ნონა ხიდეშელი ამბობს:  “სიყვარული არის გონების მდგომარეობა, როცა შენ უბრალოდ კაცობრიობა გიყვარს, როცა შენ აღარ შეგიძლია არ გიყვარდეს. გიყვარს თავისი ნაკლით, არასრულფასოვნებით. კი არ ითხოვ, არამედ გასცემ, არ ითხოვ კარგად მოგექცნენ – შენ ექცევი კარგად, გინდა სითბო შენ გასცე, გინდა სიახლოვე – შენ მიდიხარ პირველი და წამოგყვება იმდენად რისი საშუალებაც აქვს და რისი პოტენციალიც, მაგრამ ისეთი იდეალი მხოლოდ შენ შეგიძლია იყო სიყვარულში როგორიც წარმოგიდგენია.”

  • რა არის სიყვარული?

ზოგადსაკაცობრიო მოთხოვნა, რაც არსებობს ადამიანი და რაც ცხოვრობს. საერთოდ ვფიქრობ, რომ რასაც ეძებს ადამიანი – ეს სიყვარულია, რაც ნამდვილად ანიჭებს ბედნიერებას – ეს სიყვარულია, რაც აბსოლიტურ თავისუფლებას განიჭებს – ეს სიყვარულია. ცნობილი ფრაზაა: „ადამიანს, რომელსაც შეუძლია სიყვარული მას აღარ სჭირდება წესები, დისციპლინა, კანონი.“ მაგრამ ისიც საინტერესოა, რომ ეს გრძნობა თითქმის მარადიულ ოცნებად რჩება დედამიწაზე. ადამიანი მოდის, ცხოვრობს სიყვარულისთვის და ისე მიდის, რომ არაფერი რჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრს ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ სიყვარული არის ცნობიერების მდგომარეობა და არა გრძნობა. ძალიან ხშირად ვეძებთ იმას რაც ჩვენშია, რაც ჩვენში უნდა აღმოვაჩინოთ, შემდეგ უნდა გავუშვათ გარეთ და ამ გაცემით ხდები საკუთარი თავის მმართველი და აღძრავ სიყვარულს. როდესაც ვამბობთ: მე მინდა სიყვარული, მე ვეძებ სიყვარულს, ამ დროს საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ სიყვარული და ამაში გვიშლის ხელს საკუთარი ეგოცენტრული დამოკიდებულება, ჩვენი მუდმივად ეგოისტური ხედვა ცხოვრებაზე: მე, ჩემი, ჩემი საკუთრება, ჩემთვის მინდა, სიყვარული ეს არ არის დაჭერა, მიბმა. პირიქით ეს არის გაშვება, თავისუფლება, გაცემა, უცნაური მდგომარეობა – თითქოს მიდიხარ და სამყარო მოგდევს.

  • სიყვარული მითია თუ რეალობა ?

მითია რომეო და ჯულიეტა, რომელსაც ძალიან ტრაგიკული დასასრული ჰქონდა და არავინ იცის ასე რომ არ დამთავრებულიყო რამდენ ხანში მობეზრდებოდათ ერთმანეთი. თუ ჩვენ კონკრეტულად ქალის და მამაკაცის სიყვარულზე ვსაუბრობთ, მაშინ მარადიული გრძნობაა და არა პიროვნება. ჩვენ სულ პროექციებს ვაკეთებთ, სიყვარული საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. უცნაურია ადამიანი, მას სჭირდება სიახლეები, ცვალებადობა. ძალიან მაღალი უნდა იყოს ცნობიერება, რომ მან შეძლოს რაღაც მონიგამებით ერთი უყვარდეს, მაგრამ იქაც საკმაოდ დაწმენდილი უნდა იყოს ეგო, საკუთრების განცდა. ეს უნდა იყოს ორი ადამიანის თავისუფალი ნებაყოფლობითი ურთიერთობა, მაგრამ დღევანდელი გონებრივი მოცემულობით არ შეუძლია ადამიანს ეს. მე, როგორც ფსიქოლოგი ვაკვირდები, იღლებიან ერთმანეთისგან, წურავენ და შემდეგ ეს ყველაფერი ხშირად გადადის აკვიატებაში, როდესაც ადამიანზე აკეთებ პროექციას. გადასარევად ხსნის ამ ყველაფერს ანიმა და ანიმუსის მომენტი ფსიქოლოგიაში, შენი შინაგანი მამაკაცი ქალისთვის და შენი შინაგანი ქალი მამაკაცისთვის. არაცნობიერის მოტივები გადაგვაქვს ერთ ადამიანზე და პრაქტიკულად მაინც გამოდის, რომ შენ ღირსებებს აწერ იმ ადამიანს. შენ მოგეწონა კონკრეტული ადამიანი, რომელმაც გააქტიურა ეს შენი ანიმუსი, უკვე ყველა თვისებას აწერ მას რაც სინამდვილეში არ გააჩნია. ერთ ქართულ ფილმშია: „შენ შესვამ კაცს კვარცხლბეკზე და აღარც კი აძლევ იქიდან ჩამოსვლის საშუალებას და არც ეკითხები შეუძლია თუ არა მას იქ ჯდომა“ . აუცილებლად უნდა ვიკითხოთ, შეუძლია მას იქ ყოფნა? ან ასე იდეალად ყოფნა, როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. მერე ის ხდება ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც ჩვენ და აღარ მოგვწონს. მერე გვგონია, რომ ის  იდეალი აღარ არის და იკარგება. თუ დააკვირდები, ჩვენ იდეალები გვიყვარს და არა ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენ ჩვენი წარმოდგენები გვიყვარს სიყვარულზე და მე ვთვლი, რომ ეს არ არის სიყვარული, ეს ის ეგოა, განპირობებული გონების თამაშებით. ამ დროს ძალიან დაწმენდილი უნდა იყოს გონება ეგოსგან, იქ სექსუალური მხარე უნდა იყოს მოგვარებული მთლიანად, რომ სიყვარულით მიხვდე და სიყვარული განიცადო, როგორც მდგომარეობა.

სექსულიური ლტოლვა და სიყვარული არის ორი სხვადასხვა თემა, საერთოც კი არ აქვთ ერთმანეთთან. მეორე თემაა, რომ ლტოლვა არსებობს ყველგან, მაგრამ როცა ვსაუბრობთ სიყვარულზე, სექსი არაფერ შუაშია. ახლა, რაც შეეხება თავისუფალ სექსუალურ ცხოვრებას  სექსუალური ენერგია, რასაც ლიბიდოს ვეძახით 13-14 წლის ასაკში იწყებს გამოვლენას. ხშირად იმდენად ძლიერი და დამანგრეველია, თუ არ მოხდა სუბლიმაცია ან გარდაქმნა, დაკმაყოფილება, აბსოლიტურად ადამიანს შლის, ხდის უუნაროს, რეგრესულს, ვერ სწავლობს, რადგან ეს ენერგია ძალიან აწუხებს. დასავლეთის მაგალითზე გეტყვით, რომ ამ “Boyfriend” – ობის ინსტიტუტმა და თავისუფალმა სექსმა ძალიან პოზიტიური როლი ითამაშა. ოჯახებიც უფრო სერიოზულ ნიადაგზე იქმნება, პროდუქტიულები არიან ყველაფერში. შეხედეთ ქვეყნები როგორ განვითარდნენ. ჩვენთან ეს მაინც აკრძალული ხილია, ყველაფერი აკრძალულად კეთდება. აბორტების რიცხვი არასრულწნოვნებში იმდენად ხშირად კეთდება, თითქმის ჩემპიონები ვართ. რატომ? არ არის სათანადო სექსუალური აღზრდა, სიჯანსაღე, ყველაფერი ჩუმად ხდება, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება და აბორტის მერე სრულიად ინგრევა ადამიანის ფსიქიკა. ჯანსაღი მიდგომა გვჭირდება სექსთანაც, სიყვარულთანაც. ტრადიციები გვერდზე უნდა გავწიოთ, ჩავრთოთ სპეციალისტები: სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, რომ სწორი აზროვნება შეიქმნას. ამ ყველაფრის სუბლიმაცია იმას ნიშნავს, რომ გარდასახვა მოხდეს, ახალგაზრდა უნდა იყოს დაკავებული, დიდი ენერგიის წვა უნდა მიდიოდეს. აქ რა ხდება? არავითარი ასპარეზი – ყველა სფერო გაყინულია.

  • გამოთაყვანებული ერი ვართ ?

გამოთაყვანებული ერი არ ვართ, ზოგადად ადამიანია გამოთაყვანებული, იმიტომ, რომ ძალიან პრიმიტიულ სურვილებს დასდევს ადამიანი. ასეთი ტრადიციების კულტი ყოველთვის შობს ტრაგედიებს. გოგონას არ უნდა გათხოვება და ოჯახი აძალებს როდემდე, როდემდე, ხშირად შეურაცხმყოფელიცაა ეს დამოკიდებულება. გარშემო გეკითხებიან :„უი, არ გათხოვილხარ, საწყალი, რას ელოდები“. ამ წნეხს ვერ უძლებენ გოგონები. გამოჩნდება ვიღაც ნორმალური, მიჰყვებიან, მერე იწყება ახალი მარაზმი და კვლავ გრძელდება ოცნება სიყვარულზე.

  • ამ ყველაფერში რელიგია რა როლს თამაშობს ?

რელიგიაც ძალიან დიდ როლს თამაშობს, რომელიც ყველაფერს კრძალავს. ჯერ კიდევ წინა თაობა ცოცხალია, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს. ჩვენ ერთი რამე არ გვესმის, რომ  ინტერნეტის შემოსვლამ, ბოლო თხუტმეტმა წელმა, ერთი საუკუნით გადაახტუნა ეს ახალი თაობა,ძველი თაობა ისევ იქ დარჩა და ახალი თაობა კოსმოსშია. დიალოგი აღარ არის მათ შორის და ნახეთ, რა არის შედეგი: ქილიკი, ცინიზმი, შეურაცხყოფა. ძველ თაობას საერთოდ ვერ წარმოუდგენია რასაც ახლა უყურებს. ახალი თაობა საერთოდ ვერ უგებს მშობლებს. ამას ერთვის ფინანსური პრობლემები. ამ ყველაფერში სახელმწიფოს როლი არის საშინელება. წინა  და მოქმედი ხელისუფლების მხოლოდ პოპულისტური გამონათქვამები.  საჯარო მოხელეებზე მიდის  პრემიები, ხელფასები.

აი, რა კარგ თემაზე დავიწყეთ საუბარი და ბოლოს მაინც რა მძიმე რეალობასთან მივედით. დავიწყეთ ღიმილით სიყვარულზე, მაგრამ  ისეთი მძიმეა რეალობა ვერ გავექცევით.

და ბოლოს სიყვარული, ალბათ, არის სამყარო. რისთვისაც ღირს არსებობა დედამიწაზე  და რაც ატრიალებს სამყაროს სიყვარულია.

ავტორი: სოფი ხვიბლიანი

236 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი