდა შემოუშვა არავინ. ეს ის გრძნობაა, რომელსაც ამყარებს და საფუძველს უყრის ნდობა და ურთიერთგაგება.
  • გყვარებიათ?
  • კი, მყვარებია, ეხლაც მიყვარს.
  • როგორი ხართ როცა გიყვართ?
  • ერთი ნაბიჯით უფრო სწრაფი ვარ, ერთი ნაბიჯით უფრო დაფიქრებული.
  • რა შეცვალა ამ სიყვარულმა თქვენს ცხოვრებაში?
  • დამაფიქრა, ცხოვრების გეგმა დამისახა, რომ არ შეიძლება, ჰაერზე ვიარო ლექსები ვწერო, მშრალ ხიდზე გადავიდე და გადმოვიდე, მომავალზე დამაფიქრა, ჩემთავზე, ოჯახზე, საკუთარი თავის გაგრძელებაზე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს მასში არის ის, რომ ჩემი ფერის თვალები აქვს, სხვა სამყაროდანაა, რომელიც უშუალოდ ჩემს სამყაროს უკავშირდება, ეს ის ადამიანია, რომელმაც დაალაგა ყველაფერი ჩემში და ერთ სწორ გზაზე მივდივართ.
  • რა კომენტარს გააკეთებდით თქვენს ბოლო პოეზიის საღამოსთან დაკავშირებით?
  • ბოლო პოეზიის საღამო იყო „90-ებიდან დღემდე“, იმ თემებს შევეხეთ, საიდანაც მოვდივართ, უშუქობას, უწყლობას, პურის რიგებს, ნავთის სუნს.  იდია იყო ის, რომ შეგვეხსენებინა ხალხისათვის საიდან მოვდივართ, გაგვეხსენებინა აფხაზეთი და დაკარგული ტერიტორიები, გავაკეთეთ შლაგბაუმი, სადაც შევქმენით  იმიტაცია ენგურის ხიდის, სადაც მესაზღვრე ჩვენი ლექსებიდან გამომდინარე ხსნის საზღვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერთიანდებით.
  • როგორც ვიცით რაღაცას დაპირდით მსმენელს.
  • წინასწარ არ მინდა თქმა, მაგრამ ეს იქნება ყველაზე ხმაურიანი რამ, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, გადავლახავთ საზღვრებს ჩვენს ძმებთან ერთად, ეს როდის მოხდება და რამდენი ჩავალთ, ამაზე კომენტარისგან ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ.
  • რას ეტყოდით თქვენს მკითხველს?
  • იკითხონ ბევრი და ნაკლებად მიაქციონ ყურადღება სოციალურ ქსელებს, youtube პოეზიას, რასაც შეცდომაში შეჰყავს მსმენელი, როცა მე ლექს ვკითხულობ, ყველაზე ცუდი ლექსი ისე კარგად შემიძლია წავიკითხო, რომ ის ცუდი დაგავიწყოთ და კარგი გაჩვენოთ და როცა შენ კითხულობ, უკვე სიშიშვლის წინაშე დგახარ, შენ შეგიძლია ყველა წერტილიდან მძიმემდე გაშიფრო.

ავტორი: სოფი ხვიბლიანი
 

147 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი